Site icon Civil.ge

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს სამწლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო: სასამართლოს Facebook გვერდი

მარიანა ჩოლოიანს, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ გამომძიებელს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მასვე დამატებითი 2 წლით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობის უფლება.

ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის მიზნით მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

ლუკა სირაძე გასული წლის 17 დეკემბერს  გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც იგი ცოტა ხნით ადრე შენობიდან გადახტომით თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ სხეულის დაზიანებებით მოათავსეს. ბიჭის გარდაცვალებას საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა, რადგან შემთხვევის მიზეზად ბევრი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ასახელებდა.

მოზარდი დაკითხვაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში 10-11 დეკემბერს იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ წინა ღამით თბილისის ერთ-ერთი კერძო საშუალო სკოლის კედლებზე საღებავებით შესრულებული უხამსი წარწერების გამოჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებები თავდაპირველად უარყო, თუმცა რამდენიმე დღეში, საქმეზე გამოხმაურების მატების შემდეგ, შსს-მ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილისთვის და ამავე განყოფილების გამომძიებლისთვის გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განაცხადა.

მალევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელმაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საქმის შესწავლა დაიწყო, გაავრცელა ცნობა ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე მოზარდის საქმის გამომძიებლის დაკავების შესახებ.

საქმემ საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოს შესახებ ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშში „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2020“ ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტი პოლიციის მიერ ცუდი მოპყრობის ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა.

გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სსკ 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)