გენერლურმა პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიასა და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს, მათე ღვინჯილიას უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივლისს, თემურ და მათე ღვინჯილიებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან ავტომანქანით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მართავდა, 34 071 ლარის ღირებულების 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი შემოიტანეს.
საგამოძიებო ორგანო ბრალდებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის ჯგუფურად გამოშვებას, შენახვას, რეალიზებას ან გადაზიდვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულები სამართალდამცველებმა გუშინვე დააკავეს. პროკურატურამ მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების სიით მოხვდა. მას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი 2014 წლიდან ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)