7 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მეხუთე საერთაშორისო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დაიწყო.
სწავლებაში, რომელიც 7-18 სექტემბერს იმართება, საქართველოს, აშშ–ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2 700-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. მისი მიზანი საქართველოს, აშშ–ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებაა. სწავლების სცენარი სამეთაურო საშტაბო და საველე სწავლებებს, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.
სამხედრო სწავლების ფარგლებში, რუმინეთიდან ფოთის პორტში ბორნის საშუალებით გემით „Ocean Freedom“ ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა, მათ შორის საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი.
ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის დროშებით მორთული ამერიკული სამხედრო ტექნიკის კონვოი სენაკის სამხედრო ბაზიდან ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ჩავიდა. სამხედრო ტექნიკამ სვლა შეანელა ქალაქ გორში, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განსაკუთრებით იზარალა.
სწავლების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდნენ. გახარიამ და ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერებაში სწავლების მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი და სხვა მონაწილე ქვეყნებს მათი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფებების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან თავსებადობის გაზრდა გადამწყვეტია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევის საქმეში.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო სწავლება „ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)