2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ინე ერიკსენ სორეიდე 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების ნაცვლად, „რუსეთმა ამ ორ რეგიონში [ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი] საკუთარი სამხედრო ძალების ყოფნა თანდათან გააფართოვა და მათი კონსოლიდირება მოახდინა, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ისეთ შეთანხმებებს მოაწერა ხელი, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად სტრუქტურებთან ამ ორი რეგიონის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ახდენს“.
„ნორვეგია სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი ქართველმა ხალხმა და მათ მიერ არჩეულმა ლიდერებმა უნდა განსაზღვრონ“, – თქვამ ნორვეგიის მთავარმა დიპლომატმა და დასძინა, რომ 21-ე საუკუნეში ე.წ. „გავლენის სფეროების“ ადგილი არ არის.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ არსებული გამყოფი ხაზები „საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუდმივად ფართოვდება და სულ უფრო კონსოლიდირებული ხდება, რაც მრავალმხრივ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე“.
ამავე განცხადებით, აღნიშნული პროცესი კოვიდ-19-ის პანდემიის დროსაც გაგრძელდა, რასაც „ხშირად თან ახლდა კონსპირაციული თეორიების გავრცელების მცდელობები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრიდა“.
მინისტრმა ერიკსენ სორიედემ აგრეთვე თქვა, რომ „საერთაშორისო ჰუმანიტარულ აქტორებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუტებს ორივე რეგიონში შეუფერხებელი დაშვების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ“.
მოიხსენია რა საქართველო როგორც „მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორი“, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მიერ რეფორმების გატარების, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ნატოსთან თანამშრომლობის ძალისხმევის მხარდაჭერას.
„ნორვეგიისა და მთლიანად ევროპის ინტერესებშია, რომ ხელი შეუწყოს, სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ საქართველოს“, – დასძინა მინისტრმა ერიკსენ სორეიდემ.
ასევე წაიკითხეთ:
- ნორვეგიის სამეფოს დანიშნული ელჩი საქართველოში ჩამოვიდა
- ნორვეგია ბაქოში საელჩოს დახურვას და თბილისში გახსნას გეგმავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)