Site icon Civil.ge

ევროპის მოამბე – 4 აგვისტო

🇪🇸 მამის ნაჭამმა ყურძენმა შვილს მოსჭრა კბილიო, ასე დაემართა ესპანეთის მეფე ფელიპეს. მამამისი მეფე ხუან-კარლოსი ესპანეთისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ბოლოსდაბოლოს, კაუდილიო ფრანკოს გაზრდილმა პრინცმა დიქტატურას უგანა და ესპანეთი დემოკრატიის გზაზე დააყენა, თანაც ამბოხებული სამხედროებისაგან პარლამენტის დაცვამაც მოუწია. თუმცაღა, როცა ტახტი მყარად დაიმკვიდრა, ხუან-კარლოსს ჭეშმარიტად ესპანელი მონარქისთვის დამახასიათებელი ვერცხლისმოყვარეობა დასჩემდა თურმე და საუდელ პრინცებთან არაერთ საეჭვო გარიგება გაუჩარხავს. ჩვენს დროში ასეთი გარიგებებს ხალხი ალმაცერად უყურებს და ფელიპეს ჯერ სამეფო მემკვიდრეობაზე უარის თქმამაც მოუწია, რადგან მისი წყარო საეჭვო იყო. განრისხებულმა ახალგაზრდა მეფემ 80 წელს გადაცილებულ მამას სამეფო პენსია შეუწყვიტა. ახლა ხუან კარლოს შვილისთვის სინანულის უსტარი მიუწერია, რაც გამიკეთებია ცხოვრებაში, ესპანეთის საკეთილდღეოდ მიქნია, მაგრამ ვხვდები რომ შენს მეფობას ახლა ჩემი ახალგაზრდობის საქციელი ჩრდილს აყენებს და ქვეყანას სულაც გავერიდები, მორჭმით იმეფეო.

🇦🇹 ავსტრიის მთავრობამ დრონები ააფრინა საზღვარზე სადარაჯოდ. ამბობენ ამით უნგრეთიდან და ბალკანეთიდან არალეგალურად გადმოსულ მიგრანტებს გამოვიჭერთო. მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია აღნიშნულს. ხელმომჭირნე ავსტრიელების ნაწილი მთავრობას საყვედურობს ორი-სამი კინკილა მიგრანტის გამო ასეთი ხარჯის გაწევა სად გაგონილაო. ნაწილი ამას კაცთმოძულე ნაბიჯად ნათლავს, ხოლო უფრო ფრხილები და იჭვნეულები, იმას შიშობენ, დღეს მიგრანტებს უთვალთვალებენ, ხვალ კი ანა კალანდაძის თუთის ხისა არ იყოს, ჩვენს ფანჯრებთანაც აისვეტებიანო.

🇪🇪🇫🇮 ტალინსა და ჰელსინკის შორის 100 კილომეტრიანი წყალქვეშა გვირაბის გაყვანას აპირებენ. ამისათვის ჩინეთს გამოუდია თავი, ფულსაც ჩამოვდივარ და მუშა ძალასაც მე ვაფრენო. ბოლო წუთას, როცა ყველაფერზე შეთანხმდნენ და ჩინელი მეწარმეები უკვე ხელებს იფშვნეტდნენ თავი ქუდში გვაქვსო, ესტონელებმა ჩვეული სიდინჯით მოუწოდეს აჩქარება არას გვარგებსო. ეს პროექტი გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, ამიტომ ჩვენივე მოქალაქეების ინტერესების დასაცავად თავს შევიკავებთო. თქვენ ნუ წუხდებით, და ჩვენ და ფინელები როგორმე თავად მოვრიგდებითო – შეუთვლია ესტონეთის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრს გაწბილებული ჩინელებისათვის.

🇵🇱 ევროკავშირი მხოლოდ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე არ ედავება პოლონეთს. ეს უკანასკნელი გარემოს დაცვის სფეროშიც ბევრს სცოდავს, რამეთუ ქვეყნის ელექტროენერგიის 80% ქვანახშირზე მოდის. უკვე დიდი ხანია უჩიჩინებენ ევროპელი კოლეგები პოლონეთს ენერგო წარმოების ალტერნატიული გზები მოძებნეო, მაგრამ მათ რჩევა დარიგებას ყურად არ იღებდნენ. ახლა კი რა დაინახეს, დაფინანსება შემცირდა ამის გამოო, სხვანაირად აჭიკჭიკდნენ. 2050-2060 წლისათვის ქვანახშირის ელექტროსადგურები აღარ გვექნებაო, თავისი მემკვიდრეების სახელით შეგვპირებია თურმე პოლონეთის სახელმწიფო ქონების მინისტრი პანი იაცეკ სასინი.