🇪🇺 დიდი შეკრების დღეა დღეს: კორონავირუსის პირობებში პირველად შეიყრებიან პირისპირ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები. განსახილველი თემა ტრილიონზე ბევრად მეტი ევროს გადანაწილებაა, რომელმაც კონტინენტს ეკონომიკური კრიზისის ტკივილები უნდა დაუამოს და ხალხს მომავლის რწმენა ჩაუნერგოს. სამიტის წინ სიტყვაც ბევრი ითქვა, მელანიც ბევრი დაიღვარა და კალკულატორებსაც კლავიშები მოეცვითა. ზურგში ჩასაცემი დანებიც ალესილია. ჰოდა, სცენაზე გამოსვლის დრო დადგა.
🇪🇺 აი სცენის მომზადება კი, დღევანდელ პირობებში, იოლი საქმე არაა. არავის უნდა (ან, უკეთ, ბევრს ბარემ უნდა კიდეც…) რომ ბრიუსელში ძლიერთა ამა ქვეყნისათა კლასტერი შეიქმნას. ჰოდა, ამის თავიდან ასაცილებლად ფრიად საგანგებო ზომებიც მიუღიათ: მკაცრადაა განსაზღვრული შესასვლელ-გასასვლელი ბილიკები. 300 კაცზე გათვლილ დარბაზში დღეს 31 ადამიანი ისხდება, დისტანცირების მიზეზით.
🇪🇺 სახელმწიფოთა მეთაურების ამალის სიდიდე მესამედამდე შემცირდა (ჩვეულებრივ მათ 19-მდე მრჩეველი და ასისტენტი ახლავთ თურმე, დარგობრივი მიმართულებების მიხედვით) და ისინი ამჯერად ზურგს კი არ გაუმაგრებენ უფროსებს, არამედ სულაც სხვა სართულზე ისხდებიან. გულმავიწყ, მრჩევლების პირში შეჩერებულ ლიდერებს არ გაუმართლათ. ფენომენური მეხსიერების მქონე მაკრონი და მერკელი ალბათ ისე იგრძნობენ თავს, როგორც თევზები წყალში, თუმცა მათი მეტოქეები, ხელმომჭირნეთა თავკაცი ჰოლანდიელი რუტტე და ყმაწვილი ავსტიელი კურციც არ არიან ჯაბანნი.
🥂 თუკი დღე მშვიდობით ჩაივლის, საღამოს მოლხენაც შეიძლება – პორტუგალიელ პრემიერ კოშტას და კანცლერ მერკელს დღეს თურმე დაბადების დღე აქვთ. დანიის მიტტე ფრედრიკსენმა კი თურმე სულაც ოთხშაბათს იფსკვნა ჯვარი – როგორც გახსოვთ, მას უკვე მოუწია ერთხელ ქორწინების გადადება ევროკავშირის სამიტის გამო და, როგორც ჩანს, სულგრძელმა გულის მურაზმა აპატია. წამოუღო თუ არა დანიელმა პატარძალმა ტორტის ნაჭერი თანამშრომლებს? აი კითხვა, რომელიც მხოლოდ ქართველებს თუ შეგვაწუხებს.
🇪🇺 მიაღწევენ კი დღეს კომპრომისს ევროპელი ლიდერები? მცოდნე ხალხი ამბობს, რთული საქმეა, მაგრამ გამორიცხული არაა, რადგანაც ყველას ეკონომიკას უჭირს და ფულის ნაკადი არავის აწყენსო. თანაც, კანცლერი მერკელი თურმე შვებულებაში გასვლას აპირებს და თქვენი გულისთვის თუ სახლში დარჩენამ მომიწია, ფრიად გავბრაზდებიო, დამუქრებულა.
☣️ სამიტი სამიტად და ამასობაში, ამერიკელ, ბრიტანელ და კანადელ მზვერავებს უთქვამთ, კორონავირუსის ვაქცინის მაძიებელი ორგანიზაციების კომპიუტერულ მონაცემებში ვიღაც უშნოდ აფათურებს ხელსო. დაუსახელებიათ კიდეც, საქმეს კობერ-კრიმინალური დაჯგუფება APT29-ს თითის ანაბეჭდები ატყვია, რომელიც “თითქმის დარწმუნებით ვიცით”, რომ რუსეთის მთავრობისაგან იმართებაო.
🇲🇰 საარჩევნო კალენდარზე ჩრდილო მაკედონია იყო ოთხშაბათს და ხუთშაბათისთვის გამარჯვებული ცნობილი იყო – მმართველმა სოციალისტებმა იმარჯვეს ზორან ზაევის თამადობით, თუმცა კონსერვატიულ პარტიასთან თითქმის თანაბრად გაინაწილებენ მანდატებს – სოციალისტებს 46 ექნებათ, კონსერვატორებს 44, 120 კაციანი პარლამენტის დანარჩენ სავარძლებს კი უფრო წვრილი პარტიები შეავსებენ. ზაევის წარმატება იმითაა განპირობებული, რომ ჯერ ერთი, ქვეყნის სახელდებასთან დაკავშირებული კრიზისი საბოლოოდ გადაჭრა და მეორეც – ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების გამართვის თითქოს გაცუდებული მცდელობა საბოლოოდ მაინც წარმატებით დაგვირგვინდა.