Site icon Civil.ge

ევროპის საბჭო რუსეთის მიერ დეპორტირებულების საქმეზე ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე

ევროპის საბჭო, 4 სექტემბერი, 2020. ფოტო: mfa.gov.ge

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 1-3 სექტემბერის 1377bis სხდომაზე რუსეთის ფედერაციიდან 2006 წელს ქართველთა დეპორტაციის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი განიხილა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას 2006 წელს მასობრივად დეპორტირებული ქართველების საქმეზე 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. კომპენსაცია საქართველოს სულ მცირე 1500 მოქალაქეს უნდა მიეცეს.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია დაწესებულ სამთვიან ვადაში – 2019 წლის 30 აპრილამდე – არ გადაუხდია და ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად, სამართლიანი კომპენსაციის გადახდა „უპირობო ვალდებულებაა“.

კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსეთს დამატებითი პირგასამტეხლო დაეკისრება კომპენსაციის ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო და „სინანულით აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამდივნოსთან დეტალური კონსულტაციების გავლა გადახდის შესაძლო ფორმებთან დაკავშირებით, როგორც ეს მას ბოლო განხილვაზე ურჩიეს“.

პროცესის კვლავ გაჭიანურების თავიდან ასარიდებლად, მინისტრთა კომიტეტი რუსეთს „მკაცრად მოუწოდებს“ შემდეგ სხდომამდე ევროსაბჭოს სამდივნოსთან კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით დეტალური კონსულტაციები გაიაროს.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სურდა დებატების შემდეგი ეტაპი დეკემბერში ჩანიშნულიყო, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და შემდეგი განხილვა სექტემბრის ბოლომდე გასამართ 1383-ე სხდომისთვის დაინიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)