Site icon Civil.ge

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჯაბიევის გარდაცვალებას ეხმიანება

ოკუპირებილი ცხინვალის მკვიდრები, ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას აპროტესტებენ, 29 აგვისტო, ფოტო: სააგენტო "რესი"

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, ახალგაზრდა კაცის, ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაცვალების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ უწყება „გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით“.

„28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის – ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მაცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა“, – ნათქვამია მინისტრის აპარატის 29 აგვისტოს განცხადებაში.

ამავე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, იმისთვის, რომ „მოსახლეობას უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს“.

მინისტრის აპარატი მოუწოდებს „საერთაშორისო პარტნიორებს განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები“.

28 აგვისტოს, ოკუპირებული ცხინვალის „შს მინისტრის“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ჯაბიევის გარდაცვალებას, რეგიონის მკვიდრების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა, რომ ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, აწამეს.

პროტესტის საპასუხოდ, ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მთავრობის სრული შემადგენლობა დაითხოვა და ყველა დამნაშავის დასჯის პირობა დადო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)