მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწეები დოგმატური აზროვნების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის სიმამაცეს ქადაგებდნენ. ჰანა არენდტის აზრით, ბოროტებას გულწრფელი დიალოგით შეიძლება ებრძოლო და ამ ბრძოლაში „ზომიერების ანტიკური სიქველე“ ფრიად გამოსადეგი იარაღია.
გადმოცემით, როცა გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II პირველი მსოფლიო ომის ფრონტს პირადად ეწვია, ბრძოლის ველზე მიმოფანტულ გვამებს შორის მდგომმა ჩაილაპარაკა თურმე, „არ მსურდა ეს მომხდარიყოო“. ამ სიტყვებს ჰანა არენდტი ოცდაათი წლისთავზე მიუბრუნდა, როცა უკვე მეორე მსოფლიო ომის სასაკლაო იყო გასრულებული. არენდტი წერდა: „შემზარავად კომიკური სწორედ ისაა, რომ ვილჰელმი მართალს ამბობდაო“. გავიდა კიდევ ოცი წელი და ტელეინტერვიუსას მან კომიკურის ნატამალი იმ „უპასუხისმგებლო პასუხისმგებელ პირთა შორისაც“ იპოვა, რომელნიც მასობრივ მკვლელობათა მოწყობაში იყვნენ ჩართულნი. მათ შორის იყო სამხედრო დამნაშავე ადოლფ აიხმანიც: „მე მისი დაკითხვის ოქმები, სრული 3600 გვერდი, წავიკითხე და მათ დაწვრილებით ვიცნობ. უნდა გამოგიტყდეთ, იმის სათვალავიც კი ამერია, თუ რამდენჯერ გადავიხარხარე ამ ჩვენებების კითხვისას“, უყვებოდა არენდტი ჟურნალისტს.
ეს ხარხარი ბევრს ყელზე ცუდად დაადგა. აზრთა უზარმაზარი სხვადასხვაობა მოჰყვა არენდტის საავტორო რეპორტაჟს „აიხმანი იერუსალიმში“, რომელიც ამერიკულ ჟურნალ „ნიუ იორკერში“ (The New Yorker) გამოქვეყნდა და ამ ნაცისტი დამნაშავის სასამართლო პროცესს აღწერდა. ჰანა არენდტის მახვილი ენით ნაწერმა სტატიებმა აიხმანი საცოდავ ჯამბაზად უფრო წარმოაჩინა, ვიდრე – სისხლიან ურჩხულად. მოგვიანებით არენდტი წუხდა, ჩემმა ირონიამ ეგებ ბევრს გულიც ატკინაო, ოღონდაც ასეთი ტონით საუბარს აუცილებლობად მიიჩნევდა. „კვლავაც ვფიქრობ, რომ სიცილი ყველაფერზე უნდა შეგვეძლოს, რადგანაც სწორედ ამაში აისახება ჩვენი პიროვნული სუვერენულობა. ვაღიარებ, რომ ირონიის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებები ფრიად მაწუხებს, გულწრფელად გეტყვით – ისინი უგემოვნოდ მიმაჩნია“, ამბობდა არენდტი რადიოგადაცემაში.
გაშეშებული ენა
ეს მოსაზრება რომ კარგად გავიაზროთ, უნდა გავიხსენოთ გერმანელი დრამატურგის ბერტოლდ ბრეხტის ერთი გამოთქმა, რომელსაც არენდტი ხშირად მოიხმობდა ხოლმე: „პოლიტიკური კრიმინალები უნდა გავსრისოთ, უნდა გავსრისოთ დაცინვის წნეხქვეშ“. თუმცაღა, ბრეხტისგან განსხვავებით, არენდტი დაცინვასა თუ ირონიას მხოლოდ პოლიტიკურ იარაღად კი არ მიიჩნევდა, არამედ მსჯელობისა და განსჯის თავისუფლებასთან უშუალოდ აკავშირებდა. მისი აზრით, ირონია საშუალებას გვაძლევს სიმსუბუქე შევიტანოთ იქ, სადაც ზღვარგადასული ძალადობის მოწმენი აზროვნების უნარს ვკარგავთ, ენას მარწუხებისაგან ათავისუფლებს იქ, სადაც თითქოს სიტყვები უძლურია.
„ტოტალიტარიზმის საწყისების“ ავტორისათვის, ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრების განცდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ გაშეშებული ენაა. არენდტის ყველაზე ცნობილი გამოთქმა „ბოროტების ბანალურობა“, რომელიც დღესაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, იმდენად პიროვნებებს არ აღწერდა, რამდენადაც მათი თხრობის თუ საუბრის მანერასა და ტონს. ბოროტების მოციქულის ენა გაცვეთილია: აიხმანს „ერთი სრული წინადადების წარმოთქმა არ შეეძლო ისე, რომ კლიშესთვის არ მიემართაო“, წერდა არენდტი. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, საცოდავი ადამიანია აიხმანი თუ არა, არენდტისთვის მთავარი ისაა, რომ ის უღიმღამო სტერეოტიპებით თუ ახერხებს საუბარს.
მათ, რომელნიც საყვედურობდნენ, აიხმანის ასე წარმოჩენით, იმის ჩვენებით, რომ თითოეულ ჩვენთაგანში იმალება გენოციდის ჩამდენი, შოას ტრაგედიას ამცრობო, არენდტი ასე პასუხობდა: „აიხმანი სულელი არ ყოფილა. იგი საერთოდ არ აზროვნებდა – რაც სისულელისაგან სრულიად განსხვავებული რამაა – და სწორედ ამან აქცია თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტმოქმედად. სწორედ ესაა „ბანალური“ და კომიკურიც კი: რაც არ უნდა მოვიკრიბოთ ძალები, აიხმანში დემონური, ეშმაკეული ბოროტების სიღრმის ნატამალსაც კი ვერ ვიპოვით. ოღონდაც ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ფენომენის მოწმენი ვართ: „ყველა როდი მოახერხებს, ეშაფოტზე ასვლისას იგივე შაბლონური, ბანალური ფრაზები ისროლოს, რომელთაც ყველა გასვენებაში ვისმენთ“.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ არენდტს ერუდიცია განათლებად არ მიაჩნდა და არც ადამიანის კულტურულობას მიიჩნევდა მისი სიმამაცის წინაპირობად. ის საკმაოდ კარგად იცნობდა ინტელექტუალებს – მათ შორის საკმაოდ სახელგანთქმულებსაც – რომ ილუზიები არ ჰქონოდა და სცოდნოდა, რომ ისინი ხშირად ისეთივე ნაცრისფერი და მორჩილი ადამიანები არიან, როგორ – სხვები. როგორც ებრაული წარმოშობის გერმანელს, მას ნაცისტური რეჟიმისაგან გაქცევამ მოუწია და იმ დროიდან ინტელექტუალებისადმი ეჭვი გულში ჰქონდა ჩარჩენილი: „დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ, ჩვეულებრივ, ინტელექტუალები დინების მიმართულებით მიცურავენ მაშინ, როცა სხვა წრეების წარმომადგენლები ასე არ იქცევიან. ამას ვერასოდეს დავივიწყებ“, იხსენებდა არენდტი.
მისთვის „ბოროტება“ საკუთარ თავთან დამოკიდებულების ფორმაა, საკუთარ ცრურწმენებთან იმდენად მტკიცედ შედუღაბება, რომ სხვების ხმა აღარ და ვეღარ გესმის. თუკი ვინმეს ესაუბრებით და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს კედელს ელაპარაკებით, არენდტის აზრით, უკვე ბოროტებას ეხებით. სწორედ ისეთს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს მკვლელობის უზარმაზარი მანქანა აამუშაოს ისე, რომ სინდისის ქენჯნის ნატამალსაც არ გრძნობდეს; იმიტომ, რომ შემეცნების უნარი დაკარგული აქვს და ამ სიცარიელეს მხოლოდ მექანიკური ფუნქციონირებით ავსებს.
აზროვნება – ყოველდღიური გმირობა
ამგვარი თვალთახედვა ანტიკური ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი სოკრატესეულ მიდგომას ეხმიანება. მისი ირონიის ამოცანა თანამოსაუბრეთა წონასწორობიდან გამოყვანაა, მაგრამ არა მათი პარალიზება – პირიქით, არენდტი ცდილობს, წუთით შეაფერხოს თანამოსაუბრის აზრთა მსვლელობა, ნათქვამის არსზე დააფიქროს, გვერდიდან შეახედოს საკუთარ მოქმედებას და ამით განაახლოს მისი კავშირი თავისუფლებასთან. არ არსებობს განსჯა დიალოგის გარეშე – სხვებთან, ბუნებრივია, მაგრამ საკუთარ თავთანაც. „საკუთარ თავთან საუბარი, ეს უკვე განსჯაა“, ამტკიცებს არენდტი. სინდისის გამახვილებული შეგრძნება, საკუთარ თავთან წინააღმდეგობა – სწორედ ესაა არენდტის აზრით ბოროტების ბანალურობის წამალი – აზროვნება ყოველდღიური გმირობაა. სწორედ ამიტომ, ხაზგასმით შეგვახსენებს აიხმანში დანახულ „წარმოსახვის არარსებობას“, როგორც საკვანძო ნაკლს, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მისთვის საკუთარი თავი სხვისი – თუნდაც მისი მოქმედების მსხვერპლის – ადგილას დაეყენებინა.
ამავე მიზეზით, არენდტი ერთმანეთს უკავშირებს და ხშირად ერთმანეთშიც ურევს აზროვნების გმირობასა და მეგობრობის გენიას: „სწორედ იმიტომ, რომ შემიძლია ვესაუბრო სხვებს, შემიძლია ვესაუბრო საკუთარ თავსაც, ანუ ვიფიქრო“. ამ ფილოსოფოსის ინტელექტუალური ტრაექტორია კაცთა შორის მეგობრობის იდეალს ეყრდნობა, რომელიც ერთნაირადაა როგორც სხვასთან ურთიერთგაგების საფუძველი, ისევე – საკუთარი თავის შეცნობის საშუალება.
ჰანა 1906 წელს, ჰანოვერში დაიბადა, განათლებული, სოციალისტური მიდრეკილებების მქონე მშობლების ოჯახში. სულ პატარაობიდან სიახლისა და ახალი ადამიანების გაცნობის მოყვარული იყო. ჯერ ექვსი თვის იყოო, წერდა დედამისი მართა თავის დღიურში, რომელისთვისაც „ჩვენი შვილი“ წაუწერია, რომ თითქმის ყველასთან მეგობრობდა და ხალისობდაო. ამავე დღიურიდან ვგებულობთ, რომ სამი წლის იყო, როცა საკუთარი ენის გამოგონებას შეეცადა, ფრიად ცოცხალი ბავშვი იყო და უცხო ადამიანებთან – უაღრესად თბილი და მეგობრული.
ეს თვისებები მოგვიანებითაც შეინარჩუნა. თუმცაღა, ხშირად სხვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრიც შეეძლო ყოფილიყო, ყოველთვის დიდსულოვნებისა და ხელგაშლილობის სული დასდევდა. 1914 წელს, ავადმყოფობამ მამამისი იმსხვერპლა. დღიურში ვკითხულობთ, რომ 7 წლის ჰანა დედამისს უფროსი მეგობარივით ანუგეშებს – „იცი დედა, ასეთი რამ ბევრ ქალს ემართება“. ამ დროიდან მოყოლებული, ჰანა, რომელსაც საკუთარი შვილები არასოდეს ეყოლება, თავის მშობლებს, ახლობლებს, მეუღლეებს ყოველთვის მეგობრებად მიიჩნევს. ის კი არა, ზოგჯერ მტრებსაც კი მეგობრულად მიმართავს.
ფრიად პრაქტიკული თეორიული წინდახედულება
ახალგაზრდა არენდტი 1933 წელს ბერლინში დააკავეს „სიცრუის პროპაგანდის“ გამო, თუმცაღა გაუმართლა – ნაცისტური იდეებისა და მათი მოქმედების მანერით უკმაყოფილო პოლიციელს გადაეყარა და მას მიენდო. ამ ადამიანმა პატიმრობიდანაც გაათავისუფლა და ქვეყნის დატოვებაშიც დაეხმარა. „ამ კაცს, რომელმაც მე დამაკავა, წარმოუდგენლად გახსნილი, პატიოსანი სახე ჰქონდაო“, იგონებდა არენდტი. ეს მოულოდნელობა იყო მაშინ, როცა მის გარშემო ბევრი სხვა სახე ავისმომასწავებლად მოიქუფრა. ნაცნობების ფერისცვალებით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ ჰანას მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა: „იცით, თითქოსდა მარშირების ბრძანება გაიცაო. როცა ყველა ერთი მიმართულებით მიდის, ეს ნიშნავს, რომ შენმა მეგობრებმაც უნდა აირჩიონ – დაემორჩილონ თუ არა ბრძანებას. ნამდვილი, პიროვნული პრობლემა ის კი არაა, ჩვენი მტრები რას აკეთებენ, არამედ ის, თუ როგორ იქცევიან ჩვენი მეგობრები“ , იგონებდა ფილოსოფოსი, რომელმაც მოახერხა ლტოლვილად საფრანგეთში გადასვლა, სადაც პირინეების მთებში, ლტოლვილთა ბანაკში განათავსეს. აქედან ბოლოს გამოქცევა მოახერხა და 1941 წელს აშშ-ში გადაიხვეწა.
აქედან მოყოლებული, მატერიალური და მორალური გაჭირვების წლებში, იურიდიული გაურკვევლობით გატანჯული არენდტი (ათი წლის განმავლობაში ის მოქალაქეობის არმქონედ, აპატრიდად მიიჩნეოდა) მხოლოდ სამეგობროს სახავდა ისეთ წრედ, სადაც „ზომიერების ანტიკური სიქველის“ გამოვლენა იყო შესაძლებელი, ერთადერთ ადგილად, რომელიც შესაძლებელს ხდის მრავალხმიანობის იმ ფენომენს, რომელსაც ფილოსოფოსი ჩვენი ადამიანურობის საწყისად მიიჩნევს: „მეუბნებით გავლენიანი ხარო?! იცით, მე შემეცნება მაინტერესებს და როცა სხვებიც ხვდებიან რაღაცას, მაშინ ისეთივე კმაყოფილების შეგრძნება მიპყრობს, თითქოს ნაცნობი ადგილი ხელახლა ვნახეო“, ამბობდა არენდტი.
თავის თავს ფილოსოფოსს არასოდეს უწოდებდა, ამბობდა „პოლიტიკური მწერალი“ ვარო. მისი წინდახედულება და სიფრთხილე სულაც არაა თეორიიდან ამოზრდილი, არამედ ლტოლვილის მრავალწლიანი ხეტიალის შედეგია. სწორედ ასევე, მისი ყურადღების ცენტრში იდეები კი არაა, არამედ ადამიანები, მათი მოწყვლადი პატივი, მათი მიჩქმალული ღირსება.
თუკი ჰანა არენდტის გაცნობა გსურთ, თეორიული ნაშრომით კი არ უნდა დაიწყოთ, არამედ მისი მეორე მეუღლის, ჰაინრიხ ბლიუხერისადმი მინწერილ წერილებს უნდა გადაავლოთ თვალი. მათი მგრძნობელობა და სისათუთე, ადრესატთან თანაზიარობა ადვილად ხელშესახებია. ან არადა, ხელში აიღოთ მისი ტომი „ადამიანები პირქუშ დროში“ (Men in Dark Times), რომელიც მისთვის გამორჩეულ პერსონაჟებს ეხება – აქ მონახავთ შესანიშნავ ტექსტებს, რომელნიც აღწერენ რომანისტ ჰერმან ბროხის „გულისხმიერ წესიერებას“, კრიტიკოს ვალტერ ბენიამინის სულისშემძვრელ სიმარტოვეს, რომელმაც 1940 წელს მოიკლა თავი, ნაცისტების ხელში რომ არ მოხვედრილიყო… აქვე წააწყდებით პოლიტოლოგ ვალდემარ გურიანის შესახებ ჰანა არენდტის მიერ დაწერილ ამ სიტყვებს: „მან მოახერხა ის, რაც ყველა ჩვენთაგანის ვალია: იპოვა სახლი თვისი ამ ქვეყნად და მეგობრობის ძალით დაამკვიდრა იგი დედამიწაზე“ .
მაშინაც კი, როცა თავისი მოსაზრებისადმი ყოველგვარ წინააღმდეგობას ბრაზით უკუაგდებდა, მაგალითად, როცა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ ილაშქრებდა, ანდა როცა აშშ-ში სამოქალაქო უფლებებისათვის იბრძოდა – არენდტი მაინც რჩებოდა მეგობრობის იდეალის ერთგული – მეგობრობისა, რომელიც გულწრფელი დაპირისპირების სურვილითაა აღძრული. იდეოლოგიისათვის იდეოლოგიის დაპირისპირება, ლოზუნგებზე ლოზუნგებით პასუხი მას ყოველთვის ლაჩრობად მიაჩნდა. მის თვალში, ინტელექტუალთა „სექტების“ წიაღში წარმოშობილი თვითდაჯერებულობა ბევრად უფრო ნაკლებად გვაახლოებს ჭეშმარიტებას, ვიდრე ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობის „ხშირად მთრთოლავი, მოლაპლაპე და სუსტი შუქი“.
ჩვენს დროში მისი ნაშრომების კითხვა ნიუანსის ხელოვნების ხელახლა პოვნას უდრის, ნიუანსისა, რომელიც ირონიული ტონის დამკვიდრების სურვილთან და მომთხოვნ მეგობრობასთანაა გადაჯაჭვული.
ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა