6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის გამო ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევისკენ მიმართული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე ისაუბრა. პროგრამის ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია, მათ შორის, 130 მილიონი ფონდ StopCov-დან.
მთავრობისაგან „სოციალური მხარდაჭერით“ ისარგებლებს 17 წლამდე ყველა ბავშვი, რომელსაც სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარის დახმარებას გადასცემს.
ამასთან, პრემიერის თქმით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს 150 ათასაზე ნაკლები ქულით სახელმწიფო ერთი სემესტრის საფასურს დაუფარავს. 2020-21 სასწავლო წლის სწავლის საფასური – 2250 ლარი – დაუფინანსდება ამავე კატეგორიის ყველა სტუდენტს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო აქვს შეჩერებული. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ შეღავათით სულ 33 ათასზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.
„მესამე ეტაპის სოციალური დახმარების მიზნობრივი ჯგუფები გახლავთ ახალგაზრდობა, რათა ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი განათლების პროცესი კრიზისის ზეგავლენის გამო რამე რისკის ან ხარვეზის ქვეშ არ აღმოჩნდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ანტიკრიზისული გეგმის ამ ეტაპის ფარგლებში, მოსახლეობა ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კვლავაც ისარგებლებს კომუნალური შეღავათებით. სახელმწიფო იმ აბონენტთა გადასახადს დაფარავს, რომლებიც თვეში 200 კილოვატამდე ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარენ.
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად გაწეული, 300 ლარიანი დახმარებით 170 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, თუმცა ამ ერთჯერად დახმარებას ის დარჩენილი 80 ათასი მოქალაქეც მიიღებს, რომელმაც თავის დროზე თანხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენა ვერ შეძლო.
მთავრობის გათვლებით, კომუნალური დახმარების ნაწილში დაახლოებით 200 მლნ ლარია გათვალისწინებული, ბავშვების დახმარების ნაწილში კი დაახლოებით – 170 მლნ ლარი.
წაიკითხეთ ასევე:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)