ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას თანაშემწემ ლაშა საქანიამ ოკუპირებულ რეგიონში მისი შუამავლობით პატრიოტთა ალიანსის ვიზიტის ორგანიზების გამო გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ, 26 აგვისტოს, თანამდებობა დატოვა.
აფხაზურმა მედიამ საქანიას გადადგომაზე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე დაყრდნობით დაწერა, სადაც იგი ამბობდა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საზოგადოებრივი ღელვის თავიდან არიდების მიზნით მიიღო.
ქართულ მედიაში „საიდუმლო შეხვედრის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და აფხაზურ ოპოზიციურ ჯგუფების აღშფოთების შემდეგ, საქანიამ 24 აგვისტოს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონში დაადასტურა, პატრიოტთა ალიანსის ვიზიტი მან უზრუნველყო და განმარტა, რომ მას რელიგიური დატვირთვა ჰქონდა.
საქანიამ სტუმრებთან პოლიტიკური მოლაპარაკებები უარყო, ვიზიტს „წმინდა ჰუმანიტარული“ უწოდა და თქვა, რუსეთის ფედერაციიდან მას „ძველი მეგობარი“ დაუკავშირდა და საქართველოდან აფხაზეთში, ოჩამჩირის რაინში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის ხატის ჩასატანად, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის თხოვნით, ვიზიტის ორგანიზება სთხოვა.
იმავე დღეს, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აფხაზეთში, ილორის მონასტერში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ იგი მის თანაპარტიელ, დეპუტატ გიორგი ლომიასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთს 18 აგვისტოს სტუმრობდა.
საქანიასა და ინაშვილის აღიარებების საპასუხოდ, აფხაზეთის ოპოზიციურმა ჯგუფებმა, ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანთა გავლენიანმა კავშირმა „არუაამ“ იმ პირების დასჯა მოითხოვეს, რომლებიც ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. „არუაას“ წევრების მტკიცებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ ამ ვიზიტით ადგილობრივი კანონი დაარღვია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს რეგიონში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ.
აფხაზური მედიის ცნობით, ომის ვეტერანებმა 25 აგვისტოს „პრეზიდენტ“ ბჟანიასთან 3 საათიან შეხვედრაზე საქანიას გადადგომა მოითხოვეს. ამავე ინფორმაციით, ბჟანია მისი თანაშემწის ქმედებების შესახებ საქმის კურსში იყო და მათ შესაბამისი ზომების მიღებას დაჰპირდა. ამავე წყაროს ცნობით, ბჟანია აღნიშნული საკითხის განხილვას „პარლამენტის“ წევრებთან 27 აგვისტოს გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)