Site icon Civil.ge

შსს: უცხოურმა სპეცსამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა

ლუგარის ცენტრი, ფოტო: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალურმა სამსახურმა” პირველ სექტემბერს კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერშეტევა განახორციელა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ  ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევის მიზანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ოფისის და მისი სტრუქტურული დანაყოფების, მათ შორის, ლუგარის ცენტრის მონაცემთა ბაზებიდან სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება.

შსს იუწყება, რომ კიბერშეტევის შედეგად მოპოვებული ავთენტური დოკუმენტების ნაწილი, განზრახ ფალსიფიცირებულ დოკუმენტებთან ერთად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე.

სამინისტროს თქმით, საკითხზე გამოძიება დაწყებულია. შსს-ის თქმით, ქართველი სამართალდამცველები საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართავენ გამოძიების პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გუშინ განახლდა ბრალდებები ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ. იური შვიტკინმა, რუსეთის დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მმართველი „ერთიანი რუსეთის“ პარტიიდან, თქვა, რომ ნოვიჩოკის ტიპის ქიმიური ნერვული აგენტები საქართველოსა და აშშ-ში არსებულ ლაბორატორიებში მზადდება. შვიტკინმა ხელი საქართველოსკენ მას შემდეგ გამოიშვირა, რაც გერმანიამ განაცხადა, რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკით მოწამლეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)