Site icon Civil.ge

საქართველოს საკითხი წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ასიგნებების აქტში

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა, რომელშიც კონგრესია განთავსებული, წყარო: unsplash.com

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს, 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ, 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომლის რამდენიმე პასაჟი საქართველოსაც ეხება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ქვეყანამ ამერიკისგან არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარის დახმარება უნდა მიიღოს. თუმცა, საქართველოს მთავრობისათვის გათვალისწინებული 15%-ის გამოყოფა, ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, აქტით გათვალისწინებულ დახმარებას ვერ მიიღებენ იმ ქვეყანათა მთავრობები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

„ამ აქტით გათვალისწინებული არცერთი დახმარება არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად“, – ხაზგასმულია დოკუმენტში.

ამასთან, კონგრესის ქვედა პალატა ამ აქტით აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალდებულებს, შეეწინააღმდეგოს ან ვეტო დაადოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ნებისმიერი სახის მხარდაჭერის გაცემას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ იქნება მიმართული.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხები, ევროკავშირთან ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების განხორციელებას, ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირებას უნდა მოხმარდეს“.

იმ ფონზე, როდესაც რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის მქონე სენატს ამ დოკუმენტზე ჯერ არც კი უმსჯელია, თეთრმა სახლმა 23 ივლისს უკვე განაცხადა, რომ ქვედა პალატაში დემოკრატების წინამძღოლობით მიღებულ ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)