Site icon Civil.ge

არასამთავრობოები აჭარის მაუწყებლიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას აკრიტიკებენ

აჭარის მაუწყებლის ცენტრალური ოფისი ბათუმში, 2020 წელი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ასევე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების გათავისუფლებების სერიის გაგრძელებას აკრიტიკებენ.

აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისს სამსახურიდან კიდევ სამი თანამშრომელი – დილის გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი – ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელი და გადაცემა „ჰეშთეგის“ ავტორი – გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე – გუგა ქადიძე გაათავისუფლეს.

მაუწყებლის ხელმძღვანელობის განმარტებით, თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ტელევიზიაში 1 ივლისს მომხდარი დაპირისპირება იყო, რომელზეც მოკვლევა გუშინ დასრულდა. მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯემალ პაქსაძის თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტისთვის ძალადობა მიუღებელია.

თავად გურაბანიძე და მურვანიძე მიიჩნევს, რომ ისინი სამსახურიდან არა ამ ინციდენტი, არამედ ახალი ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო გაუშვეს. ორივე მათგანი აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წევრია, რომელიც მაუწყებლის ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს აერთიანებს. აგრეთვე, ორივე მათგანი 26 ივნისს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის თანაორგანიზატორი იყო.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 30 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

მედია კოალიციის 31 ივლისის განცხადებით კი, „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება“. მათივე შეფასებით, მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული ზომები „არაჰუმანურია“ და „თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს“.

აჭარის მაუწყებლის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)