ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 3 სექტემბრის გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „აღშფოთებულია“ კიბერშეტევით, რომელიც პირველ სექტემბერს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა.
საელჩო აცხადებს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას“.
განცხადების თანახმად, „ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში“.
ამერიკის საელჩომ თბილისში ხაზი გაუსვა, რომ „კოვიდ-19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეხმარება რა ქართველ ხალხს ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში“.
„კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს. ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)