Site icon Civil.ge

ახალი გადალაგება – ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ხატია დეკანოიძე, განათლების ყოფილი მინისტრი, იგი 2015-2016 წლებში უკრაინაში ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ფოტო: ხატია დეკანოიძის Facebook-ის გვერდიდან

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 26 აგვისტოს თბილისის ისნის მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის სახელით წარდგენილ გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა დაუყენა.

პარტიის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მათ ნაციონალური მოძრაობა დედაქალაში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე ოპოზიციაში მიღწეული შეთანხმების დარღვევის გამო გააკრიტიკეს.

საპასუხო პრეტენზიები გამოთქვეს ნაციონალურ მოძრაობაში და განმარტეს, რომ შეთანხმება პირველად გიორგი ვაშაძემ დაარღვია, როდესაც საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერა პარტია კანონი და სამართლის ლიდერს თაკო ჩარკვიანს გამოუცხადა. თავად თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ იგი ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, არც შეთანხმება დაურღვევია.

პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა დატოვეს და არჩევნებში ცალკე, ერთობლივი ბლოკით მონაწილეობის შესახებ განაცხადეს. ოპოზიციური კოალიაცია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საერთო ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის იდეით შეიქმნა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ ისანში კანდიდატის დასახელებას წინ, 24 აგვისტოს, ხმების ურთიერთდაცვაზე 30-მდე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობისა და ვაშაძე-ჩარკვიანის ერთობის შეთანხმება უძღოდა.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ნაციონალურმა მოძრაობამ „სიტყვა კვლავ გატეხა“ და „შეთანხმება დაარღვია“, რაც „ძალიან სამწუხაროა“.

თავის მხრივ, ხატია დეკანოიძე ოპოზიციის კანდიდატს კონკურენტად არ აღიქვამს. „მე მთავარ კონკურენტად განვიხილავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას „დიდ შეცდომად“ აფასებს და ამბობს, რომ ის „ცუდად იმოქმედებს, როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე, ზოგადად, ოპოზიციის შანსებზე“.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით კი, ოპოზიციამ საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე უკვე დაასახელა და „ამ გადაწყვეტილების შეცვლა, მისი რევიზირება არ მოხდება“.

დეკანოიძესთან ერთად, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ნაციონალური მოძრაობის კიდევ ორი წევრი – ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იყრიან კენჭს. ისინი გლდანსა და სამგორში საერთო ოპოზიციური კანდიდატები არიან.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)