იური შვიტკინმა, რუსეთის დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიიდან, სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ნოვიჩოკის ტიპის ქიმიური ნერვული აგენტები საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება.
რუსმა დეპუტატმა საქართველოსკენ ხელი მას შემდეგ გამოიშვირა, რაც გერმანიის კაცლერმა ანგელა მერკელმა „ბუნდესვერის“ ლაბორატორიაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს.
რუსი ოპოზიციონერი 22 აგვისტოდან მოყოლებული ბერლინის “შარიტეს” (Charité) საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს, სადაც იგი რუსეთიდან მოწამვლის ნიშნებით გადაიყვანეს.
„ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავს ქიმიურ ნივთიერებებს არ ვაწარმოებთ. არსებული ინფორმაციით, ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოში აშშ-ის მხრიდან, ლაბორატორიაში, და ამერიკის შეერთებულ შტატებში,“ განაცხადა შვიტკინმა.
აღსანიშნავია, რომ ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი ასევე გამოიყენეს 2018 წელს რუსეთთან დაკავშირებული ე.წ. სოლსბერის მოწამვლის ინციდენტის დროსაც, როდესაც დიდ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშს სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილს დაესხნენ თავს.
თბილისში გმობენ შვიტკინის კომენტარებს
რუსეთიდან გავრცელებულ მორიგ ბრალდებებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, რომლის თქმითაც, რუსეთში „ზუსტად იციან, რომ არაფერი ამდაგვარი ლუგარის ლაბორატორიაში არ ხდება“ . ვიცე-სპიკერმა ასევე ივარაუდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთიდან მსგავსი პროპაგანდისტული განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება.
ოპოზიციის ნაწილი რუსი დეპუტატის განცხადებებში ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდს ადანაშაულებს.
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მსგავსი პოზიცია რუსეთის ქმედებებზე არ გამოუხატავს. დეპუტატის აზრით, მსგავსი პროპაგანდისტული კომენტარები რუსეთის მხრიდან მმართველი პარტიის მიერ გატარებული „რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის“ შედეგია.
ლუგარის ცენტრზე რუსული ბრალდებების წინაისტორია
მოსკოვს აშშ-ის დახმარებით თბილისში დაარსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის რიჩარდ ლუგარის ცენტრი თვალში დიდი ხანია არ მოსდის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლიობის დღეს, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი „კითხვებს ბადებს“.
თბილისმა ბრალდებები არაერთგზის უარყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაისში მოსკოვის ბრალდებებს „აგრესიული“ და „აშკარა დეზინფორმაცია“ უწოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ ისიც თქვა, 2018 წელს თბილისმა ლუგარის ცენტრში საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, თუმცა მაშინ რუსეთმა ამ ღონისძიებაში საკუთარი ექსპერტების ჩართვაზე „კატეგორიული“ უარი განაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)