ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ და „ძალა ერთობაშიას“ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის მათ კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახელებას.
გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც 2004-2013 წლებში ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეკონომიკის ოთხმაგი ზრდა, დანაშაულის დამარცხება და კორუფციის აღკვეთა შეძლო.
„მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, თუ ჩვენ გვინდა, რომ შიდა პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე დატოვა. მას საქართველოში ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი, რომელთაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)