ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ, „ინაუგურაციიდან“ სამი თვის თავზე, „მინისტრთა კაბინეტის“ დაკომპლექტება დაასრულა. ამასთან, ბჟანიამ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირიც დანიშნა.
სულ ახლახან, 28 ივლისს, ბჟანიამ უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა რეგიონის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ და ყოფილი „პრემიერი“ სერგეი შამბა.
მანამდე, 22 ივლისს ბჟანიამ რეგიონის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე რუსი სერგეი პუსტოვალოვი დანიშნა. პუსტოვალოვი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა და რუსულ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებლად 2004 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც რეგიონის „თავდაცვის მინისტრის“ თანაშემწის პოსტზე დაინიშნა.
ამასთან, ასლან ბჟანიამ ბოლო ორ თვეში დარჩენილი „სამინისტროების“ ხელმძღვანელებიც დანიშნა:
- „საგარეო საქმეთა მინისტრად“ – 41 წლის დაურ კოვე. იგი ამ თანამდებობაზე 2016 წლიდან მსახურობს (15 ივლისი);
- „იუსტიციის მინისტრად“ – 30 წლის ანრი ბარციცი (6 ივლისი);
- „განათლებისა და ენის პოლიტიკის მინისტრად“ – 29 წლის ინალ გაბლია (19 ივნისი);
- „სოფლის მეურნეობის მინისტრად“ – პირველი „ვიცე-პრემიერი“ ბესლან ჯოპუა (19 ივნისი);
- „კულტურის მინისტრად“ – 36 წლის გუდისა აგრბა (5 ივნისი).
21 ივლისს კი ბჟანიამ სოხუმის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ალხას ჭითანავას ჩააბარა.
გალის რაიონის ახალი ხელმძღვანელის წარდგენა
24 ივლისს, ასლან ბჟანიამ გალელებს ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია წარუდგინა.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რაიონში კანონისა და წესრიგის დაცვით, რაც გალის რაიონის მკვიდრთა უფლებებისადმი სრულად დაცვის გზით უნდა მოხდეს“, – თქვა ბჟანიამ გალში ფილიას წარდგენისას.
მან ადგილობრივებს რაიონში თავისი მისაღები ოფისის გახსნის შესახებ განზრახვაც გააცნო.
„შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენი რეგიონი სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ყურადღების გარეშე არ დარჩება“, – დაამატა მან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)