Site icon Civil.ge

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა

საქართველოს გენერალური პროკურატურა. ფოტო: pog.gov.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 აგვისტოს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 დაკავებულიდან 5-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 18 ივნისს მცხეთაში მდებარე აგარაკზე გამართულ წვეულებაზე ურთიერთშელაპარაკებისას ერთ-ერთ სტუმარს სცემეს, რომელიც მოგვიანებით თბილისში ჩამოვიდა და შურისძიების მიზნით, მეგობრებთან ერთად, მისი კუთვნილი „ტოიოტა ქამრის“ და „მერსედესის“ ავტომობილებით, კვლავ მცხეთისკენ გაემართა; პარალელურად იგი წვეულებაზე დარჩენილი ორი მეგობრისგან იქ არსებული ვითარების შესახებ იღებდა ინფორმაციას.

პროკურატურის თქმით, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, წვეულებაზე მყოფთა უმრავლესობამ, მათ შორის, შაქარაშვილმაც რამდენიმე პირთან ერთად, აგარაკი დატოვა და თბილისისკენ ფეხით გაემართა. გამოძიების განმარტებით, მათი გადაადგილების დეტალებზე თბილისიდან მცხეთისკენ წასულ შურისმაძიებლებს ინფორმაციას ნაცემი პირის ორი ზემოხსენებული მეგობარი აწვდიდა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, 19 წლის ფეხბურთელსა და მის თანმხლებ პირებს, დაახლოებით ღამის პირველისთვის, თავს  მერსედესის ავტომობილის მგზავრები დაესხნენ, შაქარაშვილის მეგზურები სცემეს და რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილი დატოვეს. თავად შაქარაშვილმა თავს გაქცევით უშველა.

ამ პირველი ინციდენტის დასრულების შემდეგ, შაქარაშვილი და მისი თანმხლებნი თბილისისკენ კვლავაც ფეხით გამოემართნენ, რა დროსაც მათ გზა ამჯერად „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილმა გადაუჭრათ, რომლის მგზავრებმაც ფეხით მიმავლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო ორგანოს თქმით, ტოიოტას მგზავრები გაქცეულებს გამოედევნენ, რომელთაგანაც რამდენიმემ დამალვა შეძლო, შაქარაშვილმა კი – სირბილი განაგრძო. არაგვის ხიდის ქვეშ, ხუთმა მადევარმა შაქარაშვილს გზა ორივე მხრიდან გადაუღობა და გაქცევის საშუალება აღარ მისცა.

ამის შემდეგ, შაქარაშვილი იქვე, გზის მარცხენა მხარეს მდებარე ხევისკენ გაიქცა, თუმცა მას მაინც არ შეეშვნენ, ბოლომდე სდიეს, მდინარე არაგვის ნაპირთან სცემეს, არაერთი ფიზიკური დაზიანება მიაყენეს და „სასტიკად ნაცემი“ არაგვში გადააგდეს, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა.

პროკურატურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ შაქარაშვილის სხეულს დაზიანებები მკვრივ-ბლაგვი საგნებით მიაყენეს.

საგამოძიებო ორგანომ დღესვე საქმეზე დამატებითი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა და რეკონსტრუქციის სახით შაქარაშვილის მკვლელობის ამსახველი ეპიზოდიც აღადგინა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ჯამში სულ 17 პირია დაკავებული. აქედან ხუთს, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

რაც შეეხება დანარჩენ 12-ს, გამოძიება მათ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას, ასევე ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება, რაც სასჯელის სახით 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)