Site icon Civil.ge

ოკუპირებულმა ცხინვალმა „პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს“ და მის ცოლს პატიმრობა მიუსაჯა

ფოტო: Unsplash.com

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „უზენაესმა სასამართლომ“ 20 ივლისს „პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს“, სერგეი ლიპინს და მის ეთნიკურად ქართველ ცოლს „სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებით 16 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცოლ-ქმარი 2019 წლის ივლისში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის „სახელმწიფო საიდუმლოების“ სავარაუდო გადაცემის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა ლიპინი მისი მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა 2020 წლის ანგარიშში – „თავისუფლება მსოფლიოში“ – აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი“ და რომ „სეპარატისტული ხელმძღვანელობის ოპონენტების დასჯის მიზნით, მართლმსაჯულების სისტემის მანიპულირება ხდება“.

ამ კონტექსტში, ორგანიზაცია სერგეი ლიპინის და მისი მეუღლის საქმეზე „დახურულ გამოძიებასაც“ შეეხო. „ადგილობრივი დამკვირვებლები შესაძლო „კუდიანებზე ნადირობის” შესახებ საუბრობენ, რაც რეგიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ხორციელდება და რომლის მიზანიც 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლების აღკვეთაა“, – განაცხადა Freedom House-მა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)