ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებით, პირველი აგვისტოდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებული ოთხთვიანი შეზღუდვა მოიხსნა და მოქალაქეების მიმოსვლა განახლდა. მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ დოკუმენტს ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმაც მოაწერა.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში სტუმრობისას კოვიდ-19-ზე რაიმე ტიპის დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ. რუსეთში ვიზიტისას, იგივე პირობა იქნება აფხაზეთის მკვიდრთათვისაც.
საქართველ-რუსეთის საზღვრის კვეთაზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 31 ივლისს, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტისას, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა რეგიონთან მიმართებით იგივე გადაწყვეტილება მიიღო.
„მადლობას ვუხდით, რუსეთის ხელმძღვანელობას [ამ] გადაწყვეტილებისთვის, რაც უდავოდ დადებითად იმოქმედებს [რეგიონის] ეკონომიკაზე“, – მიმართა ასლან ბჟანიამ აფხაზებს.
ოკუპირებული აფხაზეთის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე შეზღუდვები მარტის ბოლოს დაწესდა. 28 ივლისს, შეზღუდვა 4 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
მოცემული მომენტისთვის, ოკუპირებულ რეგიონში, კოვიდ-19-ის 98 დადასტურებული შემთხვევა ფიქსრიდება. აქედან 37 პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა. რეგიონში, სადაც 250 000-ზე ნაკლები ადმიანი ცხოვრობს, კოვიდ-19-ის 60 ახალი შემთხვევა მხოლოდ 21 ივლისის შემდგომ გამოვლინდა.
რაც შეეხება რუსეთს, აქ კოვიდ-19-ის 850 000-მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი – 14 000-ს აჭარბებს.
საქართველოში კოვიდ-19-ის სულ 1 177 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 955 უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 17 კი – გარდაიცვალა.
ამის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებელი ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტი ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)