Site icon Civil.ge

სამხედრო მინისტრი ჯარისკაცებზე მოძალადე ოფიცრების მკაცრად დასჯას მოითხოვს

სამხედრ მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, მის უკან მარცხვნივ რესპუბლიკის მთავარსარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე, მარჯვნივ გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, 1920 წლის მაისი, ასპინძის ბრძოლის 150 წლისთავის საიუბილეო სამხედრო აღლუმი. ფოტო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინო ქრონიკიდან. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 აგვისტო, N194

ბრძანება რესპუბლიკის ჯარების მიმართ

უკანასკნელ დროს რესპუბლიკის ჯარში ადგილი ჰქონდა რამდენიმე ყოვლად საზიზღარ შემთხვევას-ოფიცრებს უცემიათ ჯარის-კაცებისათვის.

ზედმეტად მიმაჩნია განუმარტო უფროსებს, თუ რამდენად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია ასეთი ყოვლად უმზგავსო საქციელი. სრულიად მტკიცე და ურყევი სამხედრო დისციპლინა აუცილებელია ჯარში, მაგრამ ქართველი ჯარისკაცის მოქალაქეობრივი შეგნება იმდენათ მაღალია, რომ ის სრულიად არ საჭიროებს აღზრდის ასეთ ბარბაროსულ საშუალებას.

ვაი იმ ოფიცერს, რომელიც არა ხელით, არამედ უშვერი გინებით შეურაცყოფს თავისუფალ რესპუბლიკის მხედარს. ბრიგადების და ცალკე ნაწილების კომანდირებს ვუბრძანებ სასტიკი თვალყური ადევნოს ამ გვარ მოვლენებს. ულმობლათ დაისაჯოს დამნაშავენი.

ასეთ ოფიცრებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ექნეს ადგილი რესპუბლიკის არმიაში. მომხდარი შემთხვევები სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული. დამნაშავენი სასტიკად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ – არმიიდან განიდევნონ და სამართალში მიეცეს.

ამიერიდან ასეთი საქმისათვის პასუხს ვაგებინებ არა მარტო პირდაპირ დამნაშავეს, არამედ იმ ნაწილის უფროსს, რომელშიაც ადგილი ექნება ასეთ უმზგავსობას.

სამხედრო მინისტრი

გრიგოლ ლორთქიფანძე