საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს განცხადებებით ეხმიანებიან.
7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ 12 წლის წინანდელმა ომმა და ქვეყნის ტერიტორიების 20%- ის ოკუპაციამ საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე გავლენა ვერ მოახდინა და „რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია“.
„ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა – „2008 წლის ომზე დღესაც ჩვენი პასუხია – არშეგუება!“.
ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ქართველების, ოსებისა და აფხაზების ათასწლიან „ერთობაზე“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოკუპაციას „საოკუპაციო ხაზის ორივე მხარე ერთნაირად განიცდის“.
მანვე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მოთმინება შეგუებას ან დავიწყებას არ ნიშნავს.
განცხადებაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს და „გაიგოს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორია, ძალით ოკუპირებული და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს ვერც სტაბილურობას და ვერც კეთილდღეობას მოუტანს“.
ოკუპაციას რომ საქართველო „არასდროს შეეგუება“, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ შეასრულოს“.
გახარიამ ასევე განაცხადა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და დასძინა, რომ სწორედ „მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული“ პოლიტიკა მიგვიყვანს „სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)