Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 20 ივლისი

🇪🇺 უძილონი სიეტლში? არა, ბრიუსელში. დღე და ღამე გაასწორეს ევროპელმა თავკაცებმა და თავქალებმა ბრიუსელში, რომ როგორმე ევროკავშირის ბიუჯეტისა და ფინანსური დახმარების გეგმაზე, შეთანხმებულიყვნენ, თუმცა ამაოდ. სამიტის სამი დღე ისე მიილია, მაინც ვერ შეთანხმდნენ კორონავირუსისაგან დაზარალებული კონტინენტის ხელახლა ასაღორძინებლად საჭირო ბიუჯეტის საერთო თანხაზე; ვერ მორიგდნენ, ბიუჯეტის გეგმიდან ვის, რამდენით და რა პირობებით გაუმართონ ხელი. დავის ყველაზე მტკივნეულ საკითხს კვლავაც მთლიან თანხაში გრანტებისა და სესხების წილი წარმოადგენდა.

🇪🇺 ის დრო წავიდა, როცა პარადი საფრანგეთსა და გერმანიას რომ მიჰყავდათ, როცა ამ ორის ნაკეთებს ყველანი თავს უქნევდნენო, უთქვამს ავსტრიის კანცლერ სებასტიან ქურცს და დაუყოლებია, ახლა კეთილი ინებონ და სხვების აზრიც გაითვალისწინონო. ბატონი ქურცი, მოგეხსენებათ, უნებლიეთ ეგრეთ წოდებული ხელმომჭირნე ქვეყნების ერთ-ერთი მედროშე გახლავთ. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა თურმე მსუბუქ ემოციურ ზეწოლასაც კი მიმართეს. კერძოდ, ფრაუ მერკელს უთქვამს, მართალია, ძლიერ მონდომებულნი ვართ, რაც შეიძლება მალე გადავჭრათ ჩვენ წინაშე არსებული ეს დიდი გამოწვევები, თავს მაინც ვერ დავდებთ, რომ ამ შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთო. მესიე მაკრონსაც მხარი აუბამს, ან ჩვენს პირობებს დაყაბულდებით, ან არადა, გარეთ თვითმფრინავი მელის, უკან პარიზს ვარ მისაბრუნებელიო. ამის პასუხად სებასტიან კურცს არხეინად დაუტოვებია დარბაზი, რათა სატელეფონო ზარისთვის ეპასუხა. ამასობაში ხელმომჭირნე ოთხეულს ფინეთიც შეკვრია.

🇪🇺 დღეს ნაშუადღევს ისევ გააგრძელებენ ევროპის მეჭაპანეები სამიტს. საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტის მეოთხე დღესაც არ დაყარა ფარ-ხმალი – ნელა მივიწევთ შეთანხმებისკენ, მაგრამ ჯერ იქამდის მაინც შორიაო, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, გვირაბის ბოლოს სინათლე მოსჩანს.

🇪🇺 დიდ რეფორმებს გეგმავს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი გენერალურ სამდივნოში. განუზრახავს სპეციალური ჯგუფი ჩამოაყალიბოს, რომლის მთავარი დავალება იქნება კორონავირუსით მიღებული ეკონომიკური ზარალის აღკვეთა. ამის გამგონე მისმა კოლეგებმა თავი შორს დაიჭირეს, ჯერ ფული შეიგულე და ფინანსური ხსნის არმია მერე ჩამოაყალიბეო, შეუთვალეს ქალბატონ ლაიენს.