რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ.
განცხადება 7 აგვისტოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა – რიჩარდ ჰადსონმა (აშშ), თავმჯდომარის მოადგილემ, კოსტელ ნეკულაი დუნავამ (რუმინეთის პარლამენტის წევრი) და მომხსენებელმა, ლაურინას კასციუნასმა (ლიეტუვას პარლამენტის წევრი) გამოაქვეყნეს.
„აუცილებელია, დასრულდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაცია და მშვიდობიანად აღდგეს პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ომითა და საოკუპაციო ხაზით დაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, „გააუქმოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე“.
კანონმდებლებმა „გამოხატეს ღრმა შეშფოთება, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავაც საფრთხეშია, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში“.
საპარალმენტო ასამბლეის ლიდერებმა „ღრმა შეშფოთება“ იმის გამოც გამოხატეს, რომ „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ეუთო-სა და გაერო-ს მისიების დახურვის შემდეგ ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმია, კვლავაც არ აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე წვდომა“.
ისინი, 11 თვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთის შეხვედრების განახლებას მიესალმნენ და იმედი გამოთქვეს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიც „რაც შეიძლება სწრაფად განახლდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)