Site icon Civil.ge

ხუთიდან ორი: დაკარგული ამომრჩევლის ძიებაში

პარლმენტთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. 2019 წლის ნოემბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით სხვადასხვა არჩევნებზე ყოველი ხუთი ამომრჩევლიდან სამი ყველა (ან თითქმის ყველა) არჩევნებზე მიდის. დანარჩენი ორი კი, ჩვეულებრივ, სახლში რჩება და არჩევნების მიღმა ცხოვრობს. ვინ არიან ეს ადამიანები?


ავტორი: ხათუნა ნაჭყებია გამოყენებითი კვლევების კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია 2006 წლიდან. ის უკვე 30 წელია პოლიტიკურ და სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს.


წინაასაარჩევნო მარათონი უახლესი საქართველოს ისტორიაში სწორედ იმ სამ აქტიურ ამომრჩეველზე ნადირობაა. პარტიები ცდილობენ, ერთმანეთს წაგლიჯონ ელექტორატი. პასიური ამომრჩევლების გამოყვანა ჯერ ვერავინ მოახერხა და ამისთვის არც არავის გაუწევია დიდი ძალისხმევა.  არადა, ეს საარჩევნო სურათს მნიშვნელოვნად შეცვლიდა.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის საშუალებით[1], შევეცადეთ  იმ ხუთიდან  ორი ამომრჩევლის შესახებ უფრო მეტი გაგვეგო და გვენახა, რას ფიქრობენ ისინი.

რაოდენობრივი კვლევის ერთი საინტერესო შესაძლებლობა სხვადასხვა ნიშნით რესპონდენტების დაჯგუფებაა. დაჯგუფება შესაძლებელია ქცევის, ღირებულების, დამოკიდებულებისა და უბრალოდ დემოგრაფიული ნიშნების მიხედვით.

სოციოლოგიაში ამ დაჯგუფებას ჭრილებს ვეძახით. ჭრილებში საზოგადოებას უმეტესად ვაჯგუფებთ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ თუ რა ცვლადების გავლენით იცვლება ქცევა, ანდაც პირიქით – რა ქცევები განსაზღვრავს განწყობებს.

არჩევნებში მონაწილეობის ჭრილს რომ შევხედოთ, როგორც ვთქვით, გვყავს ორი ჯგუფი: ის, ვინც არჩევნებზე თითქმის ყოველთვის მიდის და ისინი, რომლებიც იშვიათად ან საერთოდ არ მიდიან არჩვენებზე.

არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია, რესპონდენტების უმეტესობისთვის „ცვლილებაა“,  რომელსაც არჩევნების შემდეგ ელიან.

ისინი, კი ვინ არჩევნებზე არ დადიან, მიიჩნევენ, რომ არც ერთი პოლიტიკურ ძალა არ არის მათი ინტერესებს დამცველი, ამიტომ მონაწილეობის აზრსაც ვერ ხედავენ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მათთვის არაფერი შეიცვლება.

შინდარჩენილთა ჯგუფს – ჩვენი ფოკუს-ჯგუფების დასკვნით – ზოგადად ასეთი განწყობა აქვს:

ამასთან, კმაყოფილი იქნება თუკი მთავრობა, რომელსაც სხვები აირჩევენ:

ამდენად, შინდარჩენილების ჯგუფი საარჩევნოდ კი პასიურია, ოღონდ სოციალურად – უკმაყოფილო და დახმარების მიღებისაკენ – მიდრეკილი.

განსხვავდება თუ არა ამ ორ ჯგუფში მოხვედრილი ადამიანების ღირებულებები? ამის გასაგებად არჩევნებში მონაწილეობას ზედ მეორე ჭრილიც დავაფინოთ და ვიკითხოთ – როგორია წამსვლელებისა და შინდარჩენილებისათვის სასურველი ქვეყანა?

ჩვენი რაოდენობრივი გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ მათთვის, ვინც არჩევნებზე დადის, საუკეთესო ქვეყანა დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და განათლებულია.

ისინი კი, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან, საუკეთესოდ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ და დასაქმებულ ქვეყანას მოიაზრებს.

ამდენად, ვინც არჩევნებზე არ დადის, დემოკრატიასაც ნაკლებად მიიჩნევს სასურველ ღირებულებად.

ამ საკითხში, განსხვავება საარჩევნო ქცევის მიხედვით ჩვენს მიერ დაყოფილ რესპონდენტთა ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვანია და თანაც არა შემთხვევითი. რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ასაკის ყველა მოქალაქე რომ გამოგვეკითხა, დიდი ალბათობით ანალოგიურ შედეგს მივიღებდით.

საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდით და ვკითხეთ რესპონდენტებს, თუ რას გულისხმობენ „დემოკრატიასა“ და „ეკონომიკურ ძლიერებაში.“

როგორც აღმოჩნდა, დემოკრატია, უმრავლესობის აზრით,  არჩევნების სამართლიანობა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვაა. ოღონდ არჩევნებზე წამსვლელები და შინდარჩენილები დემოკრატიის სხვადასხვა ელემენტებს ანიჭებენ უპირატესობას.  

წამსვლელებისთვის დემოკრატია უპირველესად გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება და მშვიდობიანი პოლიტიკური კონკურენციაა.

შინდარჩენილებისთვის დემოკრატია საერთო საქმის მოსაგვარებლად გაერთიანებაა, ერთმანეთის დახმარებაა გაჭირვებისას, ქველმოქმედება და სუსტის დაცვაა.  

„ეკონომიკური კეთილდღეობა“ ყველასთვის  დაკავშირებულია პირად კეთილდღეობასთან: ამ ცნებას უკავშირებენ  უმუშევრობას, დაბალ ანაზღაურებას,  ნეპოტიზმისა და შრომის უფლებების საკითხებს, ხანდაზმულების კეთილდღეობას და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას.

ვინც არჩევნებზე არ დადის და საუკეთესო ქვეყანად ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ და დასაქმებულ საქართველოს მიიჩნევს, საკუთარ პოზიციას ასე გამოხატავს:

„დემოკრატია ვიცი რაც არის და ძალიან კარგი რამეა, რა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ საქართველოში, როცა საქართველოში დემოკრატია მხოლოდ შეძლებულებისთვისაა. ღარიბ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია არ შეუძლია, შესაბამისად მისთვის დემოკრატია იქნება თუ არა სულ ერთი გახდა.“

სახლში ის ამომრჩევლები რჩებიან, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ – ეს შეიძლება ობიექტურად ეკონომიკური მაჩვენებელი კი არ იყოს (ანუ „აბსოლუტური სიღარიბე“) არამედ ის, რასაც გაერო „შედარებით სიღარიბეს“ უწოდებს – ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სოციალური და ეკონომიკური კაპიტალის ზრდის საშუალებას საჯარო პროცესის ფარგლებში ვერ ხედავენ. დემოკრატია მათთვის არაფერს ცვლის. (ყურადღება! ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი განწყობის მქონე ყველა მოქალაქე სახლში რჩება, შეიძლება არსებობდეს სხვა მოტივატორებიც – პატრიოტიზმი, რომელიმე პარტიისადმი ლოიალობა, ოჯახის სხვა წევრების აზრის პატივისცემა და ა.შ. – რაც მათ საარჩევნო ქცევას შეცვლის).

დასკვნის სახით: პოლიტიკოსების საქმეა დემოკრატია ხელმისაწვდომი  გახადონ ყველასთვის: თუკი თავისი ინტერესების დამცველს იპოვის, არჩევნებზე აქამდე სახლში დარჩენილი ხალხიც მივა და კამპანია მხოლოდ აქტიური ამომრჩევლის „წაგლეჯაზე“ არ იქნება მომართული.

არადა, პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროსაც ერიდებიან დაელაპარაკონ ამ ადამიანებს, იმის მომიზეზებით, რომ „მათ მაინც ვერ მოიყვან არჩევნებზე“. ეს მხოლოდ საბაბია. სინამდვილეში კი ეგებ ურჩევნიათ, არ გაიგონ იმ ადამიანების სურვილებსა და მისწრაფებების შესახებ, რომლის განხორციელებაზე ზრუნვაც მომდევნო წლებში მოუწევთ.


[1] კვლევა ჩატარდა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. რაოდენობრივი კვლევისთვის მონაცემები ელექტრონული გამოკითხვით მოვაგრვეთ, ხოლო თვისებრივი კვლევის მონაცემები ფოკუს-ჯგუფებით. სულ 6 ფოკუს-ჯგუფი საქართველოს მასშტაბით და რაოდენობრივი კვლევა 589 რესპონდენტის მონაწილეობით. ასეთი იყო საველე სამუშაოების სურათი

კვლევა დაფინანსებული იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (EWMI-ACCESS) ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისაა და შეიძლება არ ასახავდეს დამფინანსებელი ორგანიზაციების პოზიციას.

This post is also available in: English (ინგლისური)