Site icon Civil.ge

არასამთავრობო: ქვეყნის დატოვების შეზღუდვათა გამკაცრება ანტიკონსტიტუციურია

ფოტოზე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 4 სექტემბრის განცხადებაში პარლამენტის მიერ ევროკავშირისკენ/შენგენისკენ მიმავალი მოქალაქეებისათვის ქვეყნის დატოვების წესების გამკაცრება გააკრიტიკა და ახალ შეზღუდვებს „არაკონსტიტუციური“ და „საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო“ უწოდა.

საქართველოს პარლამენტმა ორი დღის წინ დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა მიხედვით მოქალაქეს შესაძლოა საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვას, თუ ის არ წარადგენს რიგ დოკუმენტებს, რომელთა წარდგენაც აქამდე მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასვლისას იყო სავალდებულო.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მიმოსვლის თავისუფლებას, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობას.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აცხადებს, რომ კანონში არ არის მოყვანილი შეზღუდვების ლეგიტიმური მიზანი და ამატებს, რომ უვიზო მიმოსვლით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენცია ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურ მიზნად.

„წარმოდგენილი ღონისძიება არის უფლებაში ჩარევის საკმაოდ ინტენსიური ფორმა, რომელიც არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას და მეტიც, ლახავს ადამიანის ღირსებას, რამეთუ საქართველოს მოქალაქეებს მიზნის მიღწევის საშუალებად აქცევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ორგანიზაცია ხაზს უსვამს, პარლამენტის მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შსს-ზე დელეგირებაა, რაც განცხადების თანახმად, ზრდის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ძალაუფლების გადაჭარბების რისკს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები წარმოადგენს მიმოსვლის უფლების დისპროპორციულ შეზღუდვას, რაც მისი თქმით, შეუსაბამოა საერთაშორისო ნორმებთან და პრაქტიკასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)