მედიის მიერ გამოთქმული ვარაუდების საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ბელარუსში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მინსკში საქართველოს ელჩის, ვალერი კვარაცხელიას „მყისიერი დაბრუნება“ გახდა საჭირო.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს 17 აგვისტოს განცხადებაში.
„ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში“, – განმარტა საგარეო უწყებამ.
საგარეო სამინისტროსვე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ბელარუსში მოვლენების განვითარებას და ჩვენს პარტნიორებთან „მჭიდრო კოორდინაციაშია“.
„ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად“, – აღნიშნა სამინისტრომ. „იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, – დასძინა უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)