Site icon Civil.ge

ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლით დაისჯება

არჩილ თალაკვაძე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს, 26 აგვისტო, 2020, ფოტო: facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

ქართული ოცნების ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შევა, რომლის თანახმადაც ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

„ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, მმართველი გუნდის მიზანია, რომ მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით“ ჩატარდეს და მოქალაქეებს საარჩევნო პროცესების მიმართ მოქალაქეებს მაქსიმალური ნდობა გაუჩნდეთ. ამასთან, თალაკვაძისვე თქმით, ამ ცვლილებებით ოპოზიციის „დესტრუქციულ ნაწილს სათანადო პასუხი გაეცემა“.

„ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში“, – დასძინა მანვე.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება და მას კანონმდებლები სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.

150 წევრიანი პარლამენტიდან, არსებული მდგომარეობით ქართულ ოცნებას 93 დეპუტატი ჰყავს. ცვლილებების მიღებას 76 კანონმდებლის ხმაა საჭირო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)