Site icon Civil.ge

არჩევნები 2020: მთავარი თარიღები და პროცედურები

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/civil.ge

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ამომრჩეველი პროპორციულთან დაახლოებული საარჩევნო სისტემით 120 დეპუტატს პროპორციული, 30 დეპუტატს კი – მაჟორიტარული წესით აირჩევს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 სექტემბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ძირითადი ღონისძიებების გრაფიკი გამოაქვეყნა.

ქვემოთ ცესკო-ს მიერ არჩევნებისთვის გაწერილი ძირითადი პროცედურები და თარიღებია მოცემული:

31 აგვისტო – არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა;

1 სექტემბერი – იწყება წინასაარჩევნო კამპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ვალდებულებები შედის ძალაში, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მაუწყებელთა ეთერში მათ მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოების ამსახველი სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსება;

4 სექტემბერი – არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკო-სთვის განაცხადით მიმართვის ბოლო დღე იმ პარტიებისთვის, რომელსაც პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა უკვე ჰყავთ. ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს;

6 სექტემბერი – ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში. საინიციატივო ჯგუფებს, საარჩევნო ბლოკებს, პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ამომრჩევლებს 13 ოქტომბრამდე შესაძლებლობა აქვთ, რომ გაეცნონ ამომრჩეველთა სიებს. 16-18 ოქტომბრის პერიოდში შესაძლებელია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა, თუმცა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;

11 სექტემბერი – საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის წარდგენის ბოლო ვადა;

24 სექტემბერი – ცესკო საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაში გატარებას ასრულებს;

1 ოქტომბერი – პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის პარტიული საარჩევნო სიებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა;

21 ოქტომბერი – ბოლო დღე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცესკოს-თვის რეგისტრაციის მისამართად;

24 ოქტომბერი – ბოლო დღე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ცესკოს-თვის რეგისტრაციის მისამართად;

26 ოქტომბერი – ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა და მათი საარჩევნო ოლქების მიხედვით გადანაწილების შესახებ საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს;

31 ოქტომბერი – არჩევნების დღე. საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება;

11 ნოემბერი – საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის არჩევნების შედეგების შეჯამების ბოლო ვადა. კომისიებმა შემაჯამებელი ოქმები არაუგვიანეს მომდევნო დღისა ცესკო-ს უნდა გადასცენ;

14 ნოემბერი – საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების ბოლო დღე;

21 ნოემბერი – ცესკო აჯამებს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს მეორე ტურს. ასეთი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში კი –  ადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

21 ნოემბერი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღე;

10 დეკემბერი – არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ბოლო დღე (თუკი მეორე ტურები დაინიშნა).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)