Site icon Civil.ge

1920 წელი: სკანდინავია და საქართველო

სტოკჰოლმი, 1920 წელი. ფოტო https://www.pinterest.com-დან.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 აგვისტო, N174

სკანდინავია და საქართველო

სკანდინავიაში მყოფი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი არისტო ჭუმბაძე ტფილისში დაბრუნდა. საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს ჭუმბაძემ სკანდინავიის ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსთან შემდეგ ნაირად დაახასიათა: ჩვენ ანგარიში უნდა გაუწიოთ იმ ფაქტს, სთქვა ჭუმბაძემ, – რომ ამ უკანასკნელ წლის განმავლობაში საქართველოთი დაინტერესებულია მთელი ქვეყანა, მათ შორის, რასაკვირველია შვეცია და ნორვეგია.

კიდევ მეტი: შვეცია, ნორვეგია და დანია ეკუთვნის იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა პირველად აღიარეს, კერძოდ, ჩემს მოვალეობას შეადგენდა გამეცნო სკანდინავიის ფართო საზოგადოებისათვის საქართველო ამ მხრით ჩვენ დიდ შედეგებს მივაღწიეთ. ადგილობრივმა პრესამ დიდი ყურადღება მიაქცია ამიერ-კავკასიას და კერძოდ საქართველოს: მის ისტორიას, ეთნოგრაფიას, პოლიტიკურ წყობილებას, სიმდიდრეს  და სხვა. მაგრამ ამ ინტერესს ჯერ-ჯერობით პლატონური ხასიათი აქვს, კერძოთ სავაჭრო ურთიერთობის დამყარების საქმეში.

სკანდინავია და კერძოდ შვეცია ძლიერ ფრთხილია და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიის სავაჭრო წრეები ძლიერ დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ საქართველოსთან უშუამავლოთ სავაჭრო დამოკიდებულება დაიკავონ, ეს წრეები მაინც გაურბიან დღეს-დღეობით პრაქტიკულ ნაბიჯების გადადგმას და ასეთი მდგომაროება გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ ევროპის ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში არ ჩადგება.

ასეთი დამოკიდებულება საკითხისადმი სრულიად ბუნებრივია, თუ მივიღებთ მხედველობაში მის მისვლა-მოსვლის სიძნელეს. შვეციას, ნორვეგიას და დანიას ცხადია არ შეეძლო აეცილებია თავიდან მსოფლიო ომის გავლენა. მსოფლიო ომმა ამ ქვეყნებშიაც მოახდინა გავლენა მრეწველობაზე. უკანასკნელი ძლიერ შემცირდა. სკანდინავიის ქვეყნებს აღარ ჰქონდათ საკუთარი ნედლი მასალა. ეხლა კი იქ მრეწველობა თანდათან ცოცხლდება. შემდეგ აქაც ეტყობა მუშის შრომის ნაყოფიერების შემცირებას. ამასთანავე ცხოვრება გაძვირებულია და საშუალო ხელფასი არ კმარა საშუალო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივია ამიტომ, რომ სკანდინავიის სახელმწიფოებს ამ ჟამად არ შეუძლიათ მიაწოდონ საქონელი უცხო ბაზარს, თუმცა მათ ზოგიერთ საქონელი, მაგალითად ასანთი და სამეურნეო იარაღები ბლომათ მოეპოვებათ. ამ საქონლის გატანას ჯერ-ჯერობით ხელს უშლის მისვლა-მოსვლის მოუწყობლობა.

სხვათა შორის ჭუმბაძე იძლევა ზოგიერთ ცნობას იმ ქართველ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც სპეციალურ განათლების დასამთავრებლათ საზღვარ გარეთ გაიგზავნა. ეს ახალგაზრდები ცხოვრობს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში  და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სიძვირეა და ის ფული, რომელსაც იღებენ არ ჰყოფნით ეს ახალგაზრდობა უმაღლეს სასწავლებელში მაინც გულდასმით მეცადინეობს.