რუსულ გაზეთ „ტრუდ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა.
„სრულიად ვემხრობით ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ 2012 წელს ინიცირებულ კურსს, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ „ჩვენ ქართველ პარტნიორებს, რომლებიც კონიუნქტურული მიზნით პერიოდულად ანტირუსულ კარტს ათამაშებენ, ამ კუთხით თანმიმდევრობა ცალსახად აკლიათ“.
აღნიშნა რა, რომ ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე ურთიერთობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „რუსეთი სტაბილურად უჭერს მხარს საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელ და მეგობრულ ურთიერთობებს“.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ზრდის შესახებ საუბრისას, ლავროვმა გაიხსენა, რომ რუსეთი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია და რომ საქართველო ღვინის 2/3-ს რუსულ ბაზარზე ყიდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ავტობუსით და საჰაერო მგზავრობა ორ ქვეყანას შორის, 2013 და 2014 წელს აღდგა და რომ „კულტურული, სპორტული, სამეცნიერო, რელიგიური და ბიზნესკონტაქტები გაძლიერდა“.
თუმცა, ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „არსებული დადებითი დინამიკა თბილისში 2019 წლის ივნის-ივლისში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა, როდესაც ქართველი რადიკალი ნაციონალისტების პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის დადგენილებით, საქართველოში საჰაერო მიმოსვლაზე დროებითი აკრძალვა დაწესდა“. მან იმედი გამოთქვა, რომ „ავიამიმოსვლის აღდგენა უახლესი მომავლის საკითხია“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი უსწრაფესად აღდგება, როგორც კარასინი-აბაშიძის, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
„რუსეთისთვის ყოველთვის ძვირფასი იყო მეგობრული ურთიერთობები მისთვის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ერთიან სახელმწიფოში სხვადასხვა სახელწოდებით არაერთი საუკუნე გვიცხოვრია. დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოებების უსწრაფესი მოგვარება, ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი განვითარება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების გრძელვადიან ინტერესებს პასუხობს“, – დასძინა ლავროვმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)