Site icon Civil.ge

ხელისუფლება, ოპოზიცია და არასამთავრობოები ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპს ეხმაურებიან  

კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, 2020 წლის გაზაფხული. ფოტო: mod.gov.ge

6 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის გამო ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევისკენ მიმართული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის დახმარებას, მათ შორის, 17 წლამდე ბავშვებისათვის 200 ლარიან დახმარებას და ოჯახებისათვის კომუნალური ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს. 

კარსმომდგარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებასა და მათ მოსყიდვას ცდილობს. მთავრობა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ოპონენტთა კრიტიკის გამო მოქალაქეებს პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში მარტო არ მიატოვებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, „პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს დახმარება იქნება ეტაპობრივი და სამართლიანიმერწმუნეთ, ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება მეოთხე ეტაპიც და შესაძლოა იყოს მეხუთე ეტაპიც და ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში თავისი პრობლემების წინაშე მარტო, [ამას არ [ვიზამთ]“.    

პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება და  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში, აღდგეს სასწავლო პროცესი, ყველა სოციალური, ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო“.

სხგაგვარად ფიქრობს ოპოზიცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ რომან გოცირიძის აზრით, „ეს არის პირდაპირი მოსყიდვა ამომრჩევლის ჩვენივე ფულით, 5 მილიარდი ლარი ვალად ავიღეთ და ხალხის გადასახდელი ფულით მანიპულაციას ეწევა საქართველოს ხელისუფლება“.

„რატომ არ გასცა დროზე ეს ფული, როცა პანდემიის დროს კარანტინში გამოკეტილი ადამიანები იყვნენ შიმშილის პირას, რატომ გაახსენდათ ხალხი ახლა, წინასაარჩევნოდ?“ – კითხულობს გოცირიძე.

„ევროპული საქართველო“ წევრის,  პარლამენტარ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, „ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან მხოლოდ წინასაარჩევნო პიარი და აი, ამ 50, 100, თუნდაც 200 ლარით „ქართულ ოცნებას“ უნდა ოთხი წლით იყიდოს უფლება ძარცვოს ბიუჯეტი, ძარცვოს ხალხი“.  

პარტია „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის აზრით კი, „ეს მოსყიდვაა, ცხადია, წინასაარჩევნოდ გაღატაკებულ მოსახლეობას ფულს ურიგებ“. თუმცა ჯაფარიძის თქმით, კამათი, 200 ლარის მიცემა 17 წლამდე ბავშვისთვის სწორია თუ არა, უშინაარსოა, საჭიროა იმაზე მსჯელობა, „ასეთ მდგომარეობაში რატომ არიან ეს ადამიანები, რატომ არიან საქართველოს მოქალაქეები დღეს ასეთი ღარიბები, რომ მთავრობისგან გადმოგდებული ასეთი მათხოვრული თანხები ადამიანებს გულწრფელად უხარიათ“.  

 „ლელო საქართველოს“ წევრ ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ეს არის მოსყიდვის მცდელობა, რაც არაერთხელ გვინახავს… პასუხისმგებლობა ღრმა ეკონომიკურ კრიზისზე ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას“.  

ამბავს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის თქმით, „ამ პანდემიურ პერიოდში, როცა ფაქტობრივად, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს პრობლემა შეექმნა, საკამათოა, ასეთ პროგრამებს გაუმართლებელი ვუწოდოთ… თუმცა ეს თანხები, რაც იხარჯება, ეს არის ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები და ასე შევხედოთ, რომ მთავრობა გვიბრუნებს ჩვენ ამ ფულს უკან“.

„საარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის კამპანიის წისქვილზე დაასხა წყალი და თავისდაუნებურად, პანდემიამ ხელი შეუწყო, რომ ასეთი პროგრამები განხორციელებულიყო“, დასძენს ნატროშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ კი თქვა, რომ „ეს არის საფრთხე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს წინასაარჩევნოდ, რადგან შესაძლოა ხელისუფლებამ ეს გამოიყენოს, როგორც მანიპულაცია ამომრჩევლის მოსაზიდად… ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მოქალაქეებს, რომ ეს არის არა ერთჯერადი, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებაზე ორიენტირებული აქტივობა, არამედ გრძელვადიანი, სტრატეგიული გეგმის ნაწილის საფეხური“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)