Site icon Civil.ge

პარტია თავისუფალი დემოკრატები ოთხმა წევრმა დატოვა

ფოტო: facebook.com/MainFreeDemocrats/

მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა შალვა შავგულიძემ, ასევე ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს. 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე შავგულიძემ გადაწყვეტილების მიზეზად „პარტიის გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება“ დაასახელა.

მისი თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გამგეობის ყველა წევრი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპულ საქართველოსთან საარჩევნო ბლოკის შექმნას მხარს „ერთხმად“ უჭერდა. თუმცა, ერთი თვის წინ, გამგეობის უმრავლესობამ საარჩევნო სიის თაობაზე პოზიცია მოულოდნელად შეცვალა და მეორე ნომრად ვახტანგ მჭედლიძის კანდიდატურის დასახელება მოითხოვა, რასაც შავგულიძე არ დაეთანხმა.

შავგულიძემ ბრიფინგზე სხვა გარემოებებზეც ისაუბრა, რომელთაც გამგეობის ამ წევრთა მიმართ „უნდობლობა გაზარდეს“ და მაგალითისთვის, ქართული ოცნების მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიალზე პარტიის გამგეობის ერთ-ერთი წევრის სტუმრის სტატუსით დასწრება დაასახელა.

„როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ თავისუფალი დემოკრატების პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ“, – თქვა შავგულიძემ ბრიფინგზე.

მანვე დაამატა, რომ იგი პარტიის ამ წევრებთან ერთად ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს და მათთან ერთ პოლიტიკურ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.

„მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და თავისუფალ დემოკრატებში დარჩენილი ადამიანები ქართული ოცნების პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა შავგულიძემ და დაამატა, რომ პარტიიდან წასულები, ევროპულ საქართველოსთან თანამშრომლობას „ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე“ გააგრძელებენ და არჩევნებში მონაწილეობას მათთან ერთად მიიღებენ.

ცოტა ხნით ადრე, 3 აგვისტოს, თავისუფალი დემოკრატები კიდევ ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ დატოვა და იგი ლელოს შეუერთდა.

თავისუფალმა დემოკრატებმა და ევროპულმა საქართველომ 2019 წლის შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი ბლოკი გასული წლის მარტში შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს. იგი არჩევნების მეორე ტურში, ქართული ოცნების კანდიდატთან, ვლადიმერ კახაძესთან დამარცხდა.

თავისუფალი დემოკრატების პასუხი

პარტიიდან წასულებს დღესვე ბრიფინგით უპასუხეს „თავისუფალ დემოკრატებში“. პარტიის გენერალურმა მდივანმა თამარ კეკენაძემ შალვა შავგულიძის განცხადებებს „შეურაცხმყოფელი“ უწოდა და თქვა, რომ მან ყოფილი თანაგუნდელები „ძალიან ცუდად, აუგად და დაუმსახურებელი ეპითეტებით შეამკო“.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, რამდენიმე წევრის წასვლა პარტიას რთულ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა ისინი ბრძოლას განაგრძობენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

„ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ყველა პრო-დასავლურ პარტიასთან, იმისათვის რომ არჩევნებით შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის ,ქართული ოცნება და ამ ქვეყანას, სწრაფი განვითარების და ევროპული მომავლის შანსი დავუბრუნოთ“, – განაცხადა კეკენაძემ.

მისივე თქმით, მათთვის „ამ ბრძოლაში“ მთავარი წითელი რუსეთზე ხაზი გადის, შესაბამისად, მათი „კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის თუ საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, რომელიც საკუთარ და საქართველოს მომავალს დასავლურ სივრცეში ხედავს“.

თავისუფალი დემოკრატები პარტიის რიგგარეშე ყრილობას სექტემბერში გამართავენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)