Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 28 ივლისი

🇪🇺 🇭🇺 უნგრეთში ერთ-ერთი უკანასკნელი დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებ-პორტალი თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა მას შემდეგ, რაც ახალმა მფლობელმა მთავარი რედაქტორი გამოცვალა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბუდაპეშტში ამბობდნენ, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენი ოპოზიციურ გაზეთს ტყუილად არ შეიძენდაო და ისე გაგმართლებოდეთ ყველაფერი, როგორც ეს ჭორ-მართალი ახდა… ევროპაში ვიქტორ ორბანის მიერ მედიაზე ალიკაპის ამოდებას ისედაც ეჭვის თვალით უცქერენ და ეს უკანასკნელი ამბავი რომ არავის გამორჩებოდა, ამას მმართველი პარტია “ფიდესიც” მშვენივრად მიმხვდარა. მათ ევროპულ პარტიული ოჯახში – ევროპის სახალხო პარტიაში საგანგებო პამფლეტი გაუვრცელებიათ, ჩვენი მთავრობა ბიზნესის გადაწყვეტილებებზე კომენტარებისაგან თავს იკავებს, ჩვენს ქვეყანაში, ჩემო ბატონო, ბიზნესი თავისუფალია და აბა, ამ ამბებში რა სინდისით ჩავერევითო. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებსო – ხსენებული ბიზნესმენი ორბანის უახლოეს ამფსონთან ერთად მოსადილე უნახავთ ჟურნალისტებს…

🇷🇺 ზუსტად მსგავსი ამბავი ამასწინათ რუსეთშიც მოხდა, ცნობილი ბიზნეს-გაზეთის „ვედომოსტის“ ახლადდანიშნულ რედაქტორს თითქმის ყველა ჟურნალისტი გაექცა, რომელთაც ახალი ინტერნეტ-გამოცემა დააარსეს. ევროპიკავშირისთვის კიდევ უფრო მტკივნეულად ჩანს მისი ერთ-ერთი წევრის რუსეთთან დადარება.

🇧🇪 ბელგიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ მთავრობის ხელმძღვანელ სოფი ვილმესს მოქალაქეებისათვის ათქმევინა, თავს ნუ მოიგიჟიანებთ და ჭკვიანად მოიქეცითო. მანვე ურჩია თანამოქალაქეებს, თუ მაინცდამაინც გადახვევისა და კოცნის იშტაზე მოხვედით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში შეეცადეთ, ეს თქვენი ოჯახის წევრ ერთსა და იმავე 5 ადამიანთან მოიმოქმედოთო. აღდგა პირბადეების ტარების ინსტრუქციაც, ზოგიერთ ქალაქში კი – ღამის კომენდანტის საათიც. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების სწრაფმა ზრდამ გერმანიაც შეაფიქრიანა, რომელიც შავ სიაში შეყვანილი ქვეყნებიდან – მათ შორის, აშშ-დან და თურქეთიდან – შემომსვლელებს სავალდებულო ტესტირებას ჩაუტარებს.

🇺🇸🇩🇪 მსგავსი ბედი ეწევა ალბათ აშშ-ს ახალ ელჩს ბერლინში – დონალდ ტრამპს გერმანიაში ელჩად პოლკოვნიკი დუგლას მაკგრეგორი გაუმწესებია. მაკგრეგორი თურმე სამხედრო საქმეებთან „არაორდინალური მიდგომებით” გამოირჩეოდაო – იმდენად, რომ გენერლად აღარ დაუწინაურებიათ და ტრამპის გუნდს მიკედლებია. გემახსოვრებათ, აშშ-ს წინა ელჩი ბერლინში პრეზიდენტმა სულაც მზვერავების იმპერატორად გაამწესა. ამ გახსენებაზე, ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თურმე კორონავირუსი დაუდგინდა. ტრამპს უთქვამს, მაგი არაფერი, კარგა ხანია ეგ კაცი არ მინახავსო. გერმანელები იმაზე ღელავენ, რა უფრო სახიფათოა – რომ აშშ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი უქეიფოდაა, თუ რომ მას პრეზიდენტი იშვიათად ხედავს, თურმე….