საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ „მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორც ყოველთვის“.
კიდევ ერთხელ გამოხატავს რა „მტკიცე მხარდაჭერას“ საქართველოს „დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ მიმართ, ევროკავშირის წარმომადგენლობა დასძენს, რომ „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით, ე.წ. „ბორდერიზაციის“, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით“.
„სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში, დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე განცხადებით, „ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)