Site icon Civil.ge

ოპოზიციური პარტიები რურუასთვის პატიმრობის მისჯას ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან 

გიორგი რურუა სასამართლო პროცესზე, 20 ნოემბერი, 2019 წ. ფოტო: კადრი "მთავარი არხის" ვიდეომასალიდან

20 ოპოზიციური პარტია 31 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში განმარტავს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდება პარტია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისთვის პატიმრობა 30 ივლისს შეუფარდა. თავად რურუა და ოპოზიციის დიდი ნაწილი მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს, რასაც ქართულ ოცნებაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

ოპოზიციის შეფასებით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის ხელისუფლების დაკვეთებისადმი „მორჩილების“ მაგალითია.

ხაზს უსვამენ რა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების „საკვანძო ნაწილია“, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ „ყალბი მტკიცებულებებით“ მისი საპატიმროში დატოვება, „წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ კლიმატს განსაზღვრავს“.

„გიორგი რურუას გათავისუფლება ქვეყნისთვის რთული საარჩევნო კამპანიის ნაკლები რისკით გავლის შესაძლებლობას ქმნის“, დასძენენ ისინი.

სხვა პარტიებთან ერთად, განცხადებას ხელს აწერენ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია, ლელო საქართველოსთვის, გირჩი, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)