Site icon Civil.ge

1920 წ.: საქართველო ევროპასთან საჰაერო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ავიაცია. ფოტო ეროვნული არქივიდან

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 8 სექტემბერი, N203

საჰაერო დამოკიდებულება საქართველოსა და ევროპას შორის

საქართველოსა და ევროპას შორის საჰაერო დამოკიდებულების მოწყობის საკითხი დაინტერესებულ წრეებში სერიოზულ ყურადღებას იპყრობს. ამ საკითხის შესახებ საავიაციო როტის წარმომადგენელი მაიორი სტროევი იუწყება:

ფრენოსნობის ტეხნიკამ უკანასკნელ დროს განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია. შესაძლებელი გახდა სახელმწიფოებს შორის ნორმალური საჰაერო დამოკიდებულების მოწყობა. ეს საკითხი უახლოეს დროში საქართველოსათვისაც უნდა გადაწყდეს. პირველ რიგში შესაძლებელია საჰაერო დამოკიდებულების მოწყობა საქართველოსა და ბულგარეთის, რუმინიის, სერბიისა და საბერძნეთის შორის, მეორე რიგში საქართველოსა და ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის შორის და შემდეგ საქართველოსა და ისპანიის, ინგლისის, შვეციის და ნორვეგიის შორის. საჰაერო დამოკიდებულების მოწყობა შეიძლება აგრეთვე საქართველოსა და რუსეთს შორის.

ეხლა, როდესაც ეკონომიური აღმშენებლობა არ გვაძლევს საშუალებას, ერთი წუთის დაკარგვისასაც, როდესაც ამერიკის ლოზუნგია: დრო ფულია, ეხლა საჰაერო დამოკიდებულებას ეკონომიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საილუსტრაციოთ შეგვიძლია მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: ლონდონ-ტფილისის საჰაერო გზის გავლა, რომელიც 5 300 ვერსტს უდრის 52 საათში შეიძლება, ამაში შედის ის დროც, რომელიც დასჭირდება სევასტოპოლში, ბუდაპეშტში და კელნში შესვენებას.

ტფილის-პარიზის დაფარვა შეიძლება – 45 საათში. ტფილის-ბერლინის გზის  – 34 საათში, ტფილის-რომის – 33 საათში, ტფილის-ვენის – 27 საათში, ტფილის-ათენის – 20 საათში, თფილის-ბუხარესტის – 18 საათში.

ჩვეულებრივი სისწრაფე სამგზავრო აპარატისა საათში 150 ვერსტია. ყველაზე დიდი სამგზავრო აეროპლანები არის იტალიის ეგრეთ წოდებული კაპრონის ტრიპლანები.