Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ცხინვალის კრიზისზე რეაგირებას სთხოვს

პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას წერილობით მიმართა, ფოტო: პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდიდან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილობით მიმართა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების ესკალაციის თავიდან აცილებისთვის, „მათ ხელთა არსებული ყველა შესაძლებლობის“ გამოყენება სთხოვა.

პრეზიდენტის გზავნილის ადრესატები არიან – გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში მიშელ ბაჩელეტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

პრეზიდენტმა ცხინვალში არსებული კრიზისის კონტექსტში ინალ ჯაბიევის გარდაცვალება ახსენა, რომელიც „ცხინვალის რეჟიმის იზოლატორში, სავარაუდოდ, სასიკვდილოდ აწამეს“.

პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა „მუდმივად და სწრაფად უარესდება“. მანვე „მოქალაქეების გატაცების“, „თავისუფლების უკანონო აღკვეთისა“ და “საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების“ გახშირებულ შემთხვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზგადოების ყურადღება იმ „ფატალური“ შედეგებისკენაც მიმართა, რომლებიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი .ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას მოჰყვა. მანვე აღნიშნა, რომ შედეგები განსაკუთრებული სიმწვავით კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე გამოჩნდა.

ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრი ინალ ჯაბიევი, რომელიც რეგიონის „შს მინისტრის“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული, 28 აგვისტოს, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში სიკვდილამდე აწამეს. ჯაბიევის გარდაცვალებას ოკუპირებულ ცხინვალში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა „მთავრობის“ სრული შემადგენლობა დაითხოვა.

ოკუპირებულ რეგიონში პროტესტი 31 აგვისტომდე გაგრძელდა. ცხინვალის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები ბიბილოვისა და „გენერალური პროკურორის“ გადადგომას ითხოვდნენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)