Site icon Civil.ge

11 თვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში IPRM-ის 96-ე შეხვედრა გაიმართა

IPRM-ის 96-ე შეხვედრა ერთგნეთში, ფოტო: კადრი სუს-ის ვიდეოდან

ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 30 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 96-ე შეხვედრა გაიმართა.

ერგნეთის შეხვედრები გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, მას შემდეგ იყო შეჩერებული, რაც წინა შეხვედრაზე, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისს ახლადმოწყობილი ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმების შესახებ ულტიმატუმი წაუყენეს და შეხვედრა დატოვეს.

შეხვედრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ე.წ. გამშვები პუნქტების 11 თვიანი ჩაკეტვისა და ცხინვალის ხელმძღვანელობის მხრიდან ოფიციალური თბილისის მიმართ ბიოლოგიური ომის წარმოებაზე გაზრდილი ბრალდებების ფონზე წარიმართა.

შეხვედრაზე, რომელიც 6 საათს გაგრძელდა, ოკუპირებული ცხინვალის მიერ საქართველოს მოქალაქეების – ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის დაკავება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაცია“, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ასევე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინციდენტები, მათ შორის, საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევისა და ჩორჩანას საპოლიციო პოსტის, ასევე არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხები განიხილეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების „უკანონო პატიმრობიდან შემჭიდროვებულ ვადებში უპირობო გათავისუფლება“ მოითხოვა.

იგორ კოჩიევმა, რომელიც IPRM-ის შეხვედრებზე ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტს“, ანატოლი ბიბილოვს წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის საკითხი წამოჭრა.

აღნიშნა, რა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ჩორჩანას საპოლიციო პოსტის ირგვლივ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, კოჩიევმა დასძინა, რომ „საკითხი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარდება“.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის, მარეკ შჩიგელისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკას ფასილიტატორობით წარიმართა.

აღნიშნეს რა, რომ შეხვედრა „პოზიტიური ატმოსფეროში“ წარიმართა, ფასილიტატორებმა შეხვედრის მონაწილე მხარეებს, „მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითების განსახილველად, IPRM-ის ფორმატის გამოყენების გაგრძელებისკენ“ მოუწოდეს.

მათვე, „იმედი გამოთქვეს მომავალ კონსტრუქციულ და საერთო ნაბიჯებთან დაკავშირებით ადგილზე ადამიანის უსაფრთხოების და ზოგადად ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით“.

ელჩებმა შჩიგელმა და მიხალკამ ერგნეთის შეხვედრების განახლების შესახებ 21 ივლისს განაცხადეს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი – 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)