გაზ. ერთობა, 1920 წლის 31 ივლისი, N171
ამხანაგ გაბრიელ ხუნდაძის მოხსენება.
[გაბრიელ ხუნდაძე 1918 წლის ივნისიდან იკავებდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის პოსტს საბჭოთა რუსეთში. საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებამ 1919 წლის იანვარში გაბრიელ ხუდნაძე დიპლომატიური მისიის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა , მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა დენიკინის წინააღმდეგ კომუნისტების სასარგებლოდ რუსეთის სამოქალაქო ომში ჩართვაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ხუნდაძე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მცირე ხნით იკავებდა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის პოსტს. 1920 წლის ივნისში გაბრიელ ხუნდაძე საქართველოში დაბრუნდა, მთავრობის დავალებით მოგზაურობდა რეგიონებში და მოქალაქეებს აცნობდა საბჭოთა რეჟიმის ხასიათს. ლექციები ემსახურებოდა ბოლშევიკთა პროპაგანდისათვის ნიადაგის გამოცლას. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]
გუშინ, 30 ივლისს, რუსეთში საქართველოს ელჩად ნამყოფი ამხანაგი გაბრიელ ხუნდაძე გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში.
მოხსენებებს წაიკითხავს: ტყიბულში, ხონში, კულაშში, სამტრედიაში, ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ხიდისთავში შემდეგ თემებზე: „საბჭოთა მმართველობა რუსეთში და მისი პოლიტიკა სხვადასხვა სახელმწიფოებრივ დარგში“.