ის რვა ოპოზიციური პარტია, რომელთაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, „გაყალბებული“ არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და ყველა „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვენ.
- 150 წევრიან პარლამენტში ქართული ოცნება 91 მანდატს მიიღებს
- ყველა უბანი დათვლილია, ქართულმა ოცნებამ 17-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო
- ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო დავების განხილვის პროცესზე
- IRI-მ არჩევნების შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეს იძიებს
- არასამთავრობოები: 2020 წლის არჩევნები „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ იყო
25 ნოემბერი, ოთხშაბათი
18:00 – ოპოზიციის ლიდერები აშშ-ისა და ევროკავშირს ელჩებს შეხვდნენ
იმ 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლთაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ასევე ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 25 ნოემბერს, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიცია ბოიკოტს განაგრძობს, თუმცა ისინი მზად არიან, რომ „სამუშაო ჯგუფის ფარგლებში [ითანამშრომლონ] ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“.
„საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ შეიცვალოს [საარჩევნო] გარემო, მათ შორის კომისიების დაკომპლექტების წესი, არჩევნების ჩატარების წესი“, – დაამატა მან.
17:00 – ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან შეთანხმების შესაძლებლობაზე საუბრობს
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრა ტვ“-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუკი მოლაპარაკების საგანი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა იქნება.
მანვე თამარ ჟვანიას გადაყენების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნასაც უპასუხა და თქვა, რომ თამარ ჟვანია არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, იგი ცესკოს თავმჯდომარეა და „არაპოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობა ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი“.
„რაც შეეხება საარჩევნო კუთხით რეფორმას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, ამაზე, რასაკვირველია, შესაძლებელია საუბარი და შეთანხმების მიღწევაც“, – დაამატა მანვე.
კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე დიალოგზეც ისაუბრა და თქვა, რომ „გარკვეული ინიციატივები“ მმართველი გუნდსაც აქვს და ოპოზიციასაც. თუმცა, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნებისთვის „ერთადერთი წითელი ხაზი“ არის რიგგარეშე არჩევნები, ყველა დანარჩენ საკითხზე სასაუბროდ კი – ქართული ოცნება მზადაა.
24 ნოემბერი, სამშაბათი
11:00 – პიტერ სტანო საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ჩიხზე
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავარმა პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ მოიწონა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ბოლო განცხადება, რომელშიც იმედია გამოთქმული, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის გადალახვას შეძლებენ.
Georgia: after the elections 🇪🇺 looks forward to the majority & opposition finding the necessary compromise to enable cooperation in Parliament in order to advance reforms & address urgent health and socio-economic challenges in 🇬🇪 https://t.co/stcBuVLF4I
— Peter Stano (@ExtSpoxEU) November 24, 2020
21 ნოემბერი, შაბათი
20:30 – „საიამ“ 100-ზე მეტი დარღვევა გამოავლინა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, 20:00 საათისთვის, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 100-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის, ფარულობის პრინციპის დარღვევა, ამომრჩევლის ნების კონტროლი და დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა.
„პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება, მთელი საქართველოს მასშტაბით. „საიას“ დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამ ეტაპისთვის, „საიას“ დამკვირვებლებმა ჯამში, 24 საჩივარი დაწერეს, აქედან 14 – უბნის, ხოლო 10 – ოლქის დონეზე და 80-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს.
17:00 – „საია“: მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევაა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) შეფასებით, „მიუხედვად არაკონკურენტული მეორე ტურისა, პირველი ტურის მსგავსად, ამომრჩევლის ნების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება“.
ორგანიზაციის თქმით, „უბნებზე მობილიზებულნი არიან კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარემოს ქმნიან“.
„საიამ“ ჩუღუღეთისა და რუსთავის ორ ოლქში დამკვირვებლებისთვის საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში ხელშეშლისა და „ჯანმრთელობის დაზიანების“ მუქარის შემთხვეებიც გამოვალინა.
15:10 – „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო უბნებთან მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზებაზე სუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე არჩევნების მეორე ტურებს 35 მობილური ჯგუფით აკვირდება, 15:00 საათისთვის გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო უბნებზე „ძალიან დაბალი“ აქტივობაა, თუმცა „უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება“.
ამ დროისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; ხმის რამდენჯერმე მიცემის 1; დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი დააფიქსირეს.
13:00 – ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციამ მეორე ტურზე უარი 2016 წელსაც თქვა
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა, [2016 წლის] საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი [ოპოზიციის კანდიდატების] გვარები რჩება ბიულეტენებზე“, – განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
2016 წელს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 50 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. აქედან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ ორმა კანდიდატმა – სანდრა რულოვსმა და ირაკლი ალასანიამ თქვეს. პირველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მაჟორიტარობისთვის ზუგდიდში იბრძოდა, მეორე კი – გორის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას თავისუფალი დემოკრატების სახელით ხდილობდა.
20 ნოემბერი, პარასკევი
18:00 – ოპოზიციის ლიდერები აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ
იმ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ასევე ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს – კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ინდივიდუალურად შეხვდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ელჩებთან ხელახალი არჩევნების დანიშვნის, ცესკოს თავმჯდომარისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორეს. „ქართული ოცნებისგან ველოდები კომპრომისულ წინადადებას“ – დაამატა მანვე.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ შექმნილი ვითარების „გადაწყვეტის მექანიზმი“ ქართული ოცნების და არა ოპოზიციის ხელშია. „არცერთი წინადადება არ მომისმენია ქართული ოცნების მხრიდან“, – აღნიშნა მანვე და დაამატა, რომ შეთანხმების გარეშე პარლამენტში „ხელაღებით“ შესვლას იგი არ განიხილავს.
როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განმარტეს, პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრის მიზანი ფასილიტატორი ელჩების მხრიდან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის მომზადება იყო. აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, 12 და 14 ნოემბერს დიალოგის ორი რაუნდი უკვე გაიმართა.
12:00 – „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების მეორე ტურს „ლიმიტირებული“ რესურსით დააკვირდება
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში „ლიმიტირებული“ რესურსით, 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება.
ორგანიზაციის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი „მნიშვნელოვნად აზრს უკარგავს საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვებას“, ამასთან კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკისა და ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, „დამკვირვებელთა მთელი დღის მანძილზე საარჩევნო უბანზე ყოფნა მათ ჯანმრთელობას გაუმართლებელ რისკებს უქმნის“.
19 ნოემბერი, ხუთშაბათი
13:00 – ენმ-ძალა ერთობაშიამ მეორე ტურებზე უარი ოფიციალურად თქვა
საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიამ 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაერთიანების მაჟორიტარობის კანდიდატები 21 ნოემბრის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით ამ ფარსში [მეორე ტურში] მონაწილეობის მიღებას და არც ხელის შეშლას იმ პროცესისას, რომელ პროცესსაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი უწოდებს საქართველოში არჩევნებს“, – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ და დაამატა, რომ გაერთიანებაში ეს გადაწყვეტილება მეორე დღესვე მიიღეს, რაც „ამ ფარსის“ შესახებ გახდა ცნობილი.
ენმ-ძალა ერთობაშიამ ასევე განმარტა, რომ მეორე ტურების დღეს საარჩევნო უბნებთან არც ე.წ. სირცხვილის დერეფნები მოეწყობა. მათვე მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ „არ მიიღონ მონაწილეობა იმ ცირკში,რომელსაც 21 ნოემბერს დადგამს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი“.
18 ნოემბერი, ოთხშაბათი
12:00 – ირაკლი კობახიძე მაიკ პომპეოს ვიზიტსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდვინის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის „მჭიდრო“ სტრატეგიული თანამშრომლობის, ასევე აშშ-ის მხრიდან „საქართველოსა და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა“.
„ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას“, – თქვა კობახიძემ 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
იგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტოს არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ჩიხის გადალახვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
„ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ“, – თქვა ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და ოპოზიციის წარმომადგენლები საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად კიდევ ერთხელ მიიწვია.
16 ნოემბერი, ორშაბათი
15:00 – ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა
ოპოზიციური პარტიის ლიდერები მმართველ გუნდთან ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერებმა დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას და 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურების დროს პროტესტის გამოხატვის ფორმებზეც იმსჯელეს. პარტიების ნაწილი არ დაეთანხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, რომ მეორე ტურების დღეს, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.
„განიხილება საპროტესტო აქციების სხვადასხვა ტიპის ფორმატები. მაგალითად, ცოცხალი ჯაჭვი თბილისის გარკვეულ მონაკვეთზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის პროტესტი აუცილებლად იქნება, რომელიც დაემთხვევა მეორე ტურის ე.წ. არჩევნებს“, – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობი წევრმა თინა ბოკუჩავამ.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. მანვე დაამატა, რომ „ამ შემთხვევაში“, ევროპული საქართველო სირცხვილის კორიდორების მოწყობის იდეას არ ემხრობა და მასში მონაწილეობას არ მიიღებს. პროტესტის ამ ფორმას არც ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი შეუერთდება. „გირჩი არ აწყობს სირცხვილის დერეფანს“, – თქვა, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი – აღნიშნა, რომ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო სირცხვილის კორიდორებზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
11:00 – ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ
თბილისში, გლდანის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს დღეს დილით თავს დაესხნენ. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ოფისის მინები და დამწვარია შიდა სივრცე. მელიას შტაბში წევრები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელებმა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოიყენეს.
შინაან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
14 ნოემბერი, შაბათი
18:40 – ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით კიდევ ერთი აქცია გამართა
ოპოზიციურმა პარტიებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, დღეს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან 15:00 საათზე შეიკრიბნენ და „სამართლიანი“ და „თავისუფალი“ ხელახალი არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.
დაახლოებით სამსაათიანი აქციის ბოლოს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამომავლო გეგმა გააცნო. მისი თქმით, 17-18 ნოემბერს საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის, მაიკ პომპეოს სტუმრობისას მდუმარე აქციები მოეწყობა.
„ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის, უმაღლეს წარმომადგენელს და ასევე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და რუსთაველის პირველიდან, ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება ამ სტიკერებით. დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ!“, – განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ „ეს აქცია იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, არ შევეგუებით სიყალბეს და რომ, არასდროს დავუჩოქებთ ოლიგარქს“.
მისივე განცხადებით, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მოეწყობა 21 ნოემბერს, მეორე ტურების დღესაც. ამ დღეს ოპოზიცია ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავს. აქცია იგეგმება მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღესაც. აქციების პარალელურად, ოპოზიციის ლიდერები მმართველ გუნდთან დაწყებულ დიალოგსაც განაგრძობენ.
14:00 – ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გამართული პირველი დიალოგიდან ორ დღეში და ოპოზიციის საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართა.
13 ნოემბერი, პარასკევი
15:00 – „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო სასამართლო დავების შედეგებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადებით, სასამართლოებში 33 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით ჯამში წარდგენილი 19 საჩივრიდან, სასამართლომ ორ საოლქო საარჩევნო კომისიას მხოლოდ 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა დაავალა.
ორგანიზაციის ცნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ მხოლოდ სამგორის ერთი უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადათვლის შემდეგ, შედეგები არ შეცვლილა.
„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას სამი უბნის მონაცემების გადათვლა დაავალა. ორგანიზაციის თქმით, კომისიამ შედეგების გადასინჯვისას, არ გახსნა და არ შეამოწმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერები.
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, საბურთალოს სამი უბნის შედეგების გადათვლის შემდეგ, ერთზე შედეგები არ შეცვლილა. მეორე უბანზე აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას მიღებულზე ერთით ნაკლები, ნაციონალურ მოძრაობას კი პირიქით, ერთით მეტი ხმა ჰქონდა დაფიქსირებული. ამასთან, 26 ბათილი ბიულეტენის ნაცვლად, გრაფაში 25 ბიულეტენი ეწერა.
რაც შეეხება მესამე უბანს, „სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რომ შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენების გრაფაში მითითებულია 53 ბიულეტენი, შესწორების ოქმში 35, ხოლო დათვლის შედეგად 34 ბათილი ბიულეტენი გამოვლინდა.
14:15 – საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს
საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ლინას ლინკევიჩიუსმა ტელეფონით ისაუბრეს.
„ჩემს ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს ტელეფონით ვესაუბრე და ყურადღება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის მნიშვნელობაზე გავამახვილე. საარჩევნო პროცესისადმი ნდობა უნდა აღდგეს. ევროანტლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას“, – დაწერა ლინკევიჩიუსმა Twitter-ზე.
Spoke by phone with my Georgian colleague @DZalkaliani , stressed the importance of political dialogue between the ruling party and the opposition. Trust in electoral process must be restored. Lithuania stands by #Georgia on its Euro-Atlantic integration path. pic.twitter.com/kXOnA2tfbN
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) November 13, 2020
11:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საარჩევნო სასამართლო დავების შედეგებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, სასამართლოებში 11 ოლქის 42 უბნის ოქმების ბათილობისა და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნის შესახებ საჩივრებიდან 39 უბნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, სასამართლომ საოლქო კომისიებს ბიულეტენების თავიდან გადათვლა მხოლოდ 3 შემთხვევაში დაავალა. მათგან: ხელვაჩაურის ერთ-ერთი უბნის შედეგების გადათვლით აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას ერთით მეტი ბიულეტენი ჰქონდა მიკუთვნებული; ბათუმის ერთ-ერთ უბანზე კი – გირჩს 36-ის ნაცვლად 4 ხმა ჰქონდა მიღებული.
რაც შეეხება მესამე უბანს, ორგანიზაციის განცხადებით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას იმ უბნის გადათვლა დაავალა, სადაც ერთი პირის მიერ ხმის მრავალჯერ მიცემის მტკიცებულება არსებობდა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შედეგების „უპირობო“ გაუქმებას ითხოვდა, რადგან „გადათვლით შეუძლებელია აღმოიფხვრას ასეთი ტიპის გაყალბების შედეგები“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
12 ნოემბერი, ხუთშაბათი
15:30 – ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საცხოვრებელ სახლში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. მედიის ცნობით, შეხვედრას ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩები კარლ ჰარცელი და დიეგო კოლასიც ესწრებიან.
„ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიებიდან შეხვედრას – ენმ-ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, პატრიოტთა ალიანსის, ლელოს, გირჩის, მოქალაქეებისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ესწრებიან.
ტელეკომპანიისვე ცნობით, შეხვედრაზე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც მივიდა.
15:00 – „საია“ საარჩევნო დავების შედეგები სასამართლოში გასაჩივრებულ უბნებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) განაცხადა, რომ მან სასამართლოში 38 საარჩევნო უბნის შედეგები გაასაჩივრა და მხოლოდ 12 საჩივარი დაკმაყოფილდა.
ორგანიზაციის თქმით, ერთი უბნის მონაცემები რუსთავის ოლქში სრულად გაუქმდა, რადგან შემაჯამებელი ოქმები გადასწორებული იყო კორექტორით, ასევე, ოქმი არ იყო დამოწმებული ბეჭდით და არ ფიქსირდებოდა კომისიის წევრების ხელმოწერები.
ამას გარდა, დიდუბის ოლქში 2 უბნის მონაცემების ხელახალი გადათვლისას მნიშვნელოვანი ცდომილებები დაფიქსირდა. კერძოდ, ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინა, რომ ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ 2 ხმის ნაცვლად მიღებული ჰქონდა 32 ხმა.
კიდევ ერთ უბანზე ხმების ხელახალმა გადათვლამ აჩვენა, რომ ბათილი ბიულეტენები ჩათვლილი იყო ნამდვილ ხმებში, აცხადებს საია. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დალუქულ დოკუმენტაციაში არ იყო სპეციალური სია, რის გამოც ვერ დადგინდა, რამდენმა პირმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში სპეციალური სიიდან (კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები). „საია“-მ განაცხადა, რომ მან უბნის შედეგების გაბათილება მოითხოვა, თუმცა დიდუბის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალა.
14:00 – ოპოზიციაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ სავარაუდო დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების საპასუხოდ, რომ სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა“, ოპოზიციის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მათ ამ დიალოგის შესახებ არაფერი იციან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, მედიასთან საუბარში განმარტა, რომ იგი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩაშლილი დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მანვე დასძინა, რომ ქართული ოცნების მხრიდან შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოლაპარაკებისთვის ოპოზიციაც მზად არის.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიციის საერთო სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკება არ ჰქონია და „ეს ინფორმაცია არის ტყუილი“. „მას, შესაძლოა, ჰქონდა სხვადასხვა პრივატული შეხვედრები საელჩოს წარმომადგენლებთან“, – დაამატა მან.
„იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?“, – დაწერა გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა საბა ბუაძემ კი განმარტა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადება, ოპოზიცურ მოლაპარაკებებში წარმოდგენილი მისი თანაპარტიელების პოზიციისგან განსხვავება.
11 ნოემბერი, ოთხშაბათი
22:30 – გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შესაძლო დიალოგის ჩაშლაზე საუბრობს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიერ პოლიტიკური პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანის შესახებ განცხადებაზე ოპოზიციის მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურების შემდეგ, ვაშაძემ მიმდინარე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო დიალოგის შესახებ ვრცლად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში მოქალაქეების „მასშტაბური“ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუმცა პარალელურად, პოლიტიკოსები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და სინჯონ, „შეიძლება, რომ მოინახოს კომპრომისის ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას შორის“. „ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ ეს მოლაპარაკებები დასრულდება წარმატებით თუ წარუმატებლად“, – დაამატა ვაშაძემ.
მანვე ოპოზიცია და მმართველი გუნდი დიალოგის გზების ვერმონახვის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ასეთ პირობებში, მოლაპარაკებების ხელშესაწყობად საერთაშორისო პარტნიორების იმედი აღარ უნდა გვქონდეს. „ეს ადამიანები თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ და იტყვიან, რომ არ გამოგდით? თქვენ თავს დააბრალეთ. იმიტომ, რომ ყველა ხართ ერთნაირი“, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
„ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიე ჩაიშალა… ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა“, – განმარტა ვაშაძემ.
მალევე, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ მათ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შესაძლო დიალოგისა და მისი ჩაშლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და მათთვის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადება გაუგებარია.
მანამდე. ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ – ევროპულმა საქართველომ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და გირჩმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და თქვეს, რომ ისინი ბოიკოტის შესახებ შეთანხმების ერთგულნი რჩებიან, ამ მოცემულობაში პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამართვასაც გეგმავენ.
ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასა და ყველა „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვს.
15:00 – საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელ ოქმებზე მუშაობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
მედიის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმებზე მუშაობა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სამგორის, ვაკე-საბურთალოს და გლდანის, ასევე ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, გორისა და წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიებთან.
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებს არჩევნების შედეგების შეჯამების ბოლო ვადა აქვთ, მათ შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს მომდევნო ხვალისა ცესკო-ს უნდა გადასცენ.
10 ნოემბერი, სამშაბათი
21:00 – კარლ ჰარცელი მიესალმება დიალოგისკენ მოწოდებებს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიესალმება „პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი“. „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და აშშ-ის საელჩო კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის“, – წერს იგი Twitter-ზე.
მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. @EUinGeorgia და @usingeo კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის.https://t.co/Q7XO21Pgya
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) November 10, 2020
19:50 – „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტების უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებისას დაშავებული ჟურნალისტების საკითხს ეხმიანება და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება საკუთარი საქმიანობის შესრულების დროს. RSF-ი აღნიშნავს, რომ ცესკოსთან მიმდინარე აქციისას სულ ცოტა 7 ჟურნალისტი დაშავდა და დაზიანდა მათი ტექნიკა.
#Georgia: During the protest in Tbilisi outside the Central Election Commission on Sunday night, at least 7 journalists were injured by water cannons used by the police & equipment damaged. @RSF_inter asks for the government to ensure their safety during their work. [1/2] pic.twitter.com/rVX30eeka2
— RSF in English (@RSF_en) November 10, 2020
16:50 – გერმანიის ელჩი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის ინიციატივას მიესალმება
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის პერსპექტივას 10 ნოემბერს განცხადებით გამოეხმაურა.
„პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, – თქვა ელჩმა.
16:45 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 8-9 ნოემბრის აქციისას მედიის წარმომადგენელთა დაზიანების ფაქტებზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TIG) „საგანგაშოდ მიიჩნევს 2020 წლის 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან განვითარებული საპროტესტო აქციის დროს მედიის წარმომადგენლების ფიზიკური დაზიანების და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ქვეყანაში ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფისა და მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ… მნიშვნელოვანია, რომ დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მოხდეს მედიის წარმომადგენლებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და უზუნველყოფილი იყოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის სათანადო პირობების შექმნა“.
15:45 – სააკაშვილი ვაშაძეს სრულად ეთანხმება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ვაშაძის განცხადებას Facebook-ით გამოეხმაურა და თქვა, რომ მას „მთლიანად“ ეთანხმება. „უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“, – დაწერა მან.
15:40 – ნაციონალურ მოძრობაში ამბობენ, რომ ვაშაძის განცხადება პარტიასთან შეთანხმებული არ იყო
პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება „პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია“ არ იყო.
„სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს“, – აღნიშნა დეკანოიძემ და დაამატა რომ მოლაპარაკების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა „მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ“.
14: 30 – 4 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ოთხი ოპოზიციური პარტია – ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ გაყალბებული არჩევნების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შესვლას.
„ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით“, – აცხადებენ ისინი.
პარტიები გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის მზად არიან და 14 და 21 ნოემბერს დაგეგმილი დემონსტრაციების გამართვას კვლავაც გეგმავენ.
პარტიები შსს-ისგან მოითხოვენ „არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად“.
13:30 – გრიგოლ ვაშაძე: პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ, დემოგრაფიულ პრობლემებთან და კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული „უმძიმესი გამოწვევების“ გამო პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადავიდეს.
„მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას – სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მანვე სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადავო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ აღნიშნული პოლიტიკური კრიზისის დასრულების, ასევე ოპოზიციის სამართლიანი გამარჯვებითა და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების საშუალება იქნება.
„მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას“, – განაცხადა ვაშაძემ.
მოგვიანებით მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დამატებით განმარტა, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მას სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე პოლიტიკური კომპონენტი უნდა დაემატოს.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებამდე ოპოზიციამ არც მეორე ტურში უნდა მიიღოს მონაწილეობა და არც პარლამენტში შევიდეს. „ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“.
13:25 – ცესკო საოლქო კომისიებში წარდგენილ საჩივრებზე საუბრობს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 ნოემბრის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 1 941 საჩივარი შევიდა, მათ შორის, 1 272 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა, 564 კი – სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს. ცესკოს განმართებით, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, დარღვევებით წარდგენილი საჩივრების გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126 განუხილველი დარჩა.
ცესკოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, საოლქო კომისიებმა 39 უბნის შედეგები გადაითვალეს, მათგან 6 საკუთარი ინიციატივით, 14 განცხადება/საჩივრის, ხოლო 19 შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
„ჯამში, გადათვლის პროცესი შეეხო 24 500-მდე ამომრჩეველს და შესაბამისი რაოდენობის ხმებს“, – აცხადებენ ცესკოში და დასძენენ, რომ შედეგები უმეტეს შემთხვევაში უცვლელი დარჩა უცვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი – დაზუსტდა და შეიცვალა.
11:00 – თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას საზოგადოების დაყოფა სურს
მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას „არჩევნების შედეგებზე თავდასხმით“, „საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება“ სურს.
„ჩვენ გვსურს საზოგადოების გაერთიანება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების შედეგების პატივისცემით და აღიარებით“, – ამბობს იგი.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისკენ არ უნდა მოუწოდებდეს. „თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში“, – დასძენ არჩილ თალაკვაძე.
10:00 – „საია“: 8 ნოემბრის აქციაზე გამოყენებული ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს გამოყენებული საპოლიციო ძალა იყო „უკანონო“, „არაპროპორციული“ და „საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა“.
ორგანიზაციის განცხადებით, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებამდე „პოლიციას სათანადოდ არ უცდია სიტუაციის განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებით“ და ძალის გამოყენების შესახებ წინასწარ არც დემონსტრანტები გაუფრთხილებია. „კადრებიდან ჩანს, წყლის ჭავლი ასევე გამოიყენებოდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ“, – განმარტავს „საია“.
„საია“-ს შეფასებით, 21:43 სთ-ზე პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გაფრთხილების გარეშე გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგანაც „იმ მომენტში აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ შენობის მიმდებარედ არსებული ღობის მიღმა“.
ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ „სპეციალური საშუალებები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია აქციის მონაწილეებთან ინდივიდუალურ დონეზე გამკლავება“.
„საია“ ასევე განმარტავს, რომ წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო აქციის 10-მდე მონაწილემ. შესაბამისად, „იმ პირობებში, როდესაც დემონსტრანტების მხრიდან არ ხდებოდა მასობრივი დარღვევები და არ არსებობდა მყისიერი საფრთხე“, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება იყო არაპროპორციული“.
„საია“ ასევე ხაზს უსვამს, რომ „დაუმორჩილებელ და ძალადობრივ ქმედებებს“ აქციის მხოლოდ ერთეული მონაწილეები მიმართავდნენ, რაზეც სამართალდამცველებს ინდივიდუალური ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ და „მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებაში“ არ უნდა ჩარეულიყვნენ. „[ამდენად],პოლიციის მიერ მიღებული ზომა ასევე არ აკმაყოფილებდა აუცილებლობის კრიტერიუმს, – დასძენს ორგანიზაცია.
00:20 – პოლიციამ ხატია დეკანოიძე 2 000 ლარით დააჯარიმა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 4210-ე მუხლით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დართვევისთვის 2 000 ლარით იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი კომენდანტის საათის დროს საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა.
9 ნოემბერი, ორშაბათი
22:47 – სახალხო დამცველი კომენდანტის საათის დროს პროტესტის შესახებ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება,“ აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
22:10 – ვაჟა სირაძე დაკავებულ აქტივისტებზე
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ „სირცხვილიას“ აქტივისტების დაკავების მიზეზი განმარტა და თქვა, რომ შეშა, შესაძლოა, ძალადობის საგნად ყოფილიყო გამოყენებული. ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის წინ ცეცხლის დანთებით, „შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების სიცოცხლეს“. სირაძემ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი მოიხმო, რომლის მიხედვთიაც, „პოლიციას უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“.
პოლიციამ „სირცხვილიას“ აქტივისტები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი აქციაზე შეშის მიტანას ცდილობდნენ.
22:00 – კომენდანტის საათის მიუხედავად, საპროტესტო აქცია გრძელდება
კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად, საპროტესტო აქცია გრძელდება. პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების ნაწილი რჩება. ადგილზე არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
21:50 – პოლიციამ „სირცხვილიას“ სამი აქტივისტი დააკავა
პოლიციამ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ სამი აქტივისტი – გიორგი მჟავანაძე, ლექსო მაჭავარიანი და ნოდარ რუხაძე მაშინ დააკავა, როდესაც ისინი საპროტესტო აქციაზე შეშის შეტანას ცდილობდნენ.
„სირცხვილიას“ წევრებმა მთავრობის მიერ დაწესებული კომენდანტის საათის საპასუხოდ დაუმორჩლებლობის აქცია დაგეგმეს. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის დეკრეტის გარეშე კომენდანტის საათის გამოცხადების უფლება არ აქვს. შესაბამისად, ისინი 05:00 საათამდე პარლამენტის შენობის წინ დარჩენასა და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას აპირებენ. ადგილზე არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.
21:00 – არასამთავრობოები – კომენდანტის საათის დაწესება „არაკონსტიტუციურია“
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებების ცენტრი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია“.
„ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას“, – დასძენენ ისინი.
20:30 – ოპოზიცია ორ სამომავლო დემონსტრაციაზე საუბრობს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციაზე მოქალაქეებს ოპოზიციის სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, ოპოზიცია შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ფართომასშტაბიან აქციას გამართავს.
ამასთან, მელიასვე თქმით, 21:00 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურების პარალელურად ოპოზიცია, რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალს ჯაჭვს მოაწყობს.
18:05 – პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
პარლამენტის წინ გეგმისამებრ ოპოზიციის, მათი მხარდამჭერებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია ზუსტად 18:00 სთ-ზე განახლდა.
შეკრებილებს იგივე მოთხოვნები აქვთ:
- ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
- თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო კომისიების სამართლიანი წესით დაკომპლექტება;
- ყველა „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლება.
ამ მომენტში აქციის მონაწილეებს პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. მოგვიანებით, ოპოზიცია მოქალაქეებს სამომავლო გეგმების შესახებ ამცნობს.
15:00 – ცესკო დიალოგისთვის მზად არის
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, 8 ნოემბერს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობასთან განვითარებული მოვლენები ცესკოზე „ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა“, რომელიც „უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება“.
ცესკოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა და მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი, „კონკრეტული პოლიტიკური მხარეები“ მიმდინარე პროცესების ხელშეშლას ცდილობენ, რაც დამოუკიდებელი ინსტიტუტის სახელის „მიზანმიმართულ დისკრედიტაციაა“.
საარჩევნო ადმინისტრაცია „მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ“.
ცესკო მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში.
13:50 – პრემიერი: „მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინდელ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივითა და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე“. „მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, – დასძინა მანვე.
პრემიერმა ყურადღება გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა და „პასუხისმგებლობისგან დაცვლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“ ცესკოს შენობის შტურმისა და დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებში, ასევე პოლიციელებისა და ექიმების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა დაამატა, რომ მათი მხრიდან, ფაქტობრივად, „სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირ მოწოდებას“ ჰქონდა ადგილი. იყო.
მისივე შეფასებით, „ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს“. „სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, – დაამატა პრემიერ-მინისტრმა.
12:15 – შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯამში 27-მდე პირი დაშავდა
შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, 8 ნოემბერს, ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 27-მდე პირი დაშავდა, მათგან 14-მდე სამართალდამცველი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე მოქალაქე.
12:10 – შს მინისტრის მოადგილემ ცესკოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა
შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„გუშინ გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, – თქვა საბანაძემ და დასძინა, რომ „აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს და ბლაგვ საგნებს და სცადეს, უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე“.
მანვე განმარტა, მიუხედავად შსს-ს არაერთი გაფრთხილებისა, შეკრებილებმა „განაგრძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის მცდელობა“, რის შემდეგაც პოლიციამ „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი გამოიყენა“.
საბანაძის თქმით, 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, უწყებამ ჯამში 19 პირი დააკავა. მისივე განცხადებით, ცესკოსთან „განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე“ შსს-ში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
დღევანდელ ბრიფინგზე კახა საბანაძემ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის გამოყენება „კატეგორიულად“ უარყო და განმარტა, რომ, შესაძლოა, სამართალდამცველებმა ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. „ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, სხვაობა დიდია. ეს არის აეროზოლი, სპრეი, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს“, – თქვა მანვე.
01:35 – ოპოზიცია მოქალაქეებს დაშლისა და 18:00 სთ-ზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს
სამართალდამცველების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის კიდევ ერთხელ გამოყენების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა – ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ და მოქალაქეების თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა, ცესკოს წინ შეკრებილებს დაშლისა და საპორტესტო აქციის 18:00 სთ-ზე პარლამენტთან განახლებისკენ მოუწოდეს.
მიუხედავად მოწოდებისა, მოცემული მომენტისთვის, მომიტინგეების დიდი ნაწილი, რომელთა წინააღმდეგაც პოლიცია წყლის ჭავლს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იყენებდა, კვლავ ადგილზე რჩება.
01: 25 – ომბუდსმენი კიდევ ერთ გაცხადებას ავრცელებს
ცესკოსთან ვითარების დაძაბვისა და პოლიციის მიერ წყლის ჭავლის კიდევ ერთხელ გამოყენების შემდეგ, სახალხო დამცველი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და სთხოვს:
- ხელისუფლებას, დაუყოვნებილივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა;
- ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეტონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად;
- ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია.
01:20 – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას ცესკოსთან ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ცესკოსთან მიმდინარე შტურმში“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ადანაშაულებს. იგი 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ პარლამენტზე შტურმის ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის ზონდერჯგუფებს“ მაშინაც ნიკა მელიამ მისცა. „ამ საქმეთან დაკავშირებით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი“, – დასძენს იგი.
„ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, – აღნიშნავს კობახიძე.
მისივე თქმით, „პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში“ და „საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როცა პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში“.
„მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ“, – დასძენს იგი.
01:16 – პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებას განაგრძობს
უკვე 10 წუთზე მეტია, რაც პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას განაგრძობს.
00:10 – საია: წყლის ჭავლის გამოყენება გაუმართლებელია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ცესკოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმიანება და აცხადებს – „იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდება“.
„საია“ განმარტავს, რომ „სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება“ და დასძენს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო „დაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ გაუმართლებელია“.
01:03 – მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლი გამოიყენეს
რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა ცენტრალურ საარჩევნო კომიასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ის ღობე მოარღვიეს, რომელიც მათ სამართალდამცველებისგან ჰყოფდა. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
8 ნოემბერი, კვირა
23:50 – სამართლიანი არჩევნები: პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო აზოგადოება“ უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავს, ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს „სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“ და აცხადებს, რომ „აქციის დაშლის მცდელობისას“ პოლიციამ „გადამეტებული ძალა“ გამოიყენა.
იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციის მიერ „წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია საწყის ფაზაში იყო და აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს“, „სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ „არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი“. ორგანიზაცია ასევე დასძენს, რომ სამართალდამცველებმა „სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები“ ისე გამოიყენეს, რომ აქციის მონაწილეების წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, „არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყონ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეუფერხებლად განხორციელება“.
23:05 – პოლიციის ქმედებები შეკრებისა და მანიფეაციების უფლებას არღვევს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, ცესკოსთან „პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს“.
22:50 – ომბუდსმენი: გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენება კანონმდებლობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმიანება და ამბობს, რომ აქციის მონაწილეების ხმამაღალი ფორმით გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენება „ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას“.
„პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ“, – განმარტავს სახალხო დამცველი.
22:30 – შსს მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
უწყება განმარტავს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, „აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა“.
„აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყებაში ასევე დასძენენ, რომ „სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს“.
შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე დაამატა, რომ პოლიციას მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი არ გამოუყენებია.
21:45 – ცესკოს შენობასთან მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მისული მონიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე რამდენიმეათასიანი აქციის მონაწილეები 20:00 საათზე ცენტრალური საარჩენო კომისიის შენობისკენ გაემართნენ. მათი ნაწილი ცესკოსთან უკვე მივიდა.
21:00 – ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან შეხვედრაზე: დაველოდებით საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოიტყუა, როდესაც აქციაზე თქვა, რომ თითქოს ოპოზიციას მმართველი გუნდის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. ნაცვლად, კობახიძემ განმარტა, რომ მათ პირიქით, ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა დაუკავშირდა და არჩევნების თემაზე შეხვედრა სთხოვა.
„ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის“, – თქვა კობახიძემ და დასძინა: „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას“.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივა დღეს ბუნებრივია არანაირი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა“, – დაამატა მან.
20:00 – საპროტესტო აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ
ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ შეკრებილებს მიმართა და მათ ცესკოს შენობისკენ გადაადგილებისკენ მოუწოდა.
„უნდა წავიდეთ, იქ დავრჩეთ და კომენდანტის საათი უნდა დავუწესოთ ცესკოს შენობას, ვერავინ იქ ვეღარ შევა და იქიდან ვეღარ გამოვა, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველანი“, – თქვა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან კონტაქტზე გამოვიდა და მათ ხვალ შეხვედრა შესთავაზა.
„მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დღეს დაგველაპარაკოს და რეჟიმს, რომელსაც არ დაეჯერება არცერთი სიტყვა, სანამ შეხვედრა არ შედგება, არცერთ ჩვენგანს არცერთი ჰიპოტეტური დაპირების არ სჯერა“, – ხაზი გაუსვა მელიამ.
მელიას მიმართვის შემდეგ, მომიტინგეები ელბაქიძის დაღმართის გავლით, დიღომში, ცესკოს შენობის მიმართულებისკენ დაიძრნენ.
16:45 – ოპოზიცია მოთხოვნებს აყენებს და ივანიშვილს დროს 20:00 საათამდე აძლევს
ოპოზიციური პარტიების სახელით, საერთო მიმართვა გაჟღერა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილსგან შემდეგი სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ:
- ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
- თამარ ჟვანიას გადადგომა და საარჩევნო კომისიების სამართლიანი წესით დაკომპლექტება;
- ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.
ხოშტარიას განცხადებით, წამზომი ჩართულია და ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს დროს 20:00 საათამდე აძლევს.
16:40 – მელიას თქმით, თუკი ივანიშვილი ცეკოს თავმჯდომარეს გადააყენებს, ოპოზიცია მასთან შესახვედრად მზად არის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრისა და გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, თუკი ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 20:00 სთ-მდე ცესკოს „გამყალბებელ“ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გადააყენებს, ოპოზიცია მზად არის, რომ „ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“ შეხვდეს.
„რვა საათამდე ბატონ ივანიშვილს აქვს დრო. მოიფიქრებს, მოიფიქრებს, არ მოიფიქრებს, ამის შემდეგ, ჩვენ გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას და აუცილებლად, მტკიცედ და მშვიდად ვიმოქმედებთ ბოლომდე“, – დასძინა მელიამ.
15:00 – პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია დღეს, ზუსად 15:00 საათზე დაიწყო.
პარლამენტის წინ შეკრებილები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ამ მომენტში, პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. მოგვიანებით, ისინი შეკრებილებს ოპოზიციის სამომავლო სამოქმედო გეგმასა და ერთობლივ ოპოზიციურ მოთხოვნებს გააცნობენ.
თბილსის პარალელურად, იმავე მოთხოვნებით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს.
7 ნოემბერი, შაბათი
15:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საარჩევნო სასამართლო დავების ონლაინ რეჟიმში განხილვას ითხოვს
ქვეყნის მასშტაბით არსებული ეპიდსიტუაციის გათვალიწინებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო დავების ონლაინ რეჟიმში გამართვას ითხოვს.
ორგზანიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი იურისტების უმრავლესობა თვითიზოლაციაში იმყოფება, საარჩევნო დავების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მოთხოვნა არცერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა.
„გამაოგნებელი [და] სრულიად გაურკვეველია, რატომ არის შეუძლებელი სხდომების ონლაინ რეჟიმში ჩატარება, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს უკვე გააჩნია პროცესების ონლაინ ჩატარების შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს სასამართლოებს, რომ პროცესების ონლაინ ჩატარების რეჟიმზე გადავიდნენ, რათა ორგანიზაცია სასამართლო პროცესებზე საკუთარი პოზიციების სათანადოდ წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს.
14:30 – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ცესკომ მათგან სასამართლოში გასაჩვრებულ უბნებზე ინფორმაცია ითხოვა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ 42 უბნის შედეგების სასამართლოში გასაჩივრების შესახებ განაცხადა, ცესკომ მათგან გასაჩივრებულ ოლქებზე ინფორმაციის მიწოდება ითხოვა, რათა „საოლქო კომისიების წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესებზე ამ უბნების გადათვლასთან დაკავშირებით ცესკოს პოზიცია გაითვალისწინონ“.
ცესკოს წერილზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის „ცალსახა პოზიციაა, რომ მხარი დაუჭირონ გადათვლებს“ და დასძენს, რომ „საოლქო კომისიებს ჩვენი საჩივრების უდიდესი უმრავლესობის განხილვის დროს, როცა გადაწყვეტილების მიღება მათ ხელში იყო, ეს არ გაუკეთებიათ“.
„სამწუხაროა, რომ საოლქო კომისიებმა არ გამოიყენეს შესაძლებლობა, დასაბუთებული საჩივრების დაკმაყოფილებით განემუხტათ კრიზისი და საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გაეზარდათ. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროში გაწელვა ჩრდილს აყენებს საარჩევნო კომისიების რეპუტაციას და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აღრმავებს“, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე აცხადებს, რომ მხოლოდ იმ უბნების განხილვა, რომლებზეც ორგანიზაცია დაობს, საკმარისი არ იქნება და ცესკო პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებსაც „გულისყურით“ უნდა მოეკიდოს.
6 ნოემბერი, პარასკევი
18:50 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 42 უბნის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შეტანილი 108 საჩივრიდან 42 უბნის შედეგებს, სადაც „განსაკუთრებულად პრობლემური შემთხვევები იყო“, სასამართლოში გაასაჩივრებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, წარდგენილი 108 საჩივრიდან 46 არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და მათგან 41 არ დაკმაყოფილდა, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებული 62 საჩივრიდან კი, რომლებშიც ორგანიზაცია ყველა შემთხვევაში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა, მხოლოდ 3 დაკმაყოფილდა.
18:00 შსს-მ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სროლის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ერთი პირი (ა.რ) დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილებისას რამდენჯერმე გაისროლა. უწყებისვე განცხადებით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შსს-ში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
15:00 – მამუკა მდინარაძე უმნიშვნელო დარღვევებსა და „რადიკალურ ოპოზიციაზე“ საუბრობს
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მინიმალური რაოდენობის საჩივრები შევიდა და რომ მათში „არანაირი გაყალბების კვალი“ არ იკვეთება. მდინარაძემ „რადიკალური ოპოზიცია“ „სიყალბის დამტკიცებაშიც დაადანაშაულა“:
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა. კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთსა და იმავე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო ეს საჩივრები შეტანილი.
ამ საჩივრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 20-მდე..[…].. ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა.
ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას“.
5 ნოემბერი, ხუთშაბათი
21:30 – საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის მასშტაბით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე აქციებს ეხმიანება და ამბობს, რომ აქციები ცესკო-ს მუშაობას „აფერხებს“.
„საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი – აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა“, – ამბობს პრეზიდენტი.
იგი მოქალაქეებს სიმშვიდის, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისა და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს.
„ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!“, – ამბობს, სალომე ზურაბიშვილი.
20:00 – საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებენ.
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის შიგნითაც და გარეთაც. ადგილზე მისული პროტესტის მონაწილეები საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც საჩივრები უნდა განიხილოს, სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევენ. ისინი, სხდომაზე მერობის ორი ოპოზიციონერი კანდიდატის დაშვებასა და ყველა საარჩევნო უბნის ხელახლა გადთავლას ითხოვენ. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ მერობის კანდიდატებს სხდომაზე დასწრების უფლებამოსილება არ აქვთ და, შესაბამისად, ვერც შესვლას შეძლებენ.
ფიზიკური დაპირისპირება იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომიასთან მიმდინარე საპროტესო აქციაზეც, სადაც გუშინდელი აქციის დროს 9 პირი დააკავეს.
საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაც, სადაც პოლიციაა მობილიზებული და ოპოზიციის წარმომადგენლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.
16:00 – ფინანსთა მინისტრი – ლარის კურსის მერყეობა პოლიტიკური დაძაბულობის ბრალია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანი თქმით, ამ ეტაპზე, ლარის კურსის მერყეობის არანაირი „ობიექტური პირობა“ არ არსებობს და „ეს ერთმნიშვნელოვნად გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასთან და რადიკალიზმთან“.
მანვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები კოვიდ-19-ის კიდევ უფრო გავრცელებას უწყობს ხელს და ამ კონტექსტში ყველას მხრიდან პასუხისმგებლობის გამოჩენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ მინიმალური წესების დაცვა „ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს, როგორც ლარის კურსის მერყეობის, ასევე, ვირუსის გავრცელების შემცირების მიმართულებით“.
13:00 – საოლქო საარჩევნო კომისიებთან პროტესტის დროს 12 პირი დააკავეს
4 ნოემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინიტრომ თბილისში გამართულ აქციებზე ჯამში 12 პირი დააკავა, მათგან 9 ისნის, ხოლო 3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან. პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსმა გამოიწვია. გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე სამი პირის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
შსს-ს ცნობით, 12 დაპატიმრებულიდან 5, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით იყვნენ დაკავებულნი, უკვე თავისუფლები არიან, დანარჩენი 7-ის საკითხზე კი – სასამართლო დღეს იმსჯელებს.
12:00 – მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქსნის პენიტენციური დაწესებულების მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები გააბათილა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ არჩევნებში ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი „მნიშვნელოვანი შეცდომების“ გამო გააბათილა.
მანამდე, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატს, შალვა კერესელიძეს ამომრჩევლის ხმების 50.1% ჰქონდა და ის არჩევნებს პირველივე ტურში იგებდა. არსებული მონაცემებით კი – კერესელიძეს 49.67% აქვს. მიუხედავად ამისა, ცესკო-ში მეორე ტურის ჩატარების საჭიროებაზე ჯერ არ საუბრობენ.
ქსნის პენიტენციური დაწესებულება სწორედ ის სპეციალური უბანია, სადაც 31 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არ შეუშვეს. მაშინ ომბუდსმენის ოფისში თქვეს, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს და რამდენიმე მსჯავრდებულმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
ომბუდსმენის აპარატი ქსნის პენიტენციური დაწესებულების შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას მიესალმა. „სახალხო დამცველის აპარატისთვის ნათელი გახდა ის ფაქტი, თუ რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც არ იქნა აღკვეთილი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
4 ნოემბერი, ოთხშაბათი
22:00 – ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე საჩივრების განხილვაზე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ზოგიერთ ოლქში საჩივრების განხილვის პროცესი უკვე დასრულდა, ზოგან კი – განხილვის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს.
ცესკო-ს ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ხელახლა გადათვლის შედეგად უცვლელი დარჩა საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს თითო საარჩევნო უბნის შედეგები. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, შედეგების გასწორების საჭიროება არც ოზურგეთის საოლქო კომისიაში „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე ერთი უბნის გადათვლის შემდეგ დამდგარა.
ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორისა და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმართებით, ცესკო მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ აქ საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა.
საჩივრების განხილვა 5 ნოემბერსაც გაგრძელდება. საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილების გასაჩივრება საქალაქო სასამართლოშია შესაძლებელი, რომელიც საჩივარს მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს.
19:50 – თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურზე უარი არის კაპიტულაცია
მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნაციონალურ მოძრაობასა და მის „დესტრუქციულ მოკავშირეებს“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ეს არის კაპიტულაცია“. მისივე შეფასებით, ოპოზიცია მეორე ტურებს ბოიკოტს იმიტომ უცხადებს, რომ წაგების მოლოდინი აქვს და თავს „წინასწარ იზღვევს“.
თალაკვაძის თქმით, საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზე თავდასხმა და მისი შედეგების ბოიკოტირება „მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია“ და „ვინც ამ სცენარს ემსახურება და მხარს უჭერს, არის რუსეთის ინტერესების მოკავშირე“.
მანვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო პროცესებში „კანონის დარღვევით“ ჩარევაშიც დაადანაშაულა.
„ქართული ოცნება მზად არის მეორე ტურში სამართლიან ბრძოლაში ჩაერთოს… მზად არის გაიმარჯვოს“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.
18:30 ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე შემაჯამებელ ოქმებზე საუბრობს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში ჩარევა „ცესკო-ს უფლებამოსილებას აღემატება“, თუმცა დასძინა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე მიაწოდა რეკომენდაცია, რომ „ის შემაჯამებელი ოქმები, რომელთა მიმართაც, შესაძლოა, არსებობდეს საფუძვლიანი მოთხოვნები და დასაბუთებული გარემოებები, გაიხსნას და გადაითვალოს“.
15:00 – ქართული ოცნების ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ქართული ოცნების ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დამკვირვებლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო „ძალიან კონკურენტული“ და „ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“. მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს ყველამ პატივი უნდა სცეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ დამკვირვებლებს საარჩევნო ადმინისტრაციაში ოქმების დაზუსტებასთან დაკავშირებულ პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღინიშნა, რომ „ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება“. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „ყველა პოლიტიკური პარტია, [რომელმაც ბარიერი გადალახა] იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში“.
3 ნოემბერი, სამშაბათი
22:00 – შსს-მ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს.
20:00 – საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარებს
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, საქართველოს მასშტაბით, საპროტესტო აქციები მიმდინარებს. დღეს, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა არჩევნების შედეგები ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ გააპროტესტეს.
დღესვე, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი შედეგები გააპროტესტეს საარჩევნო ადმინისტრაციასთანაც.
საპროტესტო აქცია გაიმართა ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობდა.
17:30 – ომბუდსმენი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე საუბრობს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე („სამართლიანი არჩევნები“, „საია“) დაყრდნობით აცხადებს, რომ საჩივრების განხილვისას, ორგანიზაციების დამკვირვებლების მიმართ „საოლქო საარჩევნო კომისიებში ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ და აგდებულ დამოკიდებულებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, ქმნის დამაშინებელ გარემოს“.
ომბუდსმენი მიმართავს, „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო კომისიებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ზეწოლისაგან თავისუფალი, საქმიანი და ეთიკური სამუშაო გარემო!“.
15:00 – ახალ პარლამენტს ბოიკოტს პატრიოტთა ალიანსიც უცხადებს
ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლას არ გეგმავს და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს პატრიოტთა ალიანსიც. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „პატრიოტებმა“ ამომრჩეველთა ხმების 3.14% მიიღეს.
14:00 – თამარ ჟვანია დიპლომატიურ მისიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიპლომატიური კორპუსისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან არჩევნების დღეს გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა და შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსთან მიმართებით არსებულ ბრალდებებს უპასუხა.
ცესკოს თავმჯომარემ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები არის ყალბი და მათი მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციაზე შეტევაა. მანვე განმარტა, რომ სპეციალური სიების ნაწილში (მაგალითად, ე.წ. კოვიდ ცენტრებში) ამომრჩეველს მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა და ხმებს შორის გამოვლენილი დისბალანსიც ამის შედეგია. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ე.წ. ხარვეზიანი ოქმები, რომლებსაც თან არ ახლავს შესწორების ოქმები.
„თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ოქმები, რომლებშიც მონაცემები იყო დაუბალანსებელი და დაკორექტირებას მოითხოვდა“, – დასძინა ცესკოს თავმჯდომარემ.
თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შედეგების გაჭიანურებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებსაც უპასუხა და თქვა, რომ მაგალითად, 2012 წელს ცესკომ პირველადი მონაცემები უბნების დახურვიდან 8 საათში გამოაქვეყნა, 2017 წელს დაახლოებით 7 საათში, წელს კი – კანდიდატების „პრეცედენტულად“ მაღალი რაოდენობის გამო ამისთვის შვიდსაათნახევარი გახდა საჭირო.
თამარ ჟვანიას თქმით, 18 გადასატანი ყუთი ხელახლა გადაითვალა, საიდანაც 9 მონაცემი სრულად გაბათილდა, ერთში კი – მხოლოდ მაჟორიტარული მონაცემები გაუქმდა.
13:15 – გიორგი მარგველაშვილი ქართულ ოცნებას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 31 ოქტომბრის არჩევნებს ეხმიანება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ დემოკრატიის ტესტი „ჩააგდო“. „ნუ ჩამოშლით სახელმწიფოს, დაიწყეთ მოლაპარაკებები, ახლა!!!“, – მიმართა მან მმართველ გუნდს.
ქართული ოცნება – თქვენ ჩააგდეთ დემოკრატიის ტესტი. ნუ ჩამოშლით სახელმწიფოს, დაიწყეთ მოლაპარაკებები, ახლა!!!
“Georgian Dream“ – You failed democracy test. Don’t fail Georgian statehood!
Start negotiations NOW!!!— Giorgi Margvelashvili (@MargvelashviliG) November 3, 2020
12:00 – ოპოზიციამ ახალი მოწვევის პარლამენტის ბოიკოტზე შეთანხმებას მოაწერა ხელი
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის, ენმ-ძალა ერთობაშიამ, ევროპულმა საქართველო, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩმა, მოქალაქეებმა, ლეიბორისტულმა პარტიამ, ტრიბუნამ და სახელმწიფო ხალხისთვის ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელშიც ისინი ადასტურებენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
შეთანხმებას ხელს აწერს ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის, ისინი, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და ისინიც, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს. ხელმომწერი პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
„უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ „დე იურე“ და „დე ფაქტო“ არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, რომელიც ხელმოწერის ცერემონიას ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ბოიკოტს პატრიოტთა ალიანსიც უერთდება, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას დღეს ეს ხელმოწერით არ დაუდასტურებია.
2 ნოემბერი, ორშაბათი
22:00 – ცესკო შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები „დეზინფორმაციაა“, რომლის მიზანიც, „საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენაა“.
ცესკო განმარტავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, „რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში“.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, შემაჯამებელ ოქმებში მართლაც არის დისბალანსი, საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ წინასწარ მონაცემების დამუშავება გრძელდება, მონაცემები ზუსტდება და „ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, რაც აღმოფხვრის უზუსტობებს“.
ცესკო-მ საილუსტრაციოდ ის შემაჯამებელი ოქმებიც წარმოადგინა, რომელთაც თან ერთვის შესწორების ოქმები და „რითაც აღმოფხვრილია უზუსტობა“.
20:00 – საერთაშორისო გამჭვირვალობამ 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG), საქართველოს მასშტაბით, 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა. ორგანიზაცია საარჩევნო ყუთში მოხვედრილ გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის დარღვეული ბალანსის გამო 60 უბანში შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, მარნეულის ერთ-ერთ უბანზე გაყალბება ვიდეომტკიცებულებით დასტურდება.
18:10 – პარლამენტში არც სტრატეგია აღმაშენებელი შევა
ახალი მოწვევის პარლამენტში არც საარჩევნო ბლოკი – სტრატეგია აღმაშენებელი-თაკო ჩარკვიანი შევა.
„ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არცერთ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება“, – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
18:00 – ენმ-ძალა ერთობაშია პარლამენტში არ შევა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნოო ბლოკი ენმ-ძალა ერთობაშია ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევა. „ეს არ არის და ვერ იქნება პარლამენტი“, – თქვა მანვე.
17:30 – პარლამენტში შესვლაზე გირჩიც უარს ამბობს
ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ერთ-ერთი, ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც „ხელი აქვთ მოწერილი საერთო შეთანხმებებზე“, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ბოიკოტს უცხადებენ, „ამ ბოიკოტს გირჩიც უერთდება“.
ჯაფარიძე მონაწილეობას არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს. იგი, მეორე ტურში დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში გია ვოლსკის კონკურენტია.
17:10 – ენმ-ძალა ერთობაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობს
საარჩევნო ბლოკი ენმ-ძალა ერთობაშია აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობს. „გამოქვეყნებული შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას, დარღვეულია ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება, უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება“, – განაცხადეს ოპოზიციური გაერთიანების აჭარის შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – ქართულმა ოცნებამ (45.86%) და ენმ-ძალა ერთობაშიამ (33.95%) გადალახეს. ამ უკანასკნელს უმაღლეს საბჭოში 6 მანდატი ერგო, მმართველ გუნდს კი – 12.
17:00 – ლელო საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს
პარტია ლელო საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ პარტია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან „არის გაყალბებული არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.
„არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას“, – თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
15:00 – შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნების შედეგები „არალეგიტიმურია“
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არის „არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი“ და ასეთი პარლამენტის შეკრება „დაუშვებელია“. მანვე ოპოზიციურ პარტიებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქმისკენ მოუწოდა.
მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სწორი, თუკი „ეს იქნება საყოველთაო“ და უარს ყველა ოპოზიციური პარტია იტყვის.
შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა, რომელიც მისივე შეფასებით, „პუტინის ლობისტია“ და რომელთანაც, „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გამონახა საერთო ენა. „ამას მოწმობს მთელი რიგი თბილი განცხადებები ბოლო დღეს გაკეთებული ვიღაც-ვიღაცებისგან“, – დასძინა ნათელაშვილმა.
14:05 – ევროპული საქართველო ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს
პარტია ევროპული საქართველო, არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების მხრიდან 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და ამომრჩევლების დაშინებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.
„შესაბამისად, ევროპული საქართველო უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ, მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
09:00 – არჩილ თალაკვაძე: ნაციონალური მოძრაობა აიძულებს სხვა პარტიებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ
მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხვა პარტიებს აიძულებს, რომ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადონ და პარლამენტში არ შევიდნენ.
თალაკვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური მონოპოლია დასრულებულია“ მოუწოდებს პარტიებს, „არ დაექვემდებარონ „ნაც.მოძრაობის“ პოლიტიკურ შანტაჟს“. „ბოიკოტის თავს მოხვევის მცდელობა იქნება ბარიერგადალახული სხვა პარტიებისთვის ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ ნაციონალური მოძრაობის მონოპოლიას და დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
1 ნოემბერი, კვირა
19:55 – უბნების 99.77% დათვლილია: ქართული ოცნება – 48.16%, ენმ-ძალა ერთობაშია – 27.12%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უბნების 99.77% (3 838) დათვლილია. წინასწარი შედეგებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 48.16% (924 733 ხმა);
- ენმ-ძალა ერთობაშია – 27.12%-(520 806 ხმა);
- ევროპული საქართველო – 3.78% (72 539 ხმა);
- ლელო საქართველოსთვის – 3.16% (60 653ხმა);
- პატრიოტთა ალიანსი – 3.15% (60 434 ხმა);
- სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15% (60423 ხმა);
- გირჩი – 2.89% (55 503 ხმა);
- ელისაშვილის მოქალაქეები – 1.33% (25 501 ხმა);
- ლეიბორისტული პარტია – 1% (19 217 ხმა);
- ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 0.85% (16 295 -ხმა).
19:00 – მომიტინგეებმმა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილი რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ცესკოს მიერ გამოცხადებულ მონაცემებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
18:15 – პარლამენტის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქცია მიმდინარებს
რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო, ლეიბორისტული პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პირველად მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, რომლის მიხედვითაც, ხმების 48.07%-ით ქართული ოცნება ლიდერობს.
17:00 – ილჰამ ალიევმა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ალიევმა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამავე ინფორმაციით, „საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“.
16:30 – ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი საპარლამენტო არჩევნებს აფასებს
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი პარტია პოლიტიკურ სიხარბეში დაადანაშაულა, რომელიც „შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც“.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს „ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ“, ეს არა მარტო „პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში – გარდაუვალად“.
16:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ბიულეტენების თავიდან დათვლა შედეგებისადმი უნდობლობას შეამცირებს
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრობლემურ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების თავიდან დათვლისკენ მოუწოდებს, რაც ორგანიზაციის თქმით, შედეგებისადმი უნდობლობას და პოლიტიკურ დაძაბულობას შეამცირებს.
ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და მათ განცხადებებში განსაკუთრებული აქცენტი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებზე კეთდება. ორგანიზაციის თქმით, ოქმების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7%-ში აღინიშნება ე.წ. მეტობითი დისბალანსი, ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. მისივე თქმით, ცესკოს მიერ წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადების დაწყების დაგვიანებამ დამატებითი კითხვები გააჩინა.
15:40 – ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, მოუწოდა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ და უარი თქვამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე. ელისაშვილმა მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვონ.
15:00 – ლელო საქართველოსთვის: არჩევნების შედეგები „არალეგიტიმურია“
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გზით. პარტიამ ამომრჩევლებს და სამოქალაქო საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.
13:00 – საია: ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ეს იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საკუთარ დამკვირვებლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა „მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე“. ორგანიზაციის თქმით, დაძაბულმა ატმოსფერომ, რომელიც არჩევნების დღეს შეინიშნებოდა, როგორც ამომრჩევლების, ისე დამკვირვებლების ქცევაზე იქონია გავლენა.
საია-ს თქმით, ძალადობა და ამომრჩეველთა ნების გაკონტროლების მცდელობა, ასევე საუბნო კომისიების არაორგანიზებულობა არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ეს იყო „ყველაზე უფრო ცუდად ორგანიზებული და ჩატარებული არჩევნები“.
კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევის გარდა, საუბნო კომისიებმა ვერ უზრუნველყვეს შედეგების დროულად გადაგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში, გაცემულია იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე ეს ხელმოწერით დასტურდებოდა; ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო დოკუმენტაცია დაულუქავი სახით გადიოდა საუბნო კომისიებიდან.
საია-მ სხვა დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ამომრჩეველთა ხმების ფარულობის დარღვევაზე, მარკირების პროცედურის დარღვევაზე, გადასატან საარჩევნო ყუთებთან დაკავშირებულ დარღვევებზე, არაუფლებამოსილი პირის გადაადგილებაზე უბნის ტერიტორიაზე, დამკვირვებლების და ჟურნალისტების მუშაობის ხელის შეშლასა და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე.
12:00 – შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიებას ერთი მუხლი დაამატა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ჯამში 12 დანაშაულის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული, ასევე 16 შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული.
ამავე ინფორმაციით, „ტელეკომპანია პირველისა“ და „პუბლიკას“ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა, რაც „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს“.
11:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ „დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნებთან შედარებით, „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, ცესკოს მიერ პირველადი შედეგების 7.5 საათიანი დაგვიანების შემდეგ გამოქვეყნება „ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა“, რამაც „ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ მთელ რიგ დარღვევებზე მიუთითებს, მათ შორისაა – არჩევნების სავარაუდო გაყალბება; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა; ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა; კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და სხვ.
10:10 – უბნების 69.35% დათვლილია – ქართული ოცნება – 48.58%, ენმ-ძალაერთობაშია – 26%
ცესკო-ს მონაცემებით, უბნების 69.35% (2 668) დათვლილია. 48.58%-ით (617 249 ხმა) ქართული ოცნებს ლიდერობს, მას 26.07%-ით (331 285 ხმა) ენმ-ძალა ერთობაშია მოსდევს, 3.77%-ით (47 903 ხმა) ევროპული საქართველო, 3.28%-ით (41 733 ხმა) ლელო საქართველოსთვის, 3.24%-ით (41 125 ხმა) პატრიოტთა ალიანსი, 3.15%-ით (40 035 ხმა) სტრატეგია აღმაშენებელი, 3.08%-ით (39 110 ხმა) გირჩი, 1.42%-ით (18 099 ხმა) ელისაშვილის მოქალაქეები, 1.02%-ით (13 007 ხმა) ლეიბორისტული პარტია, ხოლო 0.86%-ით (10 889 ხმა) ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა.
09:50 – საია ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმების გვიან გამოქვეყნებას უარყოფითად აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გვიან გამოქვეყნებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება“.
„სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
04:00 ცესკო: უბნების 28.2% დათვლილია – ქართული ოცნება 54.72%, ენმ-ძალა ერთბაშია 23.61%
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების დახურვიდან მნიშვნელოვანი დაგვიანებით, 3 847 უბნიდან 1 085 უბნის (28.2%) პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებში 54.72%-ით (193 418 ხმა) ქართული ოცნება ლიდერობს. მას 23.61%-ით (83 447 ხმა) ენმ-ძალა ერთობაშია, 3.99%-ით (14 117) ევროპული საქართველო, 3.34%-ით (11 810 ხმა) პატრიოტთა ალიანსი, 2.66%-ით (9 408) ლელო საქართველოსთვის და 2.46%-ით (8 705) სტრატეგია აღმაშენებელი მოჰყვებიან.
ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, შედეგები დიდი ქალაქების – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მონაცემებს არ ასახავს.
00:05 – ირაკლი კობახიძის თქმით, 13 მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნება „დამაჯერებლად“ ლიდერობს
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 13 მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები „დამაჯერებლად“ ლიდერობენ და ცამეტივე ოლქში მათი გამარჯვება „პრაქტიკულად არის გარანტირებული“.
31 ოქტომბერი, შაბათი
23:20 – „მთავარმა არხმა“ თბილისის მაჟორიტარული ოლქების ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ თბილისის მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, არჩევნებს პირველივე ტურში იგებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია. შედეგების თანახმად, მას ხმების 53% აქვს, 38%-ით მელიას ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მოსდევს.
ამავე ეგზიტპოლით, თბილისის მასშტაბით, ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები უნდა გაიმართოს და აქედან ქართული ოცნების კანდიდატები მხოლოდ სამ მაჟორიტარულ ოლქში – ისანში, საბურთალოსა და ნაძალადევში ლიდერობენ.
გლდანის გარდა, სხვა მაჟორიტარულ ოლქებში ეგზიტპოლის შედეგები ასე გამოიყურება: მთაწმინდა-კრწანისის ოლქი – შალვა შავგულიძე – ევროპული საქართველო – 46%, ბექა ოდიშარია – ქართული ოცნება – 35%; ვაკის ოლქი – ელენე ხოშტარია – ევროპული საქართველო – 47%, ნოდარ ტურძელაძე – ქართული ოცნება – 33%; საბურთალოს ოლქი – დავით სერგეენკო – ქართული ოცნება – 35%, ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 21%, ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის 19%; ისნის ოლქი – კახა კახიშვილი – ქართული ოცნება – 35%, ხატია დეკანოიძე – ენმ-ძალა ერთობაშია – 32%, გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 19%; სამგორის ოლქი – ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ძალაერთობაშია – 49%, სოზარ სუბარი – ქართული ოცნება – 33%; დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე – 35%, გია ვოლსკი – ქართული ოცნება 33%, ანა დოლიძე – საინიციატივო ჯგუფი – 16%; ნაძალადევის ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი – ქართული ოცნება – 35%, შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – 33%.
23:00 – „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბოლო ანგარიში გამოქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დღევანდელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა.
„თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები“, – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ რიგ უბნებზე „განსაკუთრებით პრობლემური“ იყო „ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები“.
ანგარიშის თანახმად, ასევე მასობრივი ხასიათი ჰქონდა სარჩევნო უბნებზე კოორდინატორებისა და საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მობილიზებას, რაც „ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა“.
არსებული მდგომარეობთ, ორგანიზაციის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 85 საჩივარი, საოლქო კომისიებში – 89 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 36 შენიშვნა.
21:00 – საია: კენჭისყრის პროცედურები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, დაძაბულ ატმოსფეროს კი გავლენა ჰქონდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე მონიტორინგზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, ძალადობა და „ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო.
საია-ს ცნობით, დარღვევები ძირითადად უკავშირდებოდა – ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას, დამკვირვებლის და ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლას, უბანზე არარეგისტრირებული პირების მიერ ხმის მიცემას, ასევე მარკირების წესების დარღვევებსა და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს.
21:00 საათის ინფორმაციით, საია-ს დამკირვებლებმა 76 საჩივარი დაწერეს, მათგან 43 საუბნო, ხოლო 33 საოლქო დონეზე.
20:50 – მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი ახალ მთავრობაში თანამდებობისკენ „არ მიისწრაფვის“
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ „სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ქართულ ოცნებაზე“. მანვე ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის იმედი გამოთქვა და მიუთითა, რომ მზად არის პრემიერობაზე უარი თქვას.
„ამ პირობებში, მინდა ვთქვა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩამოვაყალიბოთ ეროვნულობის ერთიანი მთავრობა. მე ვაცხადებ, მიხეილ სააკაშვილი, რომ არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში. ჩვენ უნდა ვიპოვოთ [შეთანხმებული] ფიგურები და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი ეროვნული მთავრობა. მივესალმები იმას, რომ ოპოზიციურმა [სპექტრმა] ორი დღის წინ მოაწერა ხელი [შეთანხმებას], რომ არანაირ კოალიციას არ გააკეთებენ ივანიშვილთან. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ფართო კოალიცია ოპოზიციური ძალების, იმისთვის, რომ დავძლიოთ ქართული ოცნების მძიმე მემკვიდრეობა“, – თქვა სააკაშვილმა.
20:15 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: დღის მეორე ნახევარში დაძაბულობა შეინიშნებოდა
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, უფრო მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ორგანიზაციის თქმით, ზოგიერთი უბნის გარეთ დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები, მათ შორის, გლდანის, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში. „საარჩევნო უბნების გარეთ ხდებოდა კოორდინატორებისა და აქტივისტების მობილიზება, რაც ხშირ შემთხვევაში დაძაბულობის საფუძველი ხდებოდა“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში იკვეთებოდა კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევა. ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლებს არ სთხოვდნენ პირბადის დროებით მოხსნას მათი იდენტიფიცირების მიზნით. „მედიასაშუალებების მიერ ვრცელდებოდა კადრები, სადაც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვა იყო აღბეჭდილი“, – აცხადებს ორგანიზაცია.
მთლიანობაში, საღამოს 8 საათის მდგომარეობით, ორგანიზაციის მიერ 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დამკვირვებლებმა 35 საჩივარი დაწერეს.
20:05 – შსს არჩევნებზე დაფიქსირებულ ინციდენტებსა და მათზე რეაგირების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ ინციდენტებზე დაწყებულ გამოძიებებზე საუბრობს.
უწყების ცნობით, არჩევნების მიმდინარეობის დროს ჯამში მომხდარ 9 ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ამასთან, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოავლინა. „აქედან, 7 ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო 8 ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტროს განმარტებით, 10 დაკავებულიდან 6 გლდანში, 39-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულნი.
20:00 – საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის დათვლა დაიწყო
ზუსტად 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.
19:00 – ISFED: პარტიული აქტივისტების მობილიზება კვლავ პრობლემად რჩება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განაცხადა, რომ 19:00 საათის მდგომარეობით, კვლავ მასშტაბური სახე აქვს საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიული კოორდინატორების თუ ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ დამკვირებელების ან წარმომადგენლების სტატუსით უბნებზე იმყოფებოდნენ ტერიტორიულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები. „მათი ადგილზე ყოფნა შესაძლოა აღქმული იყოს როგორც ამომრჩეველთა კონტროლი“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მედია საშუალება „ნიუპოსტის“ მიერ ხდება ამომრჩეველთა ფოტო-ვიდეო გადაღება. რამდენიმე ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარედ ხალხმრავლობა გარკვეულ შემთხვევებში ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ამას გარდა, პრობლემურად რჩება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები გარკვეულ უბნებზე.
19:00 საათის მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია – 66 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 58 საჩივარი.
18:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ კიბერშეტევა განხორციელდა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. მაუწყებლის ცნობით, შესაბამისი სამსახურები კიბერშეტევის ფაქტს იძიებენ და მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა.
18:15 – საია – „კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, 14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში, ცალკეულ უბნებზე კენჭისყრის პროცედურები კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა.
საია-მ შემდეგი სახის დარღვევები გამოავლინა – დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა; ამომრჩევლის ნების კონტროლი; მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა; ფარულობის პრინციპის დარღვევა; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა; ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბანზე; ფოტო-ვიდეო გადაღებისა და კოვიდუსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევები გამოავლინა.
ორგანიზაციის განცხადებით, ზოგადი ტენდენციის სახით შეინიშნებოდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა დიდი რაოდენობით მობილიზება. საია-ს განცხადებით, გამოვლენილი დარღვევები „ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ და კანონის ფარგლებში ჩატარებას“.
საია-ს სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 64 საჩივარი, აქედან 37 – უბნის, ხოლო 27 – ოლქის დონეზე.
17:40 – კინზინგერი: „მოტყუებას, დაშინებას ან ამომრჩეველთა მოსყიდვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“
„თვალს ვადევნებ ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს. ყველას მოვუწოდებ ხმა მისცენ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროცესის წარმართვას ხელი შეუწყონ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე მოტყუებას, დაშინებას ან ამომრჩეველთა მოსყიდვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენი ქვეყნები ძლიერი და ერთიანია და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს“, – დაწერა კონგრესმენმა Twitter-ზე.
Watching our ally #Georgia ‘s elections. I encourage all to vote, stay calm, and let the process work. There is no place for cheating, intimidation, or vote buying in a free and fair election. Our nations are strong + united, and America is hopeful for #Georgia … @usingeo
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) October 31, 2020
17:15: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კიდევ 130 დარღვევა გამოავლინა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 12:00-დან 17:00 საათამდე შუალედში 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევები აღმოჩინა და განმარტა, 2018 წლის საპრეზიდენტო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შეინიშნება დარღვევების უფრო დიდი რაოდენობა.
ორგანიზაცია განსაკუთრებულად ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელშეშლასა და მათზე თავდასხმას გამოყოფს და განმარტავს, რომ გლდანში, 39-ე საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განთავსებული, პარტიების აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი ანა ახალაია დაშავდა, ასევე ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს ტელეფონი დაუმტვრიეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უბნებიდან დამკვირვებლების გამოძევების, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველთა აღრიცხვის, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის, კოვიდუსაფრთხოების ნორმებისა და მარკირების წესების დარღვევის, პირადობის გარეშე ხმის მიცემისა და გადასატან ყუთთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას.
ორგანიზაციის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 31 საჩივარი დაწერეს.
16:45 – ომბუდსმენის აპარატს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცეს
„სახალხო დამცველის აპარატს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცა“, – ნათქვამია აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ამავე ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ „ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან“. აპარატისვე ცნობით, უწყების თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებაში „ad hoc ვიზიტი“ განახორციელეს, რომლის მიზანიც ზოგადი მდგომარეობის, ასევე, პატიმრებისთვის საარჩევნო ხმის უფლების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობის შემოწმება იყო. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.
განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემის არსებობას, რაც „ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია“. სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რითიც „კონსტიტუციურ ორგანოს მისი ძირითადი და ასევე, გაეროს სპეციალური მანდატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ეზღუდება“. სახალხო დამცველმა მოუწოდა სახელმწიფო ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული ინციდენტი.
16:15 – გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ 5 პირი დააკავა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის თქმით, გლდანში, 79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით 5 პირი დააკავა.
რაც შეეხება ამავე უბანზე სროლის შესახებ ინფორმაციას, სირაძემ აღნიშნა, რომ იგი „სროლის ფაქტს“ ვერ დაადასტურებს.
15:15 – საია მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საია-ს ინფორმაციით, გლდანის ოლქის 79-ე საარჩევნო უბანთან ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. ამასთან, იგივე პირი „მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა“. საია-სვე განცხადებით, ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების „სახის არეში“ დაზიანება „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც მიიღო.
საია მოუწოდებს შსს-ს დროულად „უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებასთან დაკავშირებით“.
15:10 – „სამართლიანი არჩევნები“: პარტიული აქტივისტების მობილიზება იზრდება
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებით, 15:00-ის მდგომარეობით, პარტიული აქტივისტების და კოორდინატორების მობილიზებამ საარჩევნო უბნებზე და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, მსგავსი შემთხვევები 11 საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ასევე გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღების ფაქტები.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე აღნიშნა, რომ კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა მარკირების წესის დარღვევის შემთხვევებიც.
15:00 საათის მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია – 47 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში – 33 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 21 შენიშვნა.
15:05 – შსს-მ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ქვემოთ სავარაუდო დანაშაულებია ჩამოთვლილი:
- თბილისის N40 საარჩევნო უბანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
- ქუთაისის N37 საარჩევნო უბანი: „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.
- თბილისის ისნის N39 საარჩევნო უბანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნები. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
15:00 – კელი დეგნანი: „ხმების მოსყიდვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებში არ უნდა ქონდეს ადგილი დაშინებას, ხმების მოსყიდვას, ან ამომრჩევლის დაძალებას ფოტო გადაუღოს თავის ბიულეტენს“.
დეგნანმა არჩევნების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბევრი იმუშავა არჩევნების მოსამზადებლად, რათა კოვიდის მიუხედავად, ხალხისთვის ხმის მიცემა უსაფრთხო ყოფილიყო. „ასე რომ, თუ შეიძლება, წადით არჩევნებზე“, – მიმართა მან მოქალაქეებს.
14:15 – საია: ცალკეულ უბნებზე არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს
საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, 14:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
საია კენჭისყრის ფარულობის, დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა და კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე საუბრობს.
12:30 – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 100-მდე დარღვევა დააფიქსირა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადებით, არჩევნები „ძირითადად მშვიდ გარემოში“ მიმდინარეობს, თუმცა 12:00 საათის მდგომარეობით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, „შეინიშნება დარღვევის უფრო დიდი რაოდენობა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, მისმა დამკვირვებლებმა 100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს და 15 საჩივარი დაწერეს.
ამ დარღვევებს შორის ორგანიზაციამ დაასახელა – დამკვირვებლების გამოძევება, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, წილისყრის პროცედურის დარღვევა, მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა, კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა, საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემები, მარკირების გარეშე ხმის მიცემა და აგიტაცია საარჩევნო უბანზე.
11:30 – „სამართლიანი არჩევნები“: პრობლემად გამოიკვეთა ხმების ფარულობის დარღვევა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ხმების ფარულობის დარღვევა გამოიკვეთა. „ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ, ისე რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„სამართლიანი არჩევნები“ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კოვიდ-19-ის რეგულაციების, ასევე წილისყრის წესის დარღვევისა და ფუნქციების თვითნებურად განაწილებაზეც მიუთითებს. ორგანიზაციის შეფასებით, კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზებაც, რომლებიც მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩეველზე „ზეწოლად და მისი ნების კონტროლად“ აფასებს.
არსებული მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში 10 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში კი – 6 საჩივარი შეიტანეს, ასევე ჩანაწერთა წიგნში 14 შენიშვნა დააფიქსირეს.
10:30 – კელი დეგნანი: „ადგილი არ უნდა ქონდეს ძალადობასა და დაშინებას“
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ „ადგილი არ უნდა ქონდეს ძალადობასა და დაშინებას“. „სწორედ ამგვარ ფაქტებს დავაკვირდებით“, – დასძინა მანვე.
10:05 – საია: კენჭისყრა უმრავლეს უბანზე დროულად, არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, არჩევნები უმრავლეს უბანზე არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა, გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. მაგალითად, გარდაბნის ერთ-ერთ უბანზე საია-ს დამკვირვებლები არ შეუშვეს, რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას, აგრეთვე შუახევის ერთ-ერთ უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე.
10:00 – პრემიერ-მინისტრმა არჩევანი გააკეთა
თავისი არჩევანი უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. „მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ-დასავლურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი და მივეცი ხმა, რა თქმა უნდა, ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, – თქვა პრემიერმა.
08:45 – პრეზიდენტმა არჩევანი გააკეთა
თავისი არჩევანი უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზედაც ყველანი ჩვენ ვოცნებობთ. ეს არის ევროპული ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – თქვა პრეზიდენტმა.
08:00 – საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო
საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 657 საარჩევნო უბანი დღეს, ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.
30 ოქტომბერი, პარასკევი
16:05 – ნატოში აშშ-ის მისია საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება
აშშ-ის მისია ნატოში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და მის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. „დემოკრატიული ღირებულებები აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობისა და ნატოში საქართველოს სამომავლო წევრობის საფუძველია“, – აცხადებს მისია.
As #Georgia votes this weekend, we call for truly free and fair elections. Democratic values are the foundation for the 🇺🇸/🇬🇪 strategic partnership & Georgia’s future @NATO membership. pic.twitter.com/n3S3Ri1Gd7
— US Mission to NATO (@USNATO) October 30, 2020
16:00 – ბრიტანეთის საელჩო საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
„ისევე როგორც წინა წლებში, ბრიტანეთის საელჩო, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 31 ოქტომბერს საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც დააკვირდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
15:55 – ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან რომ ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან
ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“, „გამარჯვებულმა საქართველომ“, „ერთიანმა საქართველომ“ და მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, სადაც ისინი პირობას დებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.
15:45 – „საია“-მ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 30 ოქტომბერს წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, რომ ოქტომბრის თვეში სარჩევნო კამპანიამ ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა და ამჯერად „ცხელი წერტილი“ შიდა ქართლი და ქვემო ქართლი იყო.
13:45 – ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ ერთმანეთი საარჩევნო დამკვირვებლებთან კავშირში დაადანაშაულეს
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა გაერთიანება ენმ-ძალა ერთობაშიამ ერთმანეთი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირში დაადანაშაულეს და იმ ორგანიზაციების სახელები და წევრები გაასაჯაროვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან არიან დაახლოებულნი.
13:10 – ევროკავშირის ელჩი 31 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი იქნება ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება“ და დასძინა, რომ „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად“.
12:55 – ევროკავშირი: 31 ოქტომბრის არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის 29 ოქტომბრის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება და არჩევნების დროს, 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.
12:00 – ჟურნალისტებისთვის არასამთავრობოები მედიაცენტრს გახსნიან
„ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედიაცენტრი იმუშავებს.
მედიაცენტრი სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნება და და არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. არჩევნებზე დაკვირვების შედეგები „ღია საზოგადოების ფონდის“ Facebook-ის გვერდის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
29 ოქტომბერი, ხუთშაბათი
20:50 – „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი ხელისუფლებას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს
„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი, ნატო გოგელია ხელისუფლებას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „დღევანდელ ბრიფინგზე საჯაროდ დაადასტურა“.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ საარჩევნო პრეოცესებისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს და სხვადასხვა სახის „დესტრუქციულ“ ქმედებებს გეგმავს. მანვე „მთავარ არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ „დესტრუქციული სცენარის“ თანამონაწილეებად დაასახელა და ამის მაგალითად ნატო გოგელიასა ნაციონალური მოძრაობის ორზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის 28 ოქტომბერს შემდგარი საუბარი მოიყვანა, რა დროსაც, მისივე მტკიცებით, „მხარდაჭერის მიზნით, გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც აპირებენ ხმაურს და არეულობას“.
Facebook-ის საკუთარ გვერდზე გოგელია წერს, რომ იგი, გუშინ, დილის საათებში ქათამაძეს ნამდვილად ესაუბრა და ჰკითხა „რა ხდებოდა რეგიონში“ და „სად იყო დაძაბულობა“. გოგელიას განცხადებით, ქათამაძემ მას უთხრა, რომ სოფელ ნასაკირალში და ჭანიეთში „რთული მდგომარეობაა“, სადაც რამდენიმე დღის წინ, ქართულმა ოცნებამ მოსახლეობასთან მათი შეხვედრის ჩაშლა სცადა და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე პროვოკაცებს ელიან.
20:45 – ამერიკელი სენატორები 31 ოქტომბრის არჩევნებზე
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა 29 ოქტომბრის განცხადებაში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ აღნიშნეს, რომ „მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის კუთხით“.
20:40 – არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 29 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების შესახებ ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში, მთავარი გამოწვევები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩეველთა ხმების სავარაუდო მოსყიდვა, ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და პოლარიზებული მედიაგარემო იყო.
18:20 – ევროკავშირმა და „გაეროს განვითარების პროგრამამ“ მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები გამოაქვეყნეს
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და „გაეროს განვითარების პროგრამამ“ (UNDP) 29 ოქტომბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშები გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მედიის მიერ საარჩევნო პროცესების მგაშუქება „მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება“.
13:30 – ქართველი ანალიტიკოსები საპარლამენტო არჩევნების შესახებ
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „სამოქალაქო საქართველომ“ მოახლოებული არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური გარემოს შეფასება კორნელი კაკაჩიასა და იაგო კაჭკაჭიშვილს სთხოვა. მათი მოსაზრებების დეტალურად გაცნობისთვის მიჰყევით ბმულს.
12:50 – PACE-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები საქართველოს არჩევნებს დააკვირდებიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს მისი ცხრაწევრიანი დელეგაცია ეწვევა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
11:00 – ჰაკერებმა „გირჩის“ ინტერნეტტელევიზია გატეხეს
ახალი პოლიტიკური ცენტრის, გირჩის ინტერნეტტელევიზია ჰაკერებმა გატეხეს. ინფორმაცია Facebook-ის საშუალებით გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა და დიდუბის მაჟორიტრობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.
„ტელევიზია და გირჩის production unit, რომელიც ამზადებდა წინასაარჩევნო ვიდეოებს – სრულად პარალიზებულია“ – დაწერა მან.
28 ოქტომბერი, ოთხშაბათი
21:00 – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებისთვის მოკლევადიან დამკვირვებლებს აგზავნის
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 13 მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ ჯგუფს გამოაგზავნის. ჯგუფის შემადგენლობაში მოკავშირე ქვეყნების ხუთი დეპუტატი იქნება, რომელსაც თურქი პარლამენტარი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ოსმან ასკინ ბაკი უხელმძღვანელებს.
14:30 – თავდაცვის მინისტრის თქმით, „მოღალატე ბანდა“ – ნაციონალური მოძრაობა „უნდა გაუქმდეს“
არჩევნებამდე სამი დღით ადრე, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს.
„ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
12:40 – ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას რევოლუციისთვის მზადებაში ადანაშაულებს
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. „რევოლუციური შტაბი აქვს“ გახსნილი. მისივე მტკიცებით, პარტია ძალადობის წახალისებასა და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება გეგმავს.
„ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე – ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი“, – თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ „საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძის ბრალდებები უარყო და თქვა, რომ „წაგების მოლოდინში მყოფი“ ქართული ოცნება „სახეს ყოველდღიურად კარგავს“. მანვე ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და არჩევნის ქართული ოცნებისა და რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებისკენ მოუწოდა.
12:35- სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
საქართველოსო განთლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, დღეიდან ერთი კვირით, სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
ჩხენკელის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლა 4 ნოემბრიდან კვლავ ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
12:30 – აშშ-ის ელჩი საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მოახლოებული არჩევნების წარმატება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მათი ხმა გაგონილი იქნება საარჩევნო ყუთებთან.
“ultimately, the success of these elections is up to the Georgian government and the Georgian people. And we hope that Georgians will go out there and vote, and make sure, that their voices are heard at the ballot box.”- Amb Degnan pic.twitter.com/viEOJD8qTo
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) October 28, 2020
27 ოქტომბერი, სამშაბათი
14:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატანი ყუთის რეგისტრაციის ვადას ეხმიანება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) მიესალმება ცესკოს მიერ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის რეგისტრაციის ვადის 18:00 საათამდე გადაწევას, თუმცა რეგისტრაციის ვადების სიმცირესა და პრაქტიკაში გამოვლენილ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაზე საუბრობს. კერძოდ:
- ცესკოს ცხელი ხაზი გადატვირთულია;
- თვითიზოლაციაში მყოფ მოქალქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიაში აღრიცხვის გარეშე მათი რეგისტრაცია არ ხდება. ამ მიზნით მათ ცესკოდან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე ამისამართებენ, რომელიც ასევე გადატვირთულია;
- ცესკოს მიერ რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ოპერატორებმა რამდენიმე მოქალაქეს უთხრეს, რომ აღრიცხვა უკვე დასრულდა.
ორგანიზაცია მოქალაქეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირები ჯანდაცვის სამინისტროს სრული სიზუსტით აღრიცხული არ ჰყავს და „ეს მოცემულობა პრობლემას უქმნის ადამიანებს რეგისტრაციის მომენტში, რის გამოც ათასობით ამომრჩეველი შესაძლებელია არჩევნებში მონაწილეობის გარეშე დარჩეს 31 ოქტომბერს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიიჩნევენ, რომ ამომრჩევლის მიერ ცესკოში დარეკვის გარეშე სიების ავტომატური ფორმირება საორგანიზაციო პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებდა. ამასთან, დასძენენ, რომ საკარანტინო ზონებსა და სამკურნალო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი იქნებოდა სპეციალური უბნების შექმნა.
ორგანიზაცია წუხს, რომ მსგავსი საორგანიზაციო პრობლემების გამო, „შესაძლებელია, რამდენიმე ათასმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლოს“ და იმედს გამოთქვამს, რომ „არჩევნების დღეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიშობა და ის ყველა რეგისტრირებულ პირთან მივა“.
13:30 – გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 18:00 საათამდე გახანგრძლივდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა კიდევ ერთხელ, 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.
ვადა დღეს 14:00 საათზე იწურებოდა.
13:00 – ევროპული საქართველოს დეპუტატებმა და აქტივისტებმა საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადის გაგრძელება მოითხოვეს
ევროპული საქართველოს დეპუტატები – ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი აქტივისტებთან ერთად დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მთავარ ოფისში მივიდნენ და თვითიზოლაციაში მყოფებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადის 27 ოქტომბრის 22:00 საათამდე გახანგრძლივება მოითხოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის დაფიქსირების ვადა 14:00 საათამდე უკვე გახანგრძლივებული იყო, დეპუტატებმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირები ცესკოს ცხელ ხაზზე დარეკვასა და მოთხოვნის დაფიქსირებას ვერ ახერხებდნენ.
მოგვიანებით, Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას, დეპუტატმა ხოშტარიამ თქვა, რომ რეგისტრაციის ვადა 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ინფორმაცია ცესკოში დაადასტურეს.
ელენე ხოშტარიამ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ცესკო ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ პირებს, რომელთაც დარეკვა ხაზის გადატვირთულობის გამო ვერ შეძლეს, საარჩევნო ადმინისტრაცია თავად დაუკავშირდება და მათ მოთხოვნას დაარეგისტრირებს.
11:00 – ეუთოში აშშ-ის მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება
ეუთოში აშშ-ის მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი და მიესალმება გაეროს წესდებასა და ჰელსინკის საბოლოო აქტში დაფიქსირებული დემოკრატული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულებას, რაც ორი ქვეყნის „სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია“.
We reiterate U.S. support for free and fair elections in 🇬🇪 and welcome Georgia’s commitment to uphold the democratic values enshrined in the UN Charter and the Helsinki Final Act, which serve as the foundation for our strategic partnership. pic.twitter.com/1t0Eli7BZH
— U.S. Mission to OSCE (@usosce) October 27, 2020
26 ოქტომბერი, ორშაბათი
23:00 – მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა ქართული ოცნება დატოვა
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო ჯაჭვლიანმა ქართული ოცნება დატოვა და თბილისის მერისა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის მხრიდან მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით, ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა.
„ეს რეჟიმი უნდა წავიდეს“, – თქვა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ჯაჭვლიანმა და დაამატა, რომ ფედერაციაში შექმნილი ე.წ. „ზონდერბრიგადა“ ინსტიტუციაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს.
უკვე კარგა ხანია, რაც სოსო ჯაჭვლიანს სპორტსმენებისა და მწვრთნელების ნაწილი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ და თანამდებობიდან მის წასვლას მოითხოვენ. 17ოქტომბერს მასსა და სპორტსმენებს შორის მომხდარი დაპირისპირება გამო მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომაც ჩაიშალა.
ინციდენტიდან ერთ კვირაში, 23 ოქტომბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მკლავჭიდის ფედერაციას სანქცია დაუწესა და საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტა.
18:35 – გამარჯვებულმა საქართველომ საარჩევნო სია წარადგინა
გამარჯვებულმა საქართველომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა. სიას სათავეში თბილისში, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი უდგას, მას მეორე ნომრად გურამ ჩალაგაშვილი მოსდევს, პარტიული სიის მესამე ნომერი კი – კობა მახარაძეა.
17:30 – ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გაახანგრძლივა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა.
15:30 – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა არჩევნებისთვის 28 მოკლევადიან დამკვირვებელს გამოგზავნის
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 28 მოკლევადიან დამკვირვებელს გამოგზავნის.
არჩევნების დღეს დამკვირვებლები კამპანიის მიმდინარეობას, სამართლებრივ ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციას, არჩევნების დღის პროცედურებსა და მედიაგარემოს დააკვირდებიან.
12:40 – კობახიძის თქმით, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ „დიპფეიკების“ გამოყენებას გეგმავს
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ წინასაარჩევნოდ ე.წ. „დიპფეიკების“ გამოყენებას გეგმავს, რომლის საშუალებითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბება ხდება.
მისივე განცხადებით, ამგვარი მასალები, შესაძლოა, სოციალურ ქსელში არჩევნების წინა ან უშუალოდ არჩევნების დღეს განთავსდეს, „რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს“.
ოპოზიციის მისამართით გაჟღერებული ბრალდება უარყო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქართული ოცნება კი – ხელისუფლების „მშვიდობიანად“ გადასაბარებლად უნდა მოემზადოს.
12:30 – ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდებს გადასატანი ყუთის მომსახურება მოითხოვონ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს „იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“. მოთხოვნის დარეგისტრირების ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება.
ცესკოს ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, საარჩევნო ყუთი უკვე 1 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მოითხოვა და ზარების მიღება კვლავაც გრძელდება.
„სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, – აცხადებენ ცესკოში.
22 ოქტომბერი, ხუთშაბათი
19:30 – NDI არჩევნების დისტანციური შეფასების მესამე ფაზას იწყებს
აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დისტანციური შეფასების მესამე ფაზას იწყებს.
ორგანიზაცია ისეთ საკითხებს დააკვირდება, როგორებიცაა – საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიები და კამპანიის გარემო, მედია და დეზინფორმაცია და გენდერი და ინკლუზიურობა. ამასთან, NDI საარჩევნო პროცესებზე კორონავირუსის გავლენასაც შეისწავლის.
ორგანიზაცია დეტალურ ანგარიშს 3 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
17:55 – ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა საარჩევნო სია წარადგინა
ქართული ოცნების ყოფილი წევრებისა და ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა პარტიამ ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა. სიის პირველი ნომერი პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაშია. მას მეორე, მესამე და მეოთხე ნომრებად ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე მოსდევენ.
17:20 – კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო სია წარადგინა
პარტიამ ზვიად ძიძიგური-საქართველოს კონსერვატიული პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული პარტიული სია წარუდგინა. სიის პირველი ნომერი ზვიად ძიძიგურია, მას მეორე ნომრად გიგა ბუკია მოსდევს, სიის მესამე ნომერი კი – ქეთევან ჯოხაძეა.
14:35 – ქართულმა მარშმა პროპორციული სია წარადგინა
პარტიამ „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა, რომლის სათავეშიც ალექსანდრე ბრეგაძეა. მას მეორე და მესამე ნომრებად ქართული ოცნების ყოფილი წევრი ირაკლი შიხიაშვილი და რაულ ჯალაღონია მოსდევენ.
14:30 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფთა მონაწილეობისთვის ცესკოს მიერ შემუშავებულ წესებს აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TIG) განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 19 ოქტომბერს მიღებული დადგენილება „რიგ ხარვეზებს“ შეიცავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, პრობლემურია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ზემოთ ხსენებული პირები გადასატანი ყუთით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუკი ისინი ცესკოს 24-26 ოქტომბრის პერიოდში მიმართავენ. „მიგვაჩნია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ცესკომ ავტომატურად უნდა შეიყვანოს აღნიშნული პირები და მათ მიეცეთ უფლება, მიმართვის საფუძველზე, ამოეწერონ აღნიშნული სიიდან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ასევე პრობლემურად მიიჩნევენ, ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ გადასატანი ყუთით არის შესაძლებელი. ამის ალტერნატივად ორგანიზაცია სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, სპეციალური საარჩევნო უბნების შექნას ასახელებენ. „[ეს] უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მასზე დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით“ უმჯობესია, თუკი გადასატან ყუთებზე მიმაგრებული საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების, ასევე პრესის წარმომადგენლების რაოდენობა თითოდან მინიმუმ ორამდე გაიზრდება, „რათა შესაბამის ჩართულ მხარეებს უკეთ შეძლებოდათ საკუთარი ფუნქციების განხორციელება“.
აგრეთვე, ორგანიზაციის განცხადებით, ცესკოს დადგენილებით ნათლად არც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის წესი იკვეთება და ბუნდოვანია სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს ერთი და იგივე საარჩევნო ყუთი მოემსახურებათ თუ სხვადასხვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დადგენილების მიღების პროცესსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის „პრობლემური იყო როგორც დროის სიმცირის, ასევე მხარეების მოსაზრებების გაზიარების კუთხით“.
21 ოქტომბერი, ოთხშაბათი
20:15 – ქართული ოცნების ინფორმაციით, დმანისში პარტიის ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში, ქართული ოცნების ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს 4 პირი დაშავდა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლეს და „არიან დაჭრილებიც“.
„დმანისში დღეს იყო საკმაოდ მძიმე ინციდენტი, მძიმე პროვოკაცია, ჩვენი პარტიის ოფისთან“, – თქვა კობახიძემ და დაამატა, რომ ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება „სანქცია რაიმე ფორმით შერბილდეს“ და „ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პასუხისმგებლობა უნდა იყოს უმკაცრესი“.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მომხდარს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქში საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „საკუთარი პარტიის სამი წევრი“ ქართული ოცნების აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა დაჭრა, რომელიც ნასვამი იყო.
ოქრიაშვილის მტკიცებით, ოკმელაშვილი იმ „ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელია“, რომელიც 19 ოქტომბერს ბოლნისში მის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს დაესხა თავს.
19:15 – ქუთაისში ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტი გაიხსნა
ქალაქ ქუთაისში 21 ოქტომბერს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა.
უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც დაესწრნენ.
2012 და 2016 წლების განცხადებების მსგავსად, უნივერსიტეტის გახსნა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს უძღვის წინ.
18:00 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის მიმართ მუქარის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) 21 ოქტომბერს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ „ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ფაქტს“ გამოეხმარა და სამართალდამცველ ორგანოებს ფაქტზე „სასწრაფო“ რეაგირების, „დროული“ და „ეფექტიანი“ გამოძიებისკენ მოუწოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და თავად ავთანდილ წერეთლის განცხადების თანახმად, მას „ღია საჯარო სივრცეში“ ორი პირი დახვდა და იმ შემთხვევაში, თუკი მისი შვილის კუთვნილი ტელეარხი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა, „სიცოცხლის მოსპობით“ დაემუქრა
ვატო წერეთელმა ინციდენტში ქართული ოცნება დაადანაშაულა და თქვა – „ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას“.
ავთანდილ წერეთელს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის აგვისტოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე 2018 წლის აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში „დახმარების ფაქტზე“ ბრალი წარუდგინა. მაშინ საგამოძიებო უწყების ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგმეს და მას „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდეს.
14:00 – თავისუფალმა დემოკრატებმა 4 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები მოხსნეს
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ემზარ კაკულიას განცხადებით, პარტიამ 5 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატებიდან 4-ში (საბურთალოს გარდა) კანდიდატები მოხსნა.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს გამარჯვებისა ან მეორე ტურში „რეალური შანსები“ არ აქვთ, უმჯობესია, რომ „ის მცირე რესურსი, რომელიც პარტიას რეალურად შერჩა, პარტიული ხმების მობილიზებაზე“ დაიხარჯოს.
12:00 – „სოკარის“ პრეზიდენტი მარნეულში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად გამოჩნდა
„რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და მარნულისა და გარდაბნის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზაურ დარგალი სხვა თანმხლებ პირებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ.
„რადიო მარნეულის“ ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც იმ მილსადენის მშენებლობას უკავშირდება, რომლითაც ადგილობრივები გაზით მომარეგდებიან, „სოკარის“ პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობა თანამშრომლობისა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შეაქო.
ამავე ინფორმაციით, „სოკარის“ პრეზიდენტმა საუბრისას საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სოკარი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლის წახალისებასა და სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას სწორედ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს. „უკვე 6-7 წელია, რაც ჩვენ ადგილობრივ სტუდენტებს ვეხმარებით“, – თქვა მანვე.
„რადიო მარნეულის“ ცნობით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა როვნაგ აბდულაევს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სოფლის გაზით მომარაგებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამავე ინფორმაციით, როვნაგ აბდულაევმა 20 ოქტომბერს კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობისთვის საფუძველის ჩაყრის ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა.
20 ოქტომბერი, სამშაბათი
22:15 – ბოკერია: სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის ღირებულებებს უღალატა
ევროპული საქართველოს დეპუტატისა და ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის ღირებულებებს „უღალატა“ და „დღეს არის იმ ხალხთან ერთად, ვინც ფუნდამენტურად ამ ღირებულებების მოწინააღმდეგე იყო“. მან ამის მაგალითად გუბაზ სანიკიძე დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, სააკაშვილს აბრალებდა, რომ იგი „დაფარული სომეხია“ და „ეთნიკურ შუღლს აღვივებდა“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას, ბოკერიამ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ადამიანები პოლიტიკურ პარტიებს იცვლიდნენ და ისტორიაში ამის ბევრი „კარგი და ცუდი“ მაგალითებია, თუმცა ისინი პოლიტიკური ღირებულებების ერთგულნი უნდა რჩებოდნენ.
17:00 – არასამთავრობოებმა ხელისუფლებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებელი ნაბიჯები შეიმუშავეს
წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობოებმა, მათ შორის გაეროს ასოციაციამ (UNAG), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ (TIG), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), ქვეყანაში გართულებული ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, არჩევნების უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებები წარადგინეს.
არასამთავრობოებმა 20 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნეს, რომ მძიმე ეპიდემოლოგიური მდგომარეობა უკიდურეს თავდაცვით მექანიზმებს და გამჭვირვალე პროცედურებს მოითხოვს.
იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ინფექციათა შემთხვევების სწრაფმა ზრდამ წარმოშვა, არასამთავრობოები ხელისუფლებას სამ ძირითად ღონისძიებას სთავაზობენ:
- გაფართოვდეს კრიზისების საბჭოს ფორმატი, რომლის საქმიანობაში არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი აქტორის (მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის) ჩართვა იქნება შესაძლებელი;
- შემუშავდეს „კოვიდ ინფექციის” მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით;
- განისაზღვროს „კოვიდ ინფიცირებულთა” ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდიმიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს.
16:05 – NDI-მ მეორე წინასაარჩევნო ბიულეტენი გამოაქვეყნა
აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) მეორე წინასაარჩევნო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, წინასაარჩევნო კამპანიების, პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის, მედიისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ ვითარებას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას აფასებს.
ბიულეტენი 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ რამდენიმე მთავარ მიგნებაზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია: ბოლნისსა და მარნეულში ჟურნალისტებზე ძალადობა და მუქარა; აქცია პანკისში, რის გამოც „პანკისის სათემო რადიო“ იძულებული გახდა, რომ დროებით მაუწყებლობა შეეწყვიტა; ქართული ოცნების წარმომადგენლების უარი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიებში დებატებში მონაწილეობაზე; სოციალურ ქსელებში ანონიმური გვერდები მმართველი და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ეწევიან; პარტიების უმრავლესობა ქალებს ხშირად არა სიის სათავეში, არამედ მხოლოდ მეოთხე ნომრად ასახელებენ, რაც ქალების პარლამენტში მოხვედრის შანსებს ამცირებს.
ორგანიზაცია საარჩევნო სუბიექტებს ურჩევს „მოერიდონ ისეთი თემების განხილვას რაც შეიძლება დაპირისპირებისა და საზოგადოების განხეთქილების რისკს შეიცავდეს“. NDI მათ კამპანიებში „ჰომოფობიური ენის გამოყენების წინააღმდეგ მრავალპარტიულ მემორანდუმზე“ ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
13:40 – აშშ-ის ელჩი საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“.
„პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია“, – აცხადებს კელი დეგნანი.
19 ოქტომბერი, ორშაბათი
22:00 – შსს ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმას იძიებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისში საარჩევნო ბლოკ ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატისა და პარტია პროგრესისა და თავისუფლების ერთ-ერთი დამფუძნებლის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შემთხვევა ბოლნისში 19 ოქტომბრის საღამოს მოხდა. ოქრიაშვილის შტაბის ერთ-ერთი წევრის, ლევან მიქელაძის თქმით, იგი და შტაბის კიდევ ერთ წევრთან ერთად, სოფელ ნახიდურიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მათ, სავარაუდოდ, ბოლნისიდან ორი ავტომობილი აედევნათ. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა მას გადაუსწრო, მეორე კი – უკანა მხრიდან მიუახლოვდა და იმ დროს, როდესაც მან გვერდზე გადასვლა სცადა, შეეჯახნენ და ხევში გადააგდეს.
მიქელაძისვე განცხადებით, მათი მიმართულებით დაახლეობით 6-ჯერ ისროლეს. მედიით ნაჩვენებ კადრებში მის კუთვნილ ავტომობილს ნატყვიარი ეტყობა.
ლევან მიქელაძემ მედიასთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა წაქაძე იყო.
ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა მომხარში მმართველი პარტია დაადანაშაულა და თქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების გათვალისწინებით, მოახლოებული არჩევნები „არალეგიტიმურია“. „ვერ გაიფორმებთ ამ არჩევნებს“, – მიმართა მან ქართულ ოცნებას.
13:10 – პრემიერის თქმით, არჩევნები არ გადაიდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში „პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება“ და ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნები არ გადაიდება.
„[ჩვენ] ღირსეულად, დემოკრატიულად, ღიად, ტრანსფარენტულად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები“, – თქვა გიორგი გახარიამ.
12:00 – ცესკო კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და თვითიზოლაციაში მყოფთათვის ხმის მიცემის პროცედურებს აქვეყნებს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ამომრჩეველთათვის ხმის მიცემის შესაბამისი პროცედურები შემუშავდა.
კერძოდ, ცესკო-ს ცნობით, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება არანაკლებ ერთი საარჩევნო უბანი, ასევე დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთს მიუტანენ. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას თვითიზოლაციაში მყოფი პირებიც შეძლებენ.
„სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით [და] სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები“, – აცხადებენ ცესკოში და განმარტავენ, რომ „სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან არ ექნებათ“ და ხმებიც „სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში“ დაითვლება.
„შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
18 ოქტომბერი, კვირა
13:05 – მამუკა ხაზარაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა
პარტია ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ხაზარაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ლელოს ლიდერი თავადვე ავრცელებს. „გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა“, – წერს იგი Facebook-ზე.
ხაზარაძემ მოქმედი ხელისუფლება პროცესის „უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ“ მართვის გამო გააკრიტკა, რამაც მისივე თქმით, „საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა“.
16 ოქტომბერი, პარასკევი
18:40 – ცესკომ, უწყებათაშორისმა კომისიამ და არასამთავრობოებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ და 13-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საარჩევნო კოდექსის 45-ე , 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების (საარჩევნო კამპანია; წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა; საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა) „ერთგვაროვან აღქმაზე“ თანხმდებიან.
„წლების განმავლობაში დამკვიდრებული ინიციატივა ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
ცესკოს ცნობით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა, რომელიც მემორანდუმის გაფორმების პროცესს ფასილიტაციას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს.
16:30 – შსს-მ და ცესკომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმის თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ინფორმაციას „კოორდინირებულად“ გაცვლიან. ამასთან, დოკუმენტი ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასაც ითვალისწინებს.
„კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ შსს-ში.
15 ოქტომბერი, ხუთშაბათი
19:00 – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა დაასახელა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზა მიიღო. 15 ოქტომბრის მდგომარეობით, პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 558 291-ს შეადგენს.
17:00 – ლეიბორისტული პარტია გიგი უგულავას მხარდაჭერას უცხადებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტია 31 ოქტომბრის არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მხარს ევროპული საქართველოს კანდიდატს, გიგი უგულავას დაუჭერს.
14 ოქტომბერი, ოთხშაბათი
11:00 – ლელოს წევრზე თავდასხმისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ქუთაისში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, პარტიის ქუთაისის შტაბის წევრს, პაატა კიკაბიძეს თავს დაესხნენ და სცემეს.
შსს-მ მომხდარზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულმა 13 ოქტომბერს ქუთაისში ლელოს წევრს „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13 ოქტომბერი, სამშაბათი
17:25 – პარტიამ სამართლიანობის საარჩევნო სია წარადგინა
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებულმა პარტიამ სამართლიანობის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა, რომლის პირველი ნომერიც თავად ეკა ბესელიაა.
17:15 – პარტიამ მოქალაქეები საპარლამენტო სია წარადგინა
ალეკო ელისაშვილის პარტიამ მოქალაქეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ალეკო ელისაშვილია, რომელსაც მეორე ნომრად ლევან იოსელიანი მოსდევს.
17:05 – ერთიანი საქართველო-დემოკრატიულმა მოძრაობამ საპარლამენტო სია წარადგინა
ნინო ბურჯანაძის პარტია ერთიანი საქართველო-დემოკრატიულმა მოძრაობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა, რომელსაც სათავეში თავად ნინო ბურჯანაძე უდგას.
16:40 – სტრატეგია აღმაშენებლმა საპარლამენტო სია წარადგინა
საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი ერთ-ერთი იმ საარჩევნო სუბიექტთაგანია, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა. ბლოკის საპარლამენტო სიის სათავეში სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა. მას მეორე ნომრად ბლოკში შემავალი პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თამარ ჩარკვიანი მოსდევს.
14:51 – ლელომ პრემიერობის კანდიდატი და „მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელები დაასახელა
პარტია ლელო საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, დავით უსუფაშვილმა 13 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ ღონისძიებაზე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.
თავის მხრივ, პრემიერობის კანდიდატმა ლელოს მიერ შემუშავებული საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის – „მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელები წარადგინა.
11:15 – ლელომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა
პარტიამ ლელო საქართველოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარე და სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძე დაასახელა.
მამუკა ხაზარაძემ ქართული ოცნების 8 წლიანი მმართველობა გააკრიტიკა და თქვა – „ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ყველაზე მთავარი მტერი – სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი“.
12 ოქტომბერი, ორაშაბათი
16:30 – ლელო საქართველოსთვის ოცნების მხრიდან ძალადობასა და მუქარაზე საუბრობს
პარტია ლელო საქართველოსთვის ქობულეთსა და სამეგრელოში ქართული ოცნების მხრიდან პარტიის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაზე საუბრობს.
პარტიის ცნობით, ქობულეთის ბაზრის შესასვლელთან ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ლელოს წევრებზე „ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს“ და მათ მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს. პარტიისვე ინფორმაციით, ბაზრის მფლობელი რამდენიმე დღეა, რაც ლელოს აქტივისტებს ბაზარში შესვლისა და სააგიტაციო მასალის დარიგების საშუალებას არ აძლევს. ლელოს განცხადებით, 1 საათიანი ხმაურიანი დაპირისპირების დროს პარტიის რამდენიმე წევრი სცემეს, თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა.
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და მარტვილის საარჩევნო ოლქში ლელოს მაჟორიტარობის, კანდიდატის თამარ ბელქანიას თქმით, გულბაათ ქარდავა, რომელსაც „რაიონში [სახელისუფლებო] ზონდერის სახელით იცნობენ“, მის პრესმდივანს, დიმა კვარაცხელიას დაემუქრა და მას „სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ლელოს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
15:15 – „საია“-მ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 12 ოქტომბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში, საია-მ მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის სავარაუდო უგულვებელყოფის 1-1 შემთხვევა გამოავლინა.
14:20 – შემოწირულებების კუთხით ქართული ოცნება ლიდერობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე პერიოდში, პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში სულ 9 773 788 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს.
11 ოქტომბერი, კვირა
16:00 – ათენში მიხეილ სააკაშვილის ემიგრნტებთან შეხვედრისას დაპირისპირება მოხდა
11 ოქტომბერს, ათენში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ემიგრანტებთან შეხვედრაზე მისულ მიხეილ სააკაშვილს „პროვოკატორები დახვდნენ“ და „შავებში ჩაცმულმა უცნობმა მამაკაცმა მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა სცადა“. არხმა საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელშიც ისმის, რომ ვიღაცამ ადგილზე „გაზი გაუშვა“. ამავე ინფორმაციით, „დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა“.
ათენში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი ვიზიტის შესახებ „ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო“ და „ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს „შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა“ დაავალა.
13:05 – ეუთო/ოდირი არჩევნებისთვის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას აუქმებს
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირი) 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში განთავსებულ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას ზღუდავს და ქვეყანაში მხოლოდ ძირითადი ექსპერტები და გრძელვადიანი დამკვირვებლები დარჩებიან, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო კი – ქვეყანაში მოკლევადიანი დამკვირვებლები აღარ ჩამოვლენ.
9 ოქტომბერი, პარასკევი
18:00 – NDI-მ წინასაარჩევნო ბიულეტენი გამოაქვეყნა
აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) წინასაარჩევნო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის, წინასაარჩევნო კამპანიების, პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისა და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობის, მედიისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ ვითარებას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას აფასებს.
ბიულეტენში, რომელიც 20 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ რამდენიმე მთავარ მიგნებაზეა ყურადღება გამახვილებული. ესენია: სადამკვირვებლო ჯგუფების მიუკერძოებლობა, საარჩევნო კომისიების დაუბალანსებელი შემადგენლობა, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების აღსრულების ნაკლებობა, ამომრჩეველზე ზეწოლა ან მათი იძულება, ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვა, ძალადობა და პარტიებს შორის არსებული ფინანსური უთანასწორობა.
8 ოქტომბერი, ხუთშაბათი
12:30 – სტრატეგის აღმაშენებელი 15 000 ლარით დააჯარიმეს
სტრატეგია აღმაშენებელი მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა 3 საარჩევნო ჯიხურის, თვითნებურად, დედაქალაქის მერიის ნებართვის გარეშე განთავსებისთვის 15 000 ლარით დააჯარიმა (თითოეულისთვის 5 000-5 000 ლარი).
7 ოქტომბერი, ოთხშაბათი
13:30 – შსს-მ ქართული ოცნების წევრის ცემის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ოქტომბრის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა პარტია ქართული ოცნების წევრისა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, თემურ შუბითიძის „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით“ 4 პირი დააკავეს. მათგან 3 წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
12:00 – სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ქართულ ოცნებას ტოვებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს. მას პარტიაში მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე 2015-2018 წლებში მსახურობდა, მის სახელთან ასოცირდება რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის, 2017 წლის მიწურულს თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციები. მის მიმართ კორუფციის ბრალდებებიც ისმოდა.
6 ოქტომბერი, სამშაბათი
17:22 – თავისუფალმა საქართველომ პარტიული სია წარადგინა
პარტია თავისუფალმა საქართველომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა, რომლის პირველი ნომერიც პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავაა.
5 ოქტომბერი, ორშაბათი
20:00 – შალვა ნათელაშვილი სააკაშვილს ივანიშვილთან ალიანსში ადანაშაულებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
„უფლებას ვიტოვებ, გამოვთქვა ეჭვი, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ფარული [პიროვნული] თანამშრომლობა და ალიანსი გრძელდება“, – თქვა ლეიბორისტების ლიდერმა 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, აღნიშნულის ნათელი მაგალითი, ნაციონალური მოძრაობის „გამსვლელ სიაში პარტიის სახელოვანი ლიდერების ნაცვლად, ივანიშვილის ოლიგარქატის ჩაწერაა“. მან ამ კონტექსტში, ოცნების ყოფილი წევრი და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გარშემო შეკრებილი კოალიციის – ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის მე-15 ნომერი კახა ოქრიაშვილი, მისივე თანაპარტიელი ცეზარ ჩოჩელი, ასევე დილარ ხაბულიანი და რამაზ ნიკოლაიშვილი დაასახელა.
„პირველსავე შემთხვევაში, როდესაც საქმე მიდგება კოალიციური მთავრობის შექმნაზე, სადაც ერთი ხმა იქნება გადამწყვეტი, ოთხივე რეაქტიული სისწრაფით დააწვება ივანიშვილისკენ და არცერთ შემთხვევაში ოპოზიციური კოალიციისკენ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მანვე მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს „თანამდებობებზე ოცნებებს თავი დაანებოს“ და „ხელი შეუწყოს ოპოზიციური ძალების თანამშრომლობას, კოორდინაციას და პუტინისტური ოლიგარქიის მოცილებას“.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ხელისუფლების სათავეში“ კვლავ ბიძინა ივანიშვილი დარჩება და „სააკაშვილი იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა მთელი ცხოვრება“. „პროცესების ასეთი გაგრძელება, რასაც ის აკეთებს, მიგვიყვანს ამ შედეგებამდე“, – დაამატა ნათელაშვილმა.
19:50 – სასამართლომ მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტზე დაკავებულებს გირაო შეუფარდა
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულსა და ბოლნისში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 4 დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
12:35 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ პარტიული სია წარადგინა
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ-მ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის პროპორციული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში თავად დავით ჭიჭინაძე უდგას.
12:00 – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე საუბრობს
პარტია ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე იმის გამო დაინიშნა, რომ „ანაკლიის პროექტი გაეჩერებინა“ და ბიძინა ივანიშვილის დავალება შეესრულებინა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიებს შორის თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას, ხაზარაძემ თქვა, რომ ლელო მმართველ პარტიას კოალიციას არ შეუქმნის, ასევე პრემიერს თანამდებობაზე მხარს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის კანდიდატურას დაუჭერს.
4 ოქტომბერი, კვირა
15:45 – შსს-მ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი დაპირისპირებების საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა 27 და 29 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურსა და მარნეულში „მომხდარი ძალადობის ფაქტებზე“ ნაციონალური მოძრაობის ერთი აქტივისტი და პარტიის ერთი წევრი დააკავეს.
3 ოქტომბერი, შაბათი
20:25 – გირჩმა საპარლამენტო სია წარადგინა
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა მოახლოებული არჩევნებისთვის საპარლამენტო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეა, მას მეორე ნომრად იაგო ხვიჩია, მესამე ნომრად კი – ვახტანგ მეგრელიშვილი მოსდევენ.
15:20 – შსს-მ მარნეულში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ცემის საქმეზე 2 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა მარნეულში 29 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და მათი თანმხლები პირის“ ცემის საქმეზე ორი პირი (გ.შ. და გ.ჯ.) დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2 ოქტომბერი, პარასკევი
21:00 – ლელომ პარტიული სია წარადგინა
პარტიამ ლელო საქართველოსთვის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული პარტიული სია წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის თავმჯდომარე და „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. მას მეორე ნომრად ლელოს გენერალური მდივანი და პარტიის საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე მოსდევს.
ლელოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატების სიისთვის ეწვიეთ ბმულს.
20:00 – ლეიბორისტულმა პარტიამ პარტიული სია წარადგინა
ლეიბორისტულმა პარტიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული პარტიული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი უდგას.
ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატების სიისთვის ეწვიეთ ბმულს.
18:10 – ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა
პარტია ქართულმა ოცნებამ 1 ოქტომბერს მოსახლეობას პარტიის „8 წლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა“ და საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები გააცნო. პარტია საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოქალაქეებისთვის სამომავლო გეგმების „დარგობრივი ბლოკების მიხედვითაც“ გაცნობასაც აპირებს.
ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და თქვა, რომ პროგრამის შემუშავებაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და „მაღალკვალიფიციური ექსპერტები“ მონაწილეობდნენ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პარტიის საარჩევნო პროგრამა ორ უმთავრეს პრობლემას – ოკუპაციასა და სიღარიბეს ეხმიანება, რომლებიც ოცნების ხელისუფლებამ „მემკვიდრეობით მიიღო“. მანვე „მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერგება და საქართველოში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა“ პარტიის უმთავრეს მიზნებად დაასახელა.
1 ოქტომბერი, ხუთშაბათი
21:00 – ენმ-ძალა ერთობაშიამ პარტიული სია წარადგინა
საარჩევნო ბლოკმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშია“ 1 ოქტომბერს საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა, მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე მოსდევენ.
ენმ-ძალა ერთობაშიას სრული სიის სანახავად ეწვით ბმულს.
18:30 – ქართულმა ოცნებამ პარტიული სია წარადგინა
პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ 1 ოქტომბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული პარტიული სია წარადგინა, რომელსაც სათავეში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უდგას, მას მეორე ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მესამე ნომრად კი – პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მოსდევენ.
ოცნების სრული სიის სანახავად ეწვით ბმულს.
16:55 – „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 1 ოქტომბერს სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში Facebook-ზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გააქტიურება შეიმჩნევა. გარდა ამისა, მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის სოციალური მედიის სხვა პლატფორმებს, მათ შორის – Instagram-ს, Telegram-ს, Viber-სა და TikTok-საც იყენებს.
30 სექტემბერი, ოთხშაბათი
23:35 – ლელომ პარტიული სიის ნაწილი წარადგინა
პარტიამ ლელო საქართველოსთვის 30 სექტემბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ნაწილი წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის თავმჯდომარე და „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა.
11:00 – მარნეულში სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელსაც სცემეს
29 სექტემბერს მარნეულში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ჟურნალისტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ – ის დამკვირვებელს, გიორგი მუმლაძესაც სცემეს. მედიასთან საუბარში მუმლაძემ თქვა, რომ მას ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სცემა.
ქართულ ოცნებაში მარნეულის ინციდენტზე პასუხისმგებლობას სრულად ნაციონალურ მოძრაობას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში ოცნების ოფისთან მისულმა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა მათ მხარდამჭერებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
29 სექტემბერი, სამშაბათი
23:00 – მარნეულში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სცემეს
მარნეულში ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სცემეს.
„მთავარი არხის“ ცნობით, თავს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფებს დაესხნენ და 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს „ფიზიკურად გაუსწორდნენ“. ერთ-ერთ მათგანს თავი აქვს გატეხილი, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, დაზიანებულია არხის კუთვნილი კამერა და მიკროფონი. ამავე ინფორმაციით, „დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი ქართული ოცნების წევრების ჩასაწერად მივიდა“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მარნეულში საქართველოს „პირველი არხის“ გადამღები ჯგუფის კამერაც დაამტვრიეს, ოპერატორს კი – „ფიზიკურად გაუსწორდნენ“. ამავე ინფორმაციით, „შემთხვევა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა“.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლას გულისხმობს.
19:00 – მუნიციპალურ სკვერში ოცნების დროშების გამოფენის გამო აქტივისტებსა და პარტიის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
გლდანის ერთ-ერთ მუნიციპალურ სკვერში რამდენიმე დღის წინ პარტია ქართული ოცნების დროშების გამოფენის გამო დღეს პარტიის მხარდამჭერებსა და ადგილზე აღნიშნულის გასაპროტესტებლად მისულ სამოქალაქო აქტივისტებს („შეცვალე“, „სირცხვილია“, „გხედავ“) შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარების განსამუხტად პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
სამოქალაქო აქტივისტების რწმენით, აღნიშნული წინასაარჩევნო გარემოში „მნიშნველოვანი დარღვევაა“ და „პარკში, რომელიც საჯარო სარგებლობის არის, რომელიმე პარტიის რეკლამა მათი კუთვნილი დროშებით არ უნდა ხდებოდეს“. აქტივისტები აქციაზე საქართველოს დროშებით მივიდნენ, რომლითაც ოცნების პარტიული დროშების ჩანაცვლება სურდათ.
ოცნების მხარდამჭერების მტკიცებით კი – პარტიის დროშები ადგილობრივების ინიციატივით, განახლებული სკვერის გამო მადლიერების ნიშნად დაიკიდა.
მედიის ცნობით, ინციდენტი უკვე ამოწურულია.
16:30 – ცესკო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტს გმობს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 29 სექტემბერის განცხადებით, მარნეულში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ და საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილმა პირებმა შეჭრა სცადეს. საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს „ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ფაქტებს“.
ცესკო მიმართავს დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს „ყურადღებით დააკვირდნენ „ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი“.
საარჩევნო ადმინისტრაცია ბრალდებებს, თითქოს ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ არ შეატყობინეს, „უსაფუძვლოს და სიცრუეს“ უწოდებს და განმარტავს, რომ მათგან რამდენიმე სხდომას საკუთარი ინიციატივით არ დაესწრო, ნაწილთან კი – არასწორი ნომრის მითითების გამო დაკავშირება ვერ მოხერხდა. „ამასთან, ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში“, – დასძენენ ცესკო-ში.
14:30 გამარჯვებულმა საქართველომ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ირაკლი ოქრუაშვილის გამარჯვებულმა საქართველომ დღეს ქარელისა და ხაშურის, ასევე ხულოს, ქედისა და შუახევის, აგრეთვე ბათუმის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული საქართველოს სახელით მაჟორიტარობისთვის გურამ ჩალაგაშვილი, ხულოში, შუახევსა და ქედაში ოთარ შაინიძე, ბათუმში კი – იზა სურმანიძე იბრძოლებენ. დღესვე გამარჯვებულმა საქართველომ აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად მაჟორიტარობის კანდიდატებად კახაბერ (ნუკრი) სირაბიძე და ასლან ვაშაყმაძე დაასახელა.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, გამარჯვებული საქართველო ევროპულ საქართველოსთან ორ ოლქში ერთმანეთის მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერაზე შეთანხმდა. ევროპული საქართველო ქარელისა და ხაშურის ოლქში მხარს გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს. თავის მხრივ კი – გამარჯვებული საქართველო ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მხარდაჭერას ევროპული საქართველოს კანდიდატს გამოუცხადებს.
უახლოეს მომავალში, გამარჯვებული საქართველო თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის, ასევე გორისა და კასპის და ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარობის კიდევ 3 კანდიდატს დაასახელებს.
13:30 – ევროპულმა საქართველომ პარტიული სიის ნაწილი წარადგინა
პარტია ევროპულმა საქართველომ 29 სექტემბერს პარტიული სიის ნაწილი წარადგინა. სიის წარდგენისას, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, თათია ვახტანგაძემ თქვა, რომ სიაში დღეს დასახელებული კანდიდატების რიგითობა პირობითია და ის შეიცვლება.
12:00 – კონსერვატორების ლიდერი: „ოცნების შემადგელობაში ყოფნისგან დავზიანდით“
კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის გეგმებზე ისაუბრა. განსხვავებით წინა 2 საპარლამენტო არჩევნებისა, როდესაც პარტია პარლამენტში ქართულ ოცნებასთან კოალიციით მოხვდა, კონსერვატორები 2020 წლის არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრიან. კონსერვატორებმა ქართული ოცნება 2019 წელს მას შემდეგ დატოვეს, რაც მმართველმა გუნდმა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო.
„რა თქმა უნდა დავზიანდით ოცნების შემადგენლობაში ყოფნისგან“, – თქვა კონსერვატორების ლიდერმა. მანვე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, სავარაუდო კოალიციების შექმნაზე საუბრისას ძიძიგურმა აღნიშნა, რომ კონსერვატორები კოალიციას უფრო ქართულ ოცნებასთან შექმნიან, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან. პარტია 8 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას იზიარებს.
28 სექტემბერი, ორშაბათი
18:15 – ოცნება მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში 27 სექტემბერს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს „ყველა ტიპის პროვოკაციასა“ და „ძალადობაზე“ რეაგირებისგან „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“ მოუწოდა.
მისივე თქმით, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება, ქვეყნის, საზოგადოების, ასევე მმართველი გუნდის „სუბიექტური ინტერესია“. „ერთადერთი, ვისაც აწყობს, რომ პროვოკაცია, დაძაბულობა და ეს ფონი შეიქმნას, არის ის პარტია ან პარტიები“, რომლებიც წაგებისთვის არიან განწირულნი.
18:10 – 28 სექტემბერიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 28 სექტემბერიდან ყველა საარჩევნო უბანზე (3 657) საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ „პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს“.
18:00 – ცესკო-მ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 30-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავდა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.
ცესკო-ს ცნობით, ქცევის კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპებია პოლიტიკური ნეიტრალობა და მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, პროაქტიული თანამშრომლობა და რეაგირება და პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
17:55 – შსს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ორ ფაქტს იძიებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ძალადობის ორ ფაქტს იძიებს. პირველი შემთხვევა, რომელშიც ათობით ადამიანი მონაწილეობდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მდებარე ჩაიხანაში მოხდა.
მეორე ძალადობრივი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაავრცელა. მისი თქმით, სოფელ გლდანულაში მიმდინარე აქციის დროს მონაწილეებს ქვები დაუშინეს.
დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
26 სექტემბერი, შაბათი
19:00 – ლეიბორისტულმა პარტიამ მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინა
ლეიბორისტულმა პარტიამ 26 სექტემბერს, თბილისში, მეტეხის ტაძრის ეზოში გამართულ შეკრებაზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარული ოლქიდან 10-ში საკუთარი კანდიდატები წარადგინა. პარტიამ დღესვე მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა.
25 სექტემბერი, პარასკევი
16:00 – კელი დეგნანის კომენტარი წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 25 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სახალხო დამცველის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი „ანგარიშსწორების“ შემთხვევების შესახებ ანგარიში „ძალიან შემაშფოთებელია“.
„ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ქმედებები და ქცევა საქართველოს ოქტომბრის არჩევნებს შეარყევს. საბედნიეროდ, გვყავს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც საარჩევნო პროცესებს უკვე ყურადღებით აკვირდებიან“, – დასძინა ელჩმა.
ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საელჩო არჩევნების დღეს დამკვირვებლების რიცხვის გასაზრდელად მთელი საქართველოს მასშტაბით შესაბამის გუნდებს განათავსებს. დასასრულს, ელჩმა ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.
11:10 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თბილისის მერიის მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევაზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშიროსი გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) შეფასებით, თბილისის მერიის მხრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ გატარებული სანქციებით „ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება“, რაც „ხელს უშლის პარტიას აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიმდინარე წლის ივნისიდან სასესხო პროცენტების განახევრების ხელმოწერების შეგროვების მიზნით, თბილისის მეტროსადგურებთან მცირე ზომის კარვები განათავსა, რისთვისაც თბილისის მერიამ პარტია ჯამში 70 000 ლარზე მეტი თანხით დააჯარიმა.
„მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი და შეწყვიტოს პარტია გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის დაჯარიმება. აგრეთვე, გააუქმოს უკვე შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
24 სექტემბერი, ხუთშაბათი
17:10 – სახალხო დამცველი წინასაარჩევნოდ „ანგარიშსწორების“ შემთხვევებზე საუბრობს
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოვლენილ „ანგარიშსწორების“ შემთხვევებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან „პირადი ცხოვრების მასალების გამოყენებით დაშინებასა და შანტაჟს“ გაუსვა ხაზი.
„შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციას რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, – თქვა ომბუდსმენმა და დასძნა, რომ „სამწუხაროდ, წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისათვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი“.
15:10 – ევროკაშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინეს
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 23 სექტემბერს ქართული მედიის მიერ საარჩევნო პროცესის გაშუქების შესახებ პირველი შუალედური ანგარიში წარადგინეს, რომელიც 11 კვირის მონაცემებს აერთიანებს. მედიამონიტორინგი 43 მედიასაშუალებას, მათ შორის, 12 ტელევიზიას, 10 რადიოს, 8 გაზეთსა და 13 ონლაინ გამოცემას მოიცავს.
შუალედური ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მედია მეტ საარჩევნო სუბიექტსა და პოლიტიკურ პარტიას აშუქებს. თუმცა, მედიის ყურადღება ძირითადად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების დღის წესრიგს ეთმობა, ხოლო საარჩევნო პროცესის სიღრმისეული ანალიზი და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა საარჩევნო თემები ხშირად ამ ყურადღების მიღმა რჩება.
„შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება, დისკრიმინაციული გამონათქვამები და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება არასანდო წყაროებზე დაყრდნობით ძირითადად ბეჭდურ მედიაში შეიმჩნევა. ეს ტენდეცია გაცილებით ნაკლებია ონლაინ გამოცემებში. გენდერული სტერეოტიპების გამოყენება მეტნაკლებად შეიმჩნევა ყველა მედია-სეგმენტში, რადიოს გარდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ცალკეა საუბარი სატელევიზიო მედიაზე. დოკუმენტის მიხედვით, ყველა ტელევიზია აშუქებს უცხოურ გავლენას საქართველოს არჩევნებზე და ამ პროცესების შეფასებისასა მაყურებელს ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს სთავაზობს. „ამ მხრივ, ყველაზე მეტი საეთერო დრო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას ეთმობა“, – ნათქვამია ანგარიშში.
14:00 – ალეკო ელისაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად ოთარ კერკაძე წარადგინა.
გუშინ პარტიამ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად ინდიგო ბერძენაძე წარადგინა.
23 სექტემბერი, ოთხშაბათი
22:25 – ენმ-ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საარჩვევნო ბლოკმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშია“ 23 სექტემბერს 30 მაჟორიტარული ოლქიდან 25-ში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატები წარადგინა.
18:10 – აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ქვეყანაში USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი აპლიკაციის „საარჩევნო კომპასის“ წარდგენის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საქართველოში არსებულ წინასაარჩდევნო გარემოზე, საარჩევნო პროცესებში რუსეთის ჩარევასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურის აწევა ნორმალურია“, – თქვა კელი დეგნანმა. მანვე საარჩევნო ქცეცვის წესებზე „ბევრი პოლიტიკური პარტიის“ შეერთებას დამაიმედებელი უწოდა და ეთიკის ნორმებზე პოლიტიკური ლიდერების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიცრუვდება იმედები, თუ ვიხილავთ ამომრჩევლის დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს“, – დასძინა მანვე.
ოქტომბრის არჩევნებში რუსეთი ჩარევაზე საუბრისას, დეგნანმა აღნიშნა, რომ ევროპისა და ამერიკის არჩვნებში „რუსეთისა და სხვა არაკეთილმოსურნე აქტორების“ ჩარევის პრაქტიკის გათვალისწიენბით, „სამართლიანია დაშვება, რომ ეს საქართველოშიც მოხდება“. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და რაც მთავარია „ქართული საზოგადოება [საკითხს] სერიოზულად აღიქვამს“ და „უკეთ ხვდება რა ტყუილ ინფორმაციასა და მავნე ქმედებებს, რაც დაბნეულობის შექმნას, არასტაბილურობის განცდის დანერგვასა და წარმატებისკენ მიმავალი გზიდან საქართველოს ჩამოშორებას ემსახურება“.
დეგნანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის რობერტ ო ბრაიენს შორის სატელეფონო საუბრის შეფასებისას თქვა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია და პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის, რომელიც ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში და იმედია კვლავაც იარსებებს, რადგან ჩვენი მთავრობებისთვის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“.
მისივე თქმით, მხარეებმა „ისეთ კრიტიკულად მნიშნველოვან“ საკითხებზე იუსაუბრეს, როგორებიცაა: „ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია, ეკონომიკური აღდგენა და კოვიდი, ასევე გზების ძიება, თუ როგორ შეუძლია ამერიკას საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და დემოკრატიის განვითარების პროცესში დახმარება და, რა თქმა უნდა არჩევნები“.
დეგნანის განცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმართ „ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღებაა მოპყრობილი“ და „არის მოლოდინი, რომ ეს არჩევნები უფრო თავისუფალი, სამართლიანი და უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი“.
18:00 – უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი ნაციონალურმა მოძრაობამაც გამოუცხადა
ევრპულის საქართველოს შემდეგ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით შექმნილ უწყაბათაშორის კომისიას ბოიკოტი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც გამოუცხადა და მიზეზად კომისიის უმოქმედობა დაასახელა.
„[კომისია] რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებიდან არჩევნებმადე ხდება“, – უთხრა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.
12:00 – ბოლნისში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააიზიანეს
მედიის ცნობით, გუშინ ღამით, ბოლნისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. პარტიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლის, ნოდარ იმნაძის მტკიცებით, შემთხვევა დილის საათებში, 05:00 სთ-დან 06:00-სთ-მდე პერიოდში მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
22 სექტემბერი, სამშაბათი
14:15 – შს მინისტრმა ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ბრძანება გამოსცა
საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 31 ოქტომბრის საპარლმაენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.
ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.
ამავე ბრძანებით, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
12:00 – ევროპული საქართველო არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან და პრემიერის პოსტზე მხარს არც სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერს
ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, მისი პარტია „კიდევ ორ პოლიტიკურ ვალდებულებას“ იღებს.
მისი თქმით, პირველი ვალდებულების თანახმად, ევროპული საქართველო ქართულ ოცნებასთან „არავითარ შემთხვევაში“ არ ითანამშრომლებს და მას მთავრობას არ შეუქმნის. მანვე იმავე ვალდებულების გაზიარებისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა.
კაპანაძის განმარტებით, მეორე ვალდებულება პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილისთვის მხარის არდაჭერას გულისხმობს.
11:30 – ევროპული საქართველო უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებს
ევროპული საქართველო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით შექმნილ უწყაბათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებს და კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, ამის მიზეზი იუსიტიის მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებაა.
მისი შეფასებით, ეს არის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული ბოღმიანი და ღვარძლიანი“ სახე – თეა წულუკიანი, რომელიც ამ კომისიას, როგორც ყველაფერ დანარჩენს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“. კაპანაძისვე თქმით, წულუკიანი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისადმი „თავის ზიზღს“ ვერასდროს მალავს და მას შეუძლია „თავის თანამზრახველებთან და თანამოაზრეებთან“ ერთად შეიკრიბოს და „რაზეც უნდა იმაზე იმსჯელოს“.
„ყველა დარღვევაზე ჩვენ გვექნება ჩვენი რეაგირება, მათ შორის მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას“, – დასძინა მანვე.
21 სექტემბერი, ორშაბათი
20:00 – IRI ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ცნობით, ორგანიზაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. შეფასების მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოვა.
მისია „მრავალმხრივი გამოცდილების მქონე“ ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან შედგება, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.
IRI-ის მისი საარჩევნო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის საჭირო ისეთ „საკვანძო საკითხებზე გაამახვილებს“ ყურადღებას, როგორებიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. ამასთან, მონიტორინგის ფარგლებში, ყურადღება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებასაც დაეთმობა.
17:00 – NDI-მ საარჩევნო მონიტორინგი დაიწყო
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) 21 სექტემბერს ოქტომბრის არჩვნებზე „გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვება“ დაიწყო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს შეისწავლიან, როგორებიცაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.
თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ის თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI-ი საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებისთვის შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს.
20 სექტემბერი, კვირა
20:00 – ევროპული საქართველომ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
პარტია ევროპულმა საქართველომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანი წარადგინა. ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი, რომელმაც პარტია 2016 წლის დასაწყისში დატოვა, ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. მოგვიანებით იგი, ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინეს.
19:00 – მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილზე ნიკა მელიას განცხადებას აფასებს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 20 სექტემბერს, „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადება შეაფასა, სადაც მან თქვა, რომ ვერ ხედავს თავს იმ გუნდში, რომელშიც ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი იქნება.
სააკაშვილმა თქვა, რომ იგი მელიას მოსაზრებას პატივს სცემს და დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილი რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას არ აპირებს და იგი არც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს.
„მისი გადაწყვეტილება, რომ არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი. მიმაჩნია, რომ უნდა მოვიდეს ახალი თაობა“, – აღნიშნა მანვე.
19 სექტემბერი, შაბათი
19:10 – ცესკო-მ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
არჩევნებმადე 42 დღით ადრე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 სექტემბერს, წლისყრის შედეგად, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული 58 პარტიიდან და 2 საარჩევნო ბლოკიდან დღეს გამართულ წილისყრაში მონაწილეობა 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. ამავე ინფორმაციით, დანარჩენ სუბიექტებს კანონმდებლობის თანახმად, მათთვის ადრე მინიჭებული ნომრების დატოვების უფლება ჰქონდათ.
15:30 – ქალმა პოლიტიკოსმა ქალთა უფლებების დასაცავად მემორანდუმს მოაწერეს ხელი
პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ქალი პოლიტიკოსების ორგანიზებით, დღეს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარიტიების ქალმა პოლიტიკოსებმა ქალთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმზე ხელმომწერ პოლიტიკოსებს შორის იყვნენ სტრატეგია აღმაშენებლის წევრი თეონა აქუბარდია, ქართული ოცნების ყოფილი წევრები და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატები – თამარ ჩუგოშვილი და ნინო გოგუაძე, ასევე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია და პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
მემორანდუმის მიხედვით, პოლიტიკოსი ქალები „პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების „უკანონო გადაღებას, გავრცელებას, კადრების გავრცელებით დაშინება-შანტაჟს“ გმობენ და ქალთა უფლებების დასაცავად ერთიანდებიან.
„ბოლო წლებში, ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება ან მათი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციისა და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია”, – ნათქვამია მემორანდუმში.
მემორანდუმზე ხელმომწერი ქალი პოლიტიკოსები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ „უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ“ მსგავს ფაქტებზე, რათა მომავალში პირადი ცხოვრების ხელყოფა „ვერავინ გაბედოს“.
18 სექტემბერი, პარასკევი
20:00 – ქართულმა მარშმა ლელოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართა
ულტრანაციონალისტურმა პარტიამ ქართულმა მარშმა პარტია ლელოს წინააღმდეგ ქუთაისსა და თბილისში (ვაკეში) საპროტესტო აქციები გამართა. ქართული მარშის ლიდერებმა და წევრებმა ვაკეში გამართულ საპროტესტო აქციაზე ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძეს მევახშე უწოდეს და პარტიის არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვეს. ქუთაისში გამართულ აქციაზე კი – ქართული მარშის წევრებმა ანა ნაცვლიშვილი, ლელოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს ერთი მხრივ, ლგბტ უფლებების, მეორე მხრივ კი, ჯორჯ სოროსის მხარდაჭერა დაუწუნეს.
ქართული მარშის დემონსტრაციების საპასუხოდ, ვაკეში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ, განაცხადა, რომ როგორც მმართველი პარტია ქართული ოცნებისათვის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის ლელო არის საშიში, რადგან ძლიერი და გონივრულად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის რეალური გეგმა აქვს.
18:00 – თბილისის საქალაქო სასამართლომ პატრიოტთა ალიანსი დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე პარტია პატრიოტთა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევისთვის პატრიოტთა ალიანსი 2 000 ლარით დააჯარიმა.
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“.
პატრიოტთა ალიანსის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ 6 საარჩევნო კლიპზე რეაგირებისა და მათი შესწავლის მიზნით ცესკო-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2 სექტემბერს მიმართა.
17:00 – ენმ-ის სამგორის საარჩევნო ოფისი დაარბიეს
სამგორის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის სამგორის ოფისს უცნობი პირები დაესხნენ თავს და ფანჯრები ჩაამტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებისათვის ან განადგურებისთვის სასჯელს მოიაზრებს.
16:15 – აშშ-ის საელჩომ ცესკოს პირადი დამცავი აღჭურვილობა გადასცა
ამერიკის საელჩომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში 73 000 აშშ დოლარის (234 000 ლარის) ღირებულების ლატექსის ხელთათმანები, სახის დამცავი ფარები და დეზინფექციის საშუალებები გადასცა. აღჭურვილობის გადაცემის მიზანია, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.
„საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას“, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
16:00 – კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ პარტიებს დახმარებას სთავაზობს
კოალიცია „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, რომელიც 49 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების ასახვაში დახმარებას სთავაზობს. კოალიციამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ პარტიებს ინდივიდუალურად შეხვდეს და საინფორმაციო რესურსები გაუზიაროს.
კოალიციის განცხადებით, ბავშვების საოჯახო პროგრამებისა და სოციალური სერვისების ნაკლებობა, სკოლამდელი აღზრდის სერვისების დაბალი ხარისხი, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის ეროვნული სტრატეგიის არარსებობა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ბავშვთა უფლებების მიმართულებით მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს.
17 სექტემბერი, ხუთშაბათი
22:00 – ნიკა მელიას თქმით, ვანო მერაბიშვილი ენმ-ის საარჩევნო სიაში არ იქნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ერთერთმა ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ენმ-ის პროპორციულ პარტიულ სიაში არ იქნება. „მე პირადად, ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“, – დასძინა მელიამ
მიუხედავად იმისა, რომ მელიამ მერაბიშვილის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას ხაზი გაუსვა, მან აღნიშნა, რომ შს მინისტრს 2006 წელს 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე 2006 წელს ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური საკითხი გახდა და მას შემდეგ დროდადრო კვლავ იჩენს ხოლმე თავს ქართულ პოლიტიკაში. მკვლელობას, რომელიც შსს-ის მაღალჩინოსნებთან შელაპარაკებასთან იყო დაკავშირებული, მწვავე კრიტიკა მოჰყვა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
10:00 – IRI საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს
„საერთაოშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულების 36% ხმას ქართულ ოცნებას, 15% კი – ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა. 4-4%-იანი მხარდაჭერა აქვთ ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელსა და პატრიოტთა ალიანსს, 3%-იანი ლეიბორისტულ პარტიას, 2-2%-იანი კი – ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს, გირჩსა და ლელოს. ამავე კვლევით, 3%-მა თქვა, რომ ხმას არავის მისცემდა, 23%-მა არ იცის/უარს ამბობს პასუხზე.
გამოკითხულების 54%-ის მოსაზრებით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 68% იყო), 35% კი – საპირისპიროს ფიქრობს (ოქტომბერი 22%).
IRI-ს გამოკითხვის შედეგები დეტალურად იხილეთ აქ:
15 სექტემბერი, სამშაბათი
16:00 – „ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს ბექა ნათელაშვილს დაუჭერს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე დუშეთში პარტიის მხარდამჭერებს შეხვდა და განაცხადა, რომ მისი პარტია მცხეთა-მთიანეთის ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატს ბექა ნათელაშვილს დაუჭერს მხარს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რათა მცხეთა-მთიანეთის ოლქში ხმები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ გაყოფილიყო.
14 სექტემბერი, ორშაბათი
14:00 – ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ქარელი-ხაშურის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქარელი-ხაშურის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ალექსანდრე (ალექსი) ჩხიკვაძე წარადგინა.
13 სექტემბერი, კვირა
16:00 – „ცესკომ“ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართა
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც“ – განაცხადა მიქელაძემ.
„ცესკო“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ახსენებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
12:30 – დეპუტატ გედევან ფოფხაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა
“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” განცხადებით, დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ახლახანს, ვირუსი პარტიის კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა.
10 სექტემბერი, ხუთშაბათი
18:00 – „ქართული ოცნება“ პროპორციული სიის პირველ ოცეულს ასახელებს
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა.
“ქართული ოცნების” პროპორციული სიის პირველი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- გიორგი გახარია, მოქმედი პრემიერ მინისტრი
- არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
- თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი
- მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- კახა კუჭავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- გიორგი კახიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
- მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
- მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
- მიხეილ დაუშვილი, ბიზნესომბუდსმენი
- გიორგი ამილახვარი, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი
- ვიქტორ სანიკიძე, კალათბურთელი
- მაკა ბოჭორიშვილი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ევროკავშირში
- შალვა პაპუაშვილი, იურისტი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- დავით კაჭარავა, მორაგბე
- ნიკოლოზ სამხარაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ხელაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი; ყოფილი დესპანი აშშ-ში
- მარიამ ლაშხი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე
- ბექა დავითულიანი, თბილისის საკრებულოს წევრი
16:00 – ცესკომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მას შემდეგ შეადგინა, რაც 2 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პარტიის მიერ Facebook-ის გვერდზე განთავსებულ 6 საარჩევნო კლიპზე რეაგირებისა და მათი შესწავლის მიზნით ცესკოს მიმართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება საარჩევნო კოდექსის 45 მუხლის მესამე პუნქტს, რომლის მიხედვით საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლის და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებებს.
ცესკოს ინფორმაციით, დაჯარიმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2 სექტემბრის განცხადებაში, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კლიპები „ანტითურქულ“ მოწოდებად შეაფასა, რაც „თურქეთის მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას“ ისახავდა მიზნად, არასამთავრობო ორგანიზაციის აღნიშვნით, ასევე შეიცავდა „რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს“.
„სამართლიანი არჩევნები“ განცხადებაში ყურადღებას პატრიოტთა ალიანსი ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის გამონათქვამებზე და ასევე იმ „ანტითურქულ“ ბანერებზეც ამახვილებდა, რომლებიც აჭარაში იყო განთავსებული და საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის კრიტიკის შემდეგ ჩამოხსნეს.
9 სექტემბერი, ოთხშაბათი
22:00 – პოლიციამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ორი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავება. შემთხვევა თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარედ 9 სექტემბერს მოხდა.
17:00 – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ საარჩევნო კამპანიას დროებით შეაჩერებს
მას შემდეგ, რაც „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, პარტიამ გადაწყვიტა, რომ საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩეროს.
შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში პარტიის წევრების ტესტირება იგეგმება.
8 სექტემბერი, სამშაბათი
18:30 – „პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
თბილისში მდებარე „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის წინ გამართულ ღონისძიებაზე „პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამასთან, პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად ამ არჩევნებზე „მემარცხენე ალიანსი“ იბრძოლებს.
კანდიდატების სია დეტალურად იხილეთ აქ:
16:00 – „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო გულუა დაასახელა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა ნინო გულუა, დაახასიათა როგორც „გამორჩეული ქალი კანდიდატი, რომელიც საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით საქართველოს პარლამენტში ღირსეულად წარადგენს როგორც წალენჯიხის, ასევე ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მოსახლეობის ინტერესებს.“
გულუამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების სამუშაო ჯგუფებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც რეგიონის განვითარების სტრატეგიას წარადგენს.
13:00 – ცესკოს პრესსპიკერმა საკარანტინო სივრცეებში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის გზებზე ისაუბრა
ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკო საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზებს განიხილავს.
პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება ჯერ ბოლომდე მიღებული არ არის, რადგან ცესკო ჯანდაცვის ექსპერტებისა და სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდება.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი ვადები, რათა შესაბამისად იყოს პროტოკოლი შემუშავებული და საზოგადოებისთვისაც ინფორმაცია მიწოდებული. საკარანტინო ზონებში შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი და შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც“, თქვა მიქელაძემ. პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ცესკო ამომრჩევლების პირბადეებით უზრუნველყოფაზე მუშაობს.
7 სექტემბერი, ორშაბათი
14:30 – ელისაშვილმა აჭარაში „მოქალაქეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
მოქალაქეების პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
გენრი დოლიძე იქნება მოქალაქეების წარმომადგენელი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ხოლო, ხელვაჩაურის და მთიანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატად ელისაშვილმა გიორგი გაბაიძე წარადგინა.
ელისაშვილმა ასევე ყოფილი რესპუბლიკელი და აჭარის უმაღლესი საბჭოს 2004-08, 2012-16 მოწვევების წევრი გიორგი მასალკინი დაასახელა აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად.
12:30 – ენმ-მ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა
როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, პარტიის პოლიტსაბჭომ და „ძალა ერთობაშიას“ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარდგენას.
12:15 აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა
აჭარის ტელევიზია ეთერში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 5 სექტემბერს არხმა მაუწყებლობა ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირების შემდეგ შეაჩერა. როგორც არხი გადმოსცემს, პირველადი ტესტირებით ყველა შემოწმებული თანამშრომლის პასუხი უარყოფითია, ეპიდემიოლოგიური კვლევის შემდეგ კი 12 თანამშრომელი საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს.
5 სექტემბერი, შაბათი
12:18 – თანამშრომლის ინფიცირების გამო, აჭარის ტელევიზია დროებით დაკეტეს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, არხის უფროსობამ გადაწყვიტა, უსაფრთხოების მიზნით, ტელევიზია დროებით დაკეტოს.
ტელევიზიის მიერ გავრცელებული ცნობით, 300-ზე მეტი თანამშრომელი კოვიდ-19-ზე ტესტირებას გაივლის; ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რა ფორმატით გააგრძელებს მაუწყებლობას არხი.
მანამდე კი, აჭარის მაუწყებელი საქართველოს პირველი არხის ტრანსლირებას განხორციელებს.
12:00 – შსს „ლელოს“ წევრზე თავდამსხმელს აკავებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 4 სექტემბერს, თბილისში პარტია „ლელოს“ წევრისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო ძალადობის მუხლით ერთი მოქალაქე დააკავეს.
4 სექტემბერი, პარასკევი
16:00 – „ლელომ“ კიდევ 4 ოლქში წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 4 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა:
- გიორგი ჭელიძე ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად. იგი იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი.
- სოცგარ პუთულიანი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად. პუთულიანი მედიკოსია, იგი სომხეთში მუშაობდა სხვადასხვა ადგილას როგორც ქირურგის, ისე – აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
- თამარ ბელქანია წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად; ბელქანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორად მუშაობს;
- ირაკლი ტალახაძე თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატად. ტალახაძე განათლების ეკონომისტია, მას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მუშაობის გამოცდილება აქვს.
პარტიას აქამდე 30-დან 25 მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდა კანდიდატები წარდგენილი.
15:00 – ენმ და კახა ოქრიაშვილის პარტია არჩევნებზე ერთად წარსდგებიან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და მაჟორიტარმა პარლამენტარმა კახა ოქრიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შეთანხმების თანახმად, ცეზარ და ლაშა ჩოჩელებისა და დეპუტატ ოქრიაშვილის დაარსებული პარტია, პროგრესი და თავისუფლება, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ის წინამძღოლობით მოქმედ ძალა ერთობაშიას ბლოკთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
„გასაგებია, რომ გაერთიანებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ იდეოლოგიური ერთობა, მაგრამ იმის ერთობა, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს უნდა დაადგეს სრულფასოვანი დემოკრატიის გზას და ამისათვის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაერთიანდეს, ამის მზადყოფნა არსებობს და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას – ძალა ერთობაშია – უერთდება პარტია პროგრესი და თავისუფლება“, თქვა გრიგოლ ვაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას.
ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს ოლქში ძალა ერთობაშიას ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ოქრიაშვილმა მომავალ მმართველ კოალიციაში მისი პარტიის ყოფნის იმედიც გამოთქვა და დასძინა, რომ „ჩვენი პარტია, პროგრესი და თავისუფლება, იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს გარემო“.
ევროპული საქართველო მალევე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის და პროგრესი და თავისუფლების შეთანხმებას. პარტიამ ხაზი გაუსვა, რომ ოქრიაშვილის კანდიდატურას დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს ოლქში მხარს არ დაუჭერს.
02:50 – კონგრესმენი კინზინგერი საქართველოში წინასაარჩევნო ანტი-თურქულ განცხადებებს რუსეთთან აკავშირებს
აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წუხილი გამოთქვა იმ „გავრცელებული ცალსახად მცდარი ინფორმაციის გამო, თითქოს აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება“.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ანტი-თურქული დისკურსის გავრცელება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების „არალეგალური ოკუპაციისთვის ბრალის აცილების მცდელობა“ და „მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში ეფექტურად ჩარევის საშუალებაა“.
3 სექტემბერი, ხუთშაბათი
17:00 – პარლამენტი საარჩევნო დარღვევებზე სასჯელს ამკაცრებს
პარლამენტმა დაჩქარებული წესით 81 ხმით მიიღო ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გარკვეული საარჩევნო დარღვევებისთვის გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლს, რომელიც საარჩევნო დარღვევებს ეხება, შემდეგი თავი ემატება:
- ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
- იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან მატერიალური ან სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
- იგივე ქმედება, ჩადენილი ა) არაერთგზის; ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ან გ) ჯგუფურად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.
ახალი კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
15:46 – კომუნიკაციების კომისია ობიექტივსა და გირჩი-ტვ-ს აფრთხილებს
კომუნიკაციების კომისიამ ორი სატელევიზიო არხი – „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „გირჩი-ტვ“ – პოლიტიკური რეკლამების კანონდარღვევით გაშვების გამო გააფრთხილა და მათ შესაბამისი ვიდეო-რგოლების ეთერიდან მოხსნა დაავალა.
განცხადების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აქვთ, კერძოდ, მათ კენჭისყრამდე 50-ე დღიდან უნდა დაიწყონ ეთერში მსგავსი რეკლამის განთავსება.
როგორც კომისიამ აღნიშნა, ორივე სატელევიზიო არხზე ჯერ კიდევ აგვისტოში გადიოდა პოლიტიკური შინაარსის ვიდეო-რგოლები, რომლებშიც პარტიის ლიდერები და პარტიის სიმბოლიკა ჩანდა, ხოლო საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და შესაბამისი პარტიების მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ საქმიანობას შეეხებოდა.
13:00 – საია თავდაცვის სამინისტროს არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თავდაცვის სამინისტროს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
თავდაცვის სამინისტროს 31 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, ათასამდე მოქალაქეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2009 წლის შემდეგ დაგროვებული ვალები ჩამოეწერება.
საიას თქმით, იგი მიესალმება მთავრობის ინიციატივას გაათავისუფლოს მოქალაქეები ფინანსური წნეხისგან. თუმცა, ამ გადაწყვეტილების არჩევნებამდე ორი თვით ადრე მიღება და არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გასაჯაროება, „ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს“.
„მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია “, წერს ორგანიზაცია.
2 სექტემბერი, ოთხშაბათი
17:40 – „სამართლიანი არჩევნები“ პატრიოტთა ალიანსის „ანტი-თურქულ“ კლიპებზე ცესკოში ჩივის
არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) პატრიოტთა ალიანსის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ 6 საარჩევნო კლიპებზე რეაგირებისა და მათი შესწავლის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ორგანიზაციის შეფასებით, ისინი „ანტი-თურქულ“ მოწოდებებს შეიცავს, „თურქეთის მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას“ ისახავს მიზნად, ასევე „რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს“ შეიცავს.
1 სექტემბერი, სამშაბათი
17:30 – ევროპულმა საქართველომ ახალციხისა და გორის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ფოთში ეკონომიკური გეგმის წარდგენასთან ერთად, ევროპულმა საქართველომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის ორი ახალი კანდიდატიც დაასახელა. ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის ოლქში ევროპული საქართველოს სახელით ზურაბ ჩილინგრაშვილი იყრის კენჭს, გორი-კასპის ოლქში კი – ლევან თარხნიშვილი.
პარტიამ თერჯოლის მერობის კანდიდატად როლანდ მესხი დაასახელა.
17:10 – ევროპულმა საქართველომ ფოთში ეკონომიკური განვითარების გეგმა წარადგინა
ევროპულმა საქართველომ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ფოთში ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია გამართა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტია გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ახალი სამუშაო ადგილების პირობას დებს.
პრეზენტაციაზე შეკრებილებს ევროპული საქართველოს ლიდერებმა – დავით ბაქრაძემ, გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ მიმართეს და პარტიის გეგმას ხალხთან გაფორმებული „ხელშეკრულება“ უწოდეს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ეკონომიკური გეგმის ყველა პუნქტი 100 დღის განმავლობაში ამოქმედდება.
ევროპული საქართველოს გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
- გადასახადების შემცირების გზით 100 000 სამუშაო ადგილის შექმნა;
- მთავრობისა და ბიუროკრატიის ხარჯების 2 მილიარდით შემცირება;
- მუნიციპალიტეტებისთვის ადგილზე მოკრებილი გადასახადების ნაწილის დატოვება;
- პენსიების გაორმაგება;
- სოციალურ დახმარების გაორმაგება;
- დევნილების დახმარების გაორმაგება;
- დაგროვებით საპენსიო სისტემაში არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი ჩართვა;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების, მიწების, ტყეებისა და საძოვრების მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემა;
- სოფლებში წყლისა და გაზის პრობლემის მოგვარება და გზების დაგება;
- ნაფიცი მსაჯულების სისტემიმს ამოქმედება;
- შერიფებისა და მოსამართლეების არჩევითობის შემოღება;
- კრიმინალის დამარცხება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.
31 აგვისტო, ორშაბათი
15:30 – პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
Our parliamentary elections will be held on 31 October.
Through them, we will once again reaffirm the democracy of our country.
We must continue the tradition that started 30 years ago, strengthen it, and present ourselves as an exceptionally democratic country 🗳️ pic.twitter.com/tvJyT3UWfX
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 31, 2020
არჩევნების თემაზე ასევე გაეცანით:
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
- „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა
- NDI-ი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
- პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)