Site icon Civil.ge

ბრიუსელი მიესალმება ყირიმის ანექსიის საპასუხო სანქციების გაგრძელებაზე საქართველოს მიერთებას

ფოტო: consilium.europa.eu/

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მიესალმა რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ ევროკავშირის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე საქართველოს მიერთებას.

საბჭომ დაწესებული სანქციების 2021 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება 18 ივნისს მიიღო.

განცხადების თანახმად, საქართველო და სხვა მესამე ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ, მათ შორის, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, ისლანდია და ნორვეგია, „უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა საბჭოს ამ გადაწყვეტილებას შეესაბამება“.

ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირი ხსენებულ სანქციებს აწესებს ნახევარკუნძულთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე გულისხმობს ყირიმში წარმოებული საქონლის იმპორტის აკრძალვას, თუკი მათ უკრაინული სერთიფიკატები არ აქვთ, აგრეთვე რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელებისა და ტურიზმისა და მომსახურების სფეროს დაფინანსების აკრძალვას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)