🇭🇺 ცენტრალური ევროპიდან დავიწყოთ. ამ რამდენიმე დღის წინ უნგრეთის მედიის ერთ-ერთ უკანასკნელ ბასტიონზე – „ინდექსზე“ – მოგიყევით. როგორც მოგახსენეთ, გამოცემის მთავარი რედაქტორი გადააყენეს, რომელმაც თავის ჟურნალისტებს უთხრა, არც არსად გამიშვებდნენ, თუ პირში წყალს ჩავიგუბებდიო. პარასკევს რედაქტორს სარედაქციო გუნდის დიდი ნაწილი მიჰყოლია უკან. 70-მდე თანამშრომელს განუცხადებია, რედაქტორის დათხოვნით ჩვენი თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა – არავინ ჩერიოს ჩვენს საკადრო პოლიტიკაში – ირღვევაო.
🇹🇷🇬🇷 პარასკევს, სტამბოლში, აია სოფიაში 80 წლის შემდეგ პირველად გაისმა ლოცვა. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის სასამართლომ 1934 წლის კანონი გააუქმა, რომლითაც აია სოფიას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ამით, პრეზიდენტ ერდოღანს გზა გაეხსნა დიდხნიანი სურვილი აესრულებისა და აია სოფია კვლავაც მეჩეთად გადაკეთებისაკენ. მეექვსე საუკუნეში აშენებული აია სოფიას ტაძარი ბიზანტიური არქიტექტურის შედევრს და ბევრი ქრისტიანისათვის უძვირფასეს ადგილს წარმოადგენს. ნეიტრალური მუზეუმის სტატუსის ჩამორთმევამ, არაა გასაკვირი, ბევრი განარისხა, განსაკუთრებით – ბერძნები, თუმცა ამ ნაბიჯით ერდოღანმა ისლამისტებისა და ნაციონალისტების გულს კი მოუფონა. თურქეთის პრეზიდენტს გუშინდელი ლოცვისას კამერებთან უკეკლუცია და ყურანიდან ციტატებიც წაუკითხავს.
🇷🇺 რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში მესამე კვირაა გრძელდება პროტესტი რეგიონის გუბერნატორ სერგეი ფურგალის დაკავებისა და პრეზიდენტ პუტინის რეგიონისადმი პოლიტიკის წინააღმდეგ. ფურგალი 9 ივლისს წლების წინ მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამ ბრალდებას არ იზიარებს თავად ფურგალი და მისი მომხრეები, რომლებიც ამბობენ, გუბერნატორის დაკავება პოლიტიკურადაა განპირობებული და სამართალთან კავშირი არა აქვსო. შაბათს აქციაზე ქალაქში ათასობით ადამიანი გამოსულა ქუჩაში. ადგილობრივ მედიას 20 000 კაცი დაუთვლია, ქალაქის ხელმძღვანელებს კი უთქვამთ, 6500 ადამიანი გამოვიდა გასაპროტესტებლადო.