Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 27 ივლისი

🇬🇧 საჩოთირო ამბავი შემთხვევიათ ბრიტანელებს: ის იყო ტრანსპორტის საქმეთა თავკაცს ოჯახთან ერთად დასასვენებლად ესპანეთისკენ გაუწევია, რომ მისსავე სამინისტროს ბრძანება გამოუცია, ამ ქვეყნიდან მობრუნებულ ხალხს 14 დღე კარანტინში ვუკრავთ თავსო. ოპოზიცია და პრესა აღშფოთებულან – ეპიდემიასთან დაკავშირებით მთავრობა იმდენად უთავბოლოდ მოქმედებს, კაცმა საკუთარი სამინისტროს გეგმები არ იცისო. ნაბრექსიტალ-ნაკოვიდალი კუნძული ნამეტანი გაუშინაურდა დამცირებასა და კონტინენტის მკვიდრთა დაცინვას. რაღაც არა გვგონია, ქედმაღალი ბრიტანელები ამით ხარობდნენ… საარჩევნო ყუთთან გამოჩნდება, ვინ რა ცომითაა ნაზელი…

🇪🇺 ევროპელმა ლიდერებმა კოვიდისგან გადარჩენის პაკეტსა და მრავალწლიან ბიუჯეტზე შეთანხმების შემდეგ ჩემოდნების ჩალაგება დაიწყეს. ოღონდ, სად იყო და სად არა, ევროპის ორმა ამრევმა – უნგრეთმა და პოლონეთმა მსწრაფლ გაუჩინეს თავსატკივარი. ვარშავა ამბობს, საბოლოო დეკლარაციაში ნათლად წერია, რომ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვაზე დასკვნას ევროპული საბჭო, ანუ ევროპელ ლიდერთა საფიხვნო იღებსო. შარლ მიშელი, ამ საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს ასე არაა საქმე, განცხადებაში ნათლად ჩავწერეთ, რომ კანონის უზენაესობის პირობების შესრულება დახმარების წინაპირობაა, ეგ ცალკე საქმეა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება კი – ცალკეო. თუმცა მიშელი თავად აღიარებს, კერძოდ რა პროცედურას გამოვიყენებთ, ჯერ არ ჩამოგვიყალიბებიაო. ასეთია კომპრომისის ბუნება, ყველა მონაწილე სათავისოდ ექაჩება საბანს. გერმანიამ, რომელიც ევროპულ საბჭოს თავმჯდომარეობს, დაიბარა, გავედი ახლა მე და ამ საქმეს საზაფხულო არდადეგების მერე მოვაგვარებთო. მანამდე კი თვალი გვიჭირავს თქვენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედაო, გადაუკრია ბერლინს აბეზარი აღმოსავლელებისათვის.

🇩🇪 გერმანიაშივე დავრჩეთ – აქაურ გარეშე საქმეთა თავკაცს ჰეიკო მაასს პრესისთვის ინტერვიუ მიუცია და უთქვამს, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი კია გაჯინებული, მაგრამ რუსეთის ადგილი დიდ შვიდეულში არააო. “რუსეთის დიდი შვიდეულიდან გარიცხვის მიზეზი ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენცია იყო, სანამ ეს საკითხები არ გადაწყდება, რუსეთის შვიდეულში დაბრუნების შანსი არ არსებობსო”, უთქვამს მაასს. თქვენს პირს შაქარიო, გავიფიქრებდით, რომ არ დაემატებინა “იმას ვაცნობიერებთ, რომ სირიას, ლიბიასა და უკრაინაში კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთი გვჭირდება. მის საწინააღმდეგოდ კი არა, მასთან ერთად უნდა ვიმუშაოთო”. ეჰ ბატონო მაას, ასეთი გულუბრყვილობაც არ შეიძლება…

🇧🇪 დაბოლოს, ერთი კორონული სახალისოც – ქალაქ ანტვერპენის თავკაცი თურმე ფლანდრიის ნაციონალისტური პარტიიდანაა და ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებებს კრიჭაში უდგას. ჰოდა, კვირას განუცხადებია, პირბადეების ტარების აბსურდული წესების შესრულებას არ ვაპირებთო. ამაყად დაუყოლებია ბატონ ბარტ დე ვევერს – პირბადეებს ნუ გაიკეთებთ, ოღონდ ჯიბით მაინც ატარეთო. ასეა, ევროპული რადიკალიზმიც ხშირად საყვარლად მოზომილია.