Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 30 ივლისი

🇷🇸 უკვე ბევრჯერ მოგიყევით, თუ თანდათანობით როგორ ამოსდო სერბეთის პრეზიდენტმა და მთავრობამ ალიკაპი თავისუფალ სიტყვას. ახლა ამ გზაზე კიდევ ერთი, სახიფათო ნაბიჯი გადაუდგამთ. ფინანსთა სამინისტროს ფულის გათეთრებასთან მებრძლ განყოფილებას ყველა ბანკისათვის მოუთხოვია, 20 სამოქალაქო აქტივისტისა და 37 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების შესახებ გამოწვლილვით მოგვაწოდეთ ცნობები, ემანდ ტერორიზმს არ აფინანსებდნენო. ამ არასამთავრობოებს შორის ფართოდ ცნობილი საგამომძიებლო ჟურნალისტების რამდენიმე ასოციაცია და ორგანიზაციაა, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს ყელში აქვს გაჩხერილი. აქვეა ადამიანის უფლებების დამცველი ცნობილი ჯგუფები და ერთი-ორი პოლიტიკოსიც. სიახლეს აღშფოთებით შეხვდა ევროკომისია, რომლის სპიკერსაც უთქვამს, აბა ერთი მოგვახსენეთ, რა პრინციპით შეარჩიეთ ეგ ხალხიო.

🇧🇾 გუშინ ერთი დავიდარაბა ატყდა ბელარუსში, სადაც ადგილობრივმა კაგებემ 33 ადამიანი დააკავა, რომლებიც თურმე რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები აღმოჩდნენ. ეს სწორედ ის დაქირავებული მებრძოლები არიან, ბატონი პუტინის ბინძურ საქმეებს რომ აკვარახჭინებენ სირიაში, ლიბიაში და ბელარუსის ყურისძირში – უკრაინაში. დაკავებულთა ნაწილი სწორედ უკრაინული წარმოშობისაა – უფრო სწორად დონბასელ დაქირავებულთა რიგებიდან ნარნარად გადაინაცვლეს რუსულ კომპანიაში და, როგორც ჩანს, მოქალაქეობაც უბოძეს. ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებს გეგმავს 9 აგვისტოს და მთლად სახარბიელო დღეში არაა. პირველი შემთხვევაა, როცა მეტოქეებთან საბრძოლველად მათი პრო-რუსულობას აბრალებს. „ვაგნერის“ წევრების დაკავებაც ამ ამბავში ჯდება, რუსებს ჩემი ჩამოგდება სურთო. ჰოდა გაარჩიე ახლა ტყუილი და მართალი… ამ საქმის მცოდნე ხალხი ამბობს, ლუკაშენკომ ბელარუსში „ვაგნერის“ პარპაშის შესახებ მშვენივრად იცოდაო – უკრაინაში „გადაღლილი“ მებრძოლები თურმე მინსკთან ახლოს, ნაძვნარში იკაჟებდნენ ჯანმრთელობას. ოღონდ ახლა გადაწყვიტა დემონსტრაციულად აეყვანა „რუსი დაქირავებულები“ და ერთი მხრივ პუტინისთვის ეჩვენებინა, არაფერი შეგეშალოსო, მეორე მხრივ კი დასავლეთისთვის ეჩვენებინა – დახმარებაც შემიძლიაო. რამდენად სერიოზულია ლუკაშენკოს განზრახვა მაშინ გამოჩნდება, თუკი დაკავებულების ნაწილს მაინც უკრაინას გადასცემს – აქაურ პროკურატურას მათდამი ბევრი კითხვა დაუგროვდა თურმე…

🇬🇧 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს ხალხისთვის მიუმართავს, ამ ზაფხულს ცოტა უნდა შევიფერთხოთო. ჭარბწონიანობა კორონა ვირუსის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ყოფილა. ამის შესახებ თავადაც ფერხორციან ჯონსონს მაშინ მოუძიებია ცნობები, როცა თავადაც ვირუსს საავადმყოფოში ებრძოდა. გამოჯანმრთელების კი პრემიერს გადაუწყვეტია, რაღა მარტო ვიტანჯო სავარჯიშო დარბაზში, ბარემ ხალხსაც ავიყოლიებო. გასტრნომიულ ობიექტებს დაევალათ მენიუში საკვების და ალკოჰოლური სასმელების მაწიერობა მიუთითონ, არაჯანსაღი საკვების რეკლამები შეიზღუდება, ამის კი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ისუბრებენ. ქამრების შემოჭერის გასაადვილებელი ეს ზომები ხალხს არ ვიცით და მაგრამ ბიზნესს კი შეფერთხავსო, შიშობენ ბრიტანელები.

🇽🇰 კოსოვოს საგარეო საქმეთა და დიასპორის მინისტრ მელიზა ჰარადინაის კომპანია Apple-სთვის ოფიციალური წერილი უფრენია, კეთილი ინებეთ და თქვენს რუქაზე კოსოვო ცალკე ქვეყნად აღნიშნოს და არა სერბეთის საზღვრებში, როგორც ახლააო. იმ კოსოველებისათვის, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მსხვერპლი შესწირა, ამის ყურება მტკივნეულიაო უთქვამს მინისტრს, რომელიც თავის ტვიტერზეც დაუჭიკჭიკია. სხვათაშორის, გუგლის რუქაზე კოსოვოს საზღვარი წერტილებითაა აღნიშნული, რაც მის სადავო სტატუსზე მიანიშნებს. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და პირველივე წელს იგი 54-მა ქვეყანამ აღიარა. რაც შეეხება ელექტრომოწყობილობების გიგანტს, მას ჯერ კოსოველი ჩინოვნიკისთვის არაფერი უპასუხია…