🇭🇺 ცენტრალური ევროპიდან დავიწყოთ. უნგრეთის ყველაზე პოპულარული ონლაინგამოცემა „ინდექსი“ შესაძლოა ორბანის მთავრობის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდესო, იუწყებიან ბუდაპეშტიდან. ოთხშაბათს გამოცემის მეპატრონე ფონდის უფროსობას მთავარი რედაქტორი საბოლჩ დული დაუთხოვია. ოფიციალური მიზეზი ამ დათხოვნისა ისაა, რომ მთავარმა რედაქტორმა ერთი თვის წინანდელი განცხადებით, რომ „ინდექსის“ დამოუკიდებლობა საფრთხეშია, გამოცემა ცუდ საბაზრო პირობებში ჩააგდოო. ბატონი დული კი სარედაქციო გუნდს შეხვედრია და უთქვამს, კარგა ძალი ფული შემომთავაზეს პირში წყლის ჩაგუბებისა სანაცვლოდ, თანამდებობაზეც დატოვებას შემპირდნენ, თუმცა ამაზე უარი ვთქვიო. დულს დაუყოლებია კოლეგებთან, აბა ახლა თქვენ იცით, არ გაჩუმდეთო.
🇭🇺 ორბანის მთავრობისადმი უჩვეულოდ კრიტიკულ მედიაგამოცემა ინდექსს“ ფლობს ფონდი, რომელსაც შემოსავლები კომპანია „ინდამედიადან“ აქვს – ამ უკანასკნელის მმართველები კი ორბანის მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან.
🇷🇺 ჩრდილოელ მეზობელთან გადავინაცვლოთ. ცნობილ რუს ისტორიკოსს იური დმიტრიევს, რომელიც სტალინისეულ დანაშაულებს იკვლევს, თავისი შვილობილის სექსუალური შევიწროების ბრალდებით სამნახევარი წლით ციხე მიუსაჯეს. დმიტრიევი თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამბობს, ციხეში იმიტომ გამიშვეს, რომ სტალინის შავ-ბნელ წარსულს ვიკვლევ, რაც რუსეთის მთავრობას არ სიამოვნებსო. დმიტრიევი თავდაპირველად 2016 წელს „ბავშვთა პორნოგრაფიის“ გამო დააკავეს, შემდეგ კი უკანონოდ ცეცხსასროლი იარაღის ნაწილების ფლობა დაუმატეს ბრალდებად. 2018-ში ისტორიკოსს იარაღის გარდა ყველა სხვა ბრალდება მოუხსნეს. თუმცა ორ თვეში, მის შვილობილთან გამომძიებლის ინტერვიუს შემდეგ, საქმე ისევ შეაბრუნეს სასამართლოში და ამჯერად, ისტორიკოსს შვილობილის სექსუალური შევიწროების ბრალდებაც დაუმატეს. საქმეში ჩახედულ ენათმეცნიერებს უთქვამთ, შვილობილ გოგონაზე გამომძიებლებმა სასურველი ჩვენების მისაღებად ზეწოლა განახორციელესო.
🇪🇺 ბრიუსელისკენ გავსწიოთ. ძლივს მიღწეულ შეთანხმებას ევროკავშირის ბიუჯეტსა და კორონავირუსის ფონდებზე ევროპარლამენტში წინააღმდეგობა ელოდებაო, წერენ ბრიუსელში. პარლამენტი უკმაყოფილოა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა მიმართულებაზე ხარჯების შემცირებას დაუჭირეს მხარი. პარლამენტს ისიც არ სიამოვნებს, რომ თანხის გაცემა წევრი ქვეყნებისათვის „კანონის უზენაესობის“ პრინციპის დაცვის მოთხოვნაზე არ იქნება დამოკიდებული. „ვერავინ გვაიძულებს, მხარი დავუჭიროთ ცუდ შეთანხმებასო“ – წერია თურმე რეზოლუციაში, რომელსაც პარლამენტი დღეს უყრის კენჭს. ევროკავშირის 7 წლიანი ბიუჯეტი და კორონა-ფონდები დამტკიცებულად მაშინ ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტიც დაუჭერს.