რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი 20 აგვისტოს სოხუმში ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასა და „პრემიერ“ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და მათთან ორმხრივი სოციალური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ბაბიჩის თქმით, რუსული დელეგაციის ვიზიტის მიზანი „აფხაზურ მხარესთან უფრო ახლო თანამშრომლობის დამყარებაა“, რაც 2017-2019 და 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების განხორციელების მონიტორინგსაც მოიცავს.
ბაბიჩის სოხუმში სტუმრობას წინ უძღოდა აფხაზეთის ახალი ხელმძღვანელობის ღია საუბარი რეგიონში რუსეთის მიერ დაფინანსებული 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამისთვის განხორცილების ხარვეზებზე, კერძოდ, პროექტებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და კონტროლის დაბალ დონეზე, რომელთაც საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ხარისხსა და ვადებზე იქონია გავლენა. ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია ბჟანიას ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა ბაბიჩის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მიაწოდა.
მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, რეგიონის ფინანსური სისტემის მდგომარეობა, სახაზინო სისტემის განვითარებისთვის საჭირო გეგმის შემუშავება და ბიუჯეტის გამჭირვალობის პრინციპების დაცვა.
შეხვედრისას ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ ბაბიჩის ვიზიტს „არაერთხელ განხილული“ საკითხების მოგვარება მოჰყვება. რეგიონის ლიდერმა ღია დისკუსიისთვის მზადყოფნაც გამოხატა. „შეხვედრებისა და მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდიც რომ გახდეს საჭირო, ამას მაინც მივაღწევთ“, – განაცხადა მან.
„ყველა საკითხი, რომელიც მოსკოვში განვიხილეთ, მზადყოფნის მაღალ ეტაპზეა, როგორც საინვესტიციო პროგრამა, ისე შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დაფინანსება“, – აღნიშნა ბაბიჩმა. მანვე ტურიზმის განვითარებას სოციალურად იმედისმომცემი პროგრამა უწოდა.
ბაბიჩმა ოკუპირებულ აფხაზეთში ის ობიექტებიც მოინახულა, რომლებიც 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენდა, მათ შორის, საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღი გუდაუთისა და გაგრის რაიონებში.
2020 წლის ივნისში, ბჟანიამ შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში „საგანგაშო“ ფინანსური მდგომარეობის გამო და აღნიშნა, რომ რუსეთმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ექვსი თვით შეაჩერა, რის შედეგადაც, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდა ან გადაიდო. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი „ინვესტპროგრამისთვის“ დაფინანსებას „არ შეამცირებს“.
მოსკოვმა და სოხუმმა 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცეს, რომლის ფარგლებშიც, მოსკოვი სოხუმს 4.5 მლრდ რუბლს (დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარს) გამოუყოფს. საინვესტიციო პროგრამა ფინანსური დახმარების ერთ-ერთი სახეა, რომელსაც მოსკოვი სოხუმს რეგულარულად უწევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)