Site icon Civil.ge

შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის 1 პირი დააკავეს; გამოქვეყნდა ექსპერტიზის II დასკვნა

HQ of the Prosecutor's Office of Georgia. Photo: POG

საქართველოს პროკურატურამ 3 სექტემბერს თქვა, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის  ერთი პირი დააკავეს. განცხადების მიხედვით, დაკავებულმა სამართალდამცავ ორგანოებს თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

პროკურატურა იუწყება, რომ პირმა 15 ივლისს მედია საშუალებებს გამოგონილი ამბავი მოუყვა, თითქოსდა შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული 4 პირის საუბარს შეესწრო. პროკურატურის თქმით, აწ უკვე დაკავებული სამჯერ გამოკითხეს და დაადგინეს, რომ იმ დროს, როცა იგი თითქოსდა სხვათა საუბარს შეესწრო, სინამდვილეში სახლში იმყოფებოდა.

პროკურატურის ცნობით, წაყენებული ბრალი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, მცხეთასთან ახლოს, მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურამ საქმეზე მალევე 17 პირი დააკავა. 10 ივლისს გამოქვეყნებული ექსპერტიზის პირველი დასკვნის თანახმად შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად დადგინდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ახალგაზრდას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიყენებული ჰქონდა დაზიანებები თავში, სახეზე, მარჯვენა იდაყვსა და მკლავზე, მუცლის, საზარდულის და ბოქვენის მიდამოებში.

11 აგვისტოს პროკურატურამ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმა.

ექსპერტიზის მეორე დასკვნა

3 სექტემბერსვე პროკურატურამ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოაქვეყნა ექსპერტიზის კიდევ ერთი დასკვნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 14 ივლისს დამატებითი 14 კითხვით მიმართა შაქარაშვილის გარდაცვალების დეტალების დასაზუსტებლად. კერძოდ, შსს-ს აინტერესებდა, თუ რამდენ ხანს იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის გვამი წყალში და სიკვდილამდე ზუსტად რამდენი ხნით ადრე მიიღო მან დაზიანებები.

დასკვნის მიხედვით, შაქარაშვილის თავზე არსებული მძიმე დაზიანებები გამოიწვევდა ტვინის შერყევას, რაც შეუზღუდავდა მოძრაობის და გადაადგილების შესაძლებლობას. მასში ნათქვამია, რომ დაზიანებები მიყენებულია გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე, ხოლო ფეხბურთელის ცხედარი წყალში 3-4 დღე იყო, ვიდრე მას სამართალდამცავი უწყებები იპოვიდნენ.

„აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას – ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს,“ განაცხადა პროკურატურამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)